თამთა ჩაჩანიძე
24.07.2022

უკრაინა დასავლეთისგან 100 კილომეტრზე მეტი რადიუსის ნაღმებს ითხოვს „ჰაიმარსებისთვის" და აცხადებს, რომ ასეთი იარაღი მინიმუმამდე შეამცირებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობას და ევროპაზე ეკონომიკურიზეწოლა ნაკლები იქნება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ეს საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტია, თუმცა, შესაძლოა აშშ-მა გადაცემაზე თავი შეიკავოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ პოზიციებზე დასარტყმელად ამჟამად 80 კმ-მდე სროლის რადიუსის რაკეტებს იყენებენ, შეერთებულმა შტატებმა 12 "ჰაიმარსის" სისტემა უკვე მიაწოდა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ოთხი ასეთი სისტემის გადაცემას აპირებს.

რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება უფრო სწრაფად დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რადიუსის ამერიკული „ჰაიმარსის" მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიაწვდის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა საკუთარ ,,ტვიტერზე" დაწერა.

,,მარტივი ლოგიკა: რაც უფრო შორს გაფრინდება ჰაიმარსის რაკეტები (100+ კილომეტრი), მით უფრო მალე დასრულდება ომი. ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი, ნაკლები ეკონომიკური ზეწოლა ევროპაზე, ნაკლები რუსეთისგან მიგრირებულები და საკვების შანტაჟი. „ჰაიმარსი" - რუსული ამპარტავნების მშვენიერი "გადამრთველი", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რასაც პოდოლიაკი ამბობს, უკრაინისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია, თუმცა, ეჭვობს, რომ აშშ ამას დასთანხმდება.

„პოდოლიაკის განცხადება არახალია, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოთხოვნაცაა, მათ სურთ, რომ რუსეთის ღრმა კომინიკაციური სისტემები მოშალონ, რათა რუსებმა შემდგომში წარმატებული შეტევითი ოპერაციები ვერ შეძლონ.

„ამ იარაღით სურთ, რომ უკრაინელებმა ჯერ პანიკა დათესონ და ლოჯისტიკური ზურგისა და მართვის ცენტრები გაანადგურონ. ეს საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტია, თუმცაღა, ამერიკელები ჯერ თავს იკავებენ, რომ 300 კილომეტრზე მსროლელი „ატაკ ემს" რაკეტები უკრაინელებს გადასცენ. ყოველ შემთხვევაში მე პირადად ეჭვი მეპარება, რომ ამ მანძილის რაკეტები მისცენ.

„ამერიკელებს ეშინიათ, რომ უკრაინელები ამ იარაღს რუსეთის შიდა ტერიტორიის დაბომბვისთვის გამოიყენებენ, რუსებს კი ამაზე საკმაოდ მწვავე და არაადეკვატური რეაგირება ჰქონდეთ. თუმცაღა, მალე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თუ არ ვცდები 16 ერთეული „ჰაიმარსი" ექნება. უკრაინელებს კიდევ 4-ჯერ მეტი ამ ტიპის იარაღი უნდათ. თუნდაც 80 კილომეტრამდე რადიუსის. 100 პლიუსი ნიშნავს, რომ 300 კილომეტრამდე რადიუსის „ჰაიმარსები" გაუგზავნონ" - თქვა ექსპერტმა.

ამბობს, რომ პუტინი რუსეთში ომს ამ დრომდე ე.წ. სპეცოპერაციად ასაღებს და თუ საომარი მოქმედებები რუსეთის შიდა ტერიტორიაზე გადავა, შესაძლოა უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს და მერე ბირთული იარაღიც გამოიყენოს.

„თუ მოქმედებები რუსეთის შიდა ტერიტორიაზე გადავა, შესაძლოა უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს და მერე შეიძლება ბირთვულ ტაქტიკური იარაღის ელემენტებიც გამოიყენოს. სამწუხაროდ ეს მომენტი აგრესიული ავტორიტარული რუსეთის მხრიდან სავსებით მოსალოდნელია.

„სხვა ქვეყანას ასეთი ტიპის შეიარაღება არ აქვს და რომც ჰქონდეს, ამერიკელების ნებართვის გარეშე მისი გადაცემა გამორიცხულია. ასეთი შეიარაღება მის მოკავშირეებსაც არ გააჩნიათ, ისინი თავიანთთვის ინახავდნენ.

„ახლა რუსები საპასუხოდ „ჰაიმარსებზე" აქტიურ ნადირობას დაიწყებენ, როგორც ვიცი 200-კაციანი სპეცდანიშნულების სიღრმისეული დივერსიული ჯგუფები უკვე გამოყოფილია, რომლებიც „ჰაიმარსებზე" უკვე ნადირობენ. რუსები ამ შეიარაღების გადაჭერისა და განადგურების ოპერაციებზე გადავლენ.

„ფრონტის ხაზზე ამ ეტაპზე რთული სიტუაციაა, რუსები დონეცკის რაიონში უტევენ, უკრაინელები ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევით ოპერაციებს გეგმავენ, პოზიციური ბრძოლების მთელი ციკლია. ჯერჯერობით არავითარი რადიკალური პოზიციური ცვლილებები არ შეიმჩნევა. როგორც ჩანს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება", -განაცხადა მაისაიამ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინისთვის დამატებით 270 მილიონი აშშ დოლარის ახალი დახმარების პაკეტი დამტკიცდა.ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ ერთეულ „ჰაიმარსის" ტიპის სარაკეტო გამშვებ სისტემას, 36 000 ერთეულ საარტილერიო ჭურვს, ჯავშანსატანკო სისტემებს და 580 ერთეულ „ფენიქს გოსთის" ტიპის დრონს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 8,2 მილიარდი აშშ დოლარია. კირბიმ ასევე დააკონკრეტა, რომ უკრაინას ახლა 20 ერთეული „ჰაიმარსი" ექნება. 16 ერთეული შეერთებული შტატებიდან, ხოლო ოთხი ერთეული სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×