თამთა ჩაჩანიძე
24.07.2022

„მაიმუნის ყვავილი" გლობალურად უკვე 75 ქვეყანაში გამოვლინდა, საგანგაშოა შემთხვევების რაოდენობა - დაფიქსირდა ლეტალობაც, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ჯანდაცვბის ექსპერტები ამბობენ, მსოფლიო მასშტაბით 17 ათასამდე ინფიცირებული საგანგაშოა, ჯანმო კი ამ გადაწყვეტილებით ფრთხილობს, რათა ის სცენარი არ განმეორდეს, რაც კოვიდ-19-ის შემთხვევაში მოხდა.

ჯანმოს ინფორმაციით, „მაიმუნის ყვავილი" 75 ქვეყანაში დაფიქსირდა და უკვე 16 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეიესუსის ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების 5 შემთხვევაც და ეს გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღო, გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს საგანგებო კომიტეტში მომუშავე ექსპერტებს შორის კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად.

„ჩვენ გვაქვს ეპიდემია, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში გადაცემის ახალი გზების მეშვეობით, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა გვესმის და რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების კრიტერიუმებს", - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

ჯანდაცვის ექსპერტი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ჯანმო კორონავირუსის მაგალითის გამო, „მაიმუნის ყვავილის" შემთხვევაში ფრთხილობს, რადგან, ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოგონება რთულია, თან ვირუსს აქვს უნარი, რომ გაძლიერდეს, ან მუტაცია განიცადოს.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო „კორონავირუსისგან" შეშინებულია, თავიდან თითქოს ჩვეულებრივი ვირუსი იყო და პასაჟირება და მუტაცია რომ განიცადა, მერე უკვე რთული სურათი მივიღეთ. ნებისმიერი ვირუსული ინფეცქიის დროს ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოგონება ძალიან რთულია, მხოლოდ თითო-ოროლაა, მაგალითად „ცე" ჰეპატიტის.

„ჯანმომ ერთის მხრივ უკვე თადარიგი დაიჭირა, მეორეს მხრივ აბსოლუტურად მართალია, რადგან უკვე 16 000-ზე მეტი შემთხვევაა და ეს ცოტა არაა. ამ ეტაპზე ჩვენ ჯერჯერობით არაფერი გვემუქრება, თითქოს რაღაც შემთხვევები კი იყო, მაგრამ ეს დიდი რაოდენობა არაა და მეორეც, სახელმწიფო მეტ-ნაკლებად საზღვრებს აკონტროლებს. მთავარია, არ შემოვიდეს.

„ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ შესაძლოა პირბადეების ისევ ტარება დაგვჭირდეს მეთქი და საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პირბადის ტარება გუშინ და დღეს ხომ არ მოიგოინეს?! მსუბუქ გამოიყენებაზეა საუბარი და არა ის, რომ ადამიანი აბაზანაშიც პირბადით შევიდეს.

„ჯერჯერობით ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, დავაკვირდებით რა მოხდება. დაავადება ამ ეტაპზე ძალიან დამრთგუნველი არაა და ისეთი ძლიერი ვირულენტობა გამოხატული არაა. ჯერჯერობით გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც ვცხოვრობთ. ელემენტარული ჰიგიენის წესები დავიცვათ და პირბადე საავადმყოფოებში მაინც გავიკეთოთ", - განაცხადა მან.

კითხვაზე გადაცემის რა ახალი გზებზე შეიძლება საუბრობდეს ჯანმოს ხელმძღვანელი ხმალაძემ განაცხადა:

„ამბობენ, რომ შესაძლოა იყოს კონტაქტური, გადაცემის გზები არის ტრანსმისიული, როცა სისხლით, რესპირაციული გზით გადაეცემა - ხველების, ლაპარაკის, დაცემინების დროს და არის გადაცემის კონტაქტური გზა. ასევე, არის ფეკალურ-ორალური გადაცემის გზაც. მიკრობს იმდენი მუტაციის უნარი არ აქვს, რამდენიც ვირუსს. მიკრობი იგივე დარჩა, რაც ადრე იყო და არაფერი არ შეცვლილა, ვირუსები კი იცვლებიან.

„მაიმუნის ყვავილი" შეიძლება წავიდეს, როგორც ჩვეულებრივი, ან ა-ტიპიური გრიპი, შესაძლოა გარკვეული გამონაყარიც ჰქონდეს, ყველაფერი ინდივიდუალურია. ახლა ყველა შეშინებულია, უბრალო სიცხისა და გაციების სიმპტომებისთანავე ექიმს უნდა მიაკითხონ, განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ იმ კერებში იყვნენ, სადაც „მაიმუნის ყვავილი" ცირკულირებს", - განაცხადა ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×