თამთა ჩაჩანიძე
25.07.2022

შემოდგომით უკრაინა-რუსეთის ომში შესაძლოა კიევის სასარგებლოდ დიდი გარდატეხა მოხდეს - უკრაინული ოფიციალური პირების პროგნოზით, სექტემბრისთვის ქვეყნის შეიარაღებული ძალები თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადადიან, შედეგად ხერსონის ოლქს გაათავისუფლებენ. ამის პარალელურად ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, უკრაინის ოფიციალური პირების ოპტიმისტური პროგნოზის რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველი-ფსიქოლოგიური, მეორე ის, რომ აგვისტოს ბოლოსთვის უკრაინელები დასავლური ტიპის დამატებით მნიშვნელოვან შეიარაღებას ელოდებიან და მესამე, მობილიზაციის შედეგად ახალი უკრაინული შენაერთები წვრთნებს იმ დროისთვის უკვე დაასრულებენ.

რას აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის თანაშემწე სერგეი ხლანი პროგნოზირებს, რომ სექტემბრისთვის ხერსონის რეგიონს დაიბრუნებენ.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ხერსონის ოლქი აუცილებლად გათავისუფლდება სექტემბრისთვის და ოკუპანტების ყველა გეგმა ჩავარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ. შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვითი მოქმედებებიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ", - განაცხადა სერგეი ხლანმა, უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელები დამოუკიდებლობაზე უარს არასდროს იტყვიან და „ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, როგორც ეს არაერთხელ მოხდა, მაგრამ ახლა არა!"

„ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა გამოიარა, იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვისწავლეთ საუკუნეების განმავლობაში, უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე და ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, როგორც ეს არაერთხელ მოხდა, მაგრამ ახლა არა!ახლა ერთიანობის შენარჩუნება, გამარჯვებისთვის ერთობლივი მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, რომელსაც ჩვენ ყველა აუცილებლად შევასრულებთ და ამიტომ, ჩვენ შევძლებთ იმას, რაც წინა თაობებმა ადრე ვერ გააკეთეს.

„ეხება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩვენს თავდაცვას, ჩვენს კურსს ერთიანი ევროპისკენ, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ და ჩვენს უნარს, გავხდეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო.ახლა არავინაა, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება. არიან მხოლოდ ისინი, ვინც კამათობენ იმაზე, თუ როგორ მიაღწიონ ამას. ოკუპანტებიც კი აღიარებენ, რომ გავიმარჯვებთ.

„ჩვენ გვესმის ეს მათ საუბრებში მუდმივად, თუ რას ეუბნებიან საყვარელ ადამიანებს, როდესაც მათ უკავშირდებიან.ამიტომ, ჩვენ არ ვანელებთ ტემპს და როგორც ყოველ დღე ხუთი თვის განმავლობაში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მტერს მაქსიმალური დანაკარგი მივაყენოთ და რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ უკრაინისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

რა ხდება ფრონტის ხაზზე დღეს

უკრაინის გენშტაბის მორიგ ანგარიიში აღნბიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებით მტრის თავდასხმები მოიგერიეს.კერძოდ, კრამატორსკის მიმართულებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს თავდასხმა ბერესტოვოს - ივანო-დარიევკასა და ვერხნეკამენკას - ივანო-დარიევკას მიმართულებით, რითაც აიძულეს დამპყრობლები უკან დაეხიათ.

დამპყრობლებისთვის თავდასხმა ვერშინა - ლუგანსკოესა და ბახმუტის მიმართულებით მარცხით და უკან დახევით დასრულდა. სლობოჟანსკის მიმართულებით კი მტერი აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს პოზიციების შესანარჩუნებლად და უკრაინული ძალების საზღვრისკენ წინსვლის აღსაკვეთად. გენშტაბის ინფორმაციით, თავდასხმები გრძელდება სლავიანსკისა და ხარკოვის მიმართულებითაც.

დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმა გრძელდება. დღეს ღამით მტერმა ნიკოპოლის, დნეპროვისა და კრივოროჟსკი რაიონები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის სამხედრო რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.მისივე ცნობით, მტერმა 40 რაკეტა მხოლოდ ნიკოპოლის მიმართულებით გაუშვა. დარტყმების შედეგად დაშავდა 10 წლის გოგო, განადგურდა 6 კერძო სახლი და გაზსადენი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა."ჰაიმარსის" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინას რუსი ოკუპანტების განადგურებაში ეხმარება. მისი თქმით, უკრაინაში ამჟამად ყველაზე შორ მანძილზე მოქმედი სისტემა საბჭოთა „ტოჩკა-უ" არის, რომლის მაქსიმალური მანძილი დაახლოებით 120 კმ-ია, მაგრამ მისი რაოდენობა „ძალიან ცოტაა დარჩენილი".

ბუდანოვი ამბობს, რომ მიუხედავად რუსების მიერ გავრცელებული ცნობებისა, მათ არცერთი ჰაიმარსი არ დაუკარგავთ.

„თუ ჩვენ მივიღებთ შორ მანძილზე მოქმედ საბრძოლო მასალებს, ჩვენ მათ გამოვიყენებთ და რუსებმა იციან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ იარაღით მათ დასასრული ელით", - განაცხადა ბუდანოვმა.

ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე მორიგ ანგარიშსს აქვეყნებს ბრიტანული დაზვერვაც, მათი თქმით, დონბასისა და ხერსონის მიმართულებაზე ბრძოლა ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს, რუსული სარდლობა დილემის წინაშე აღმოჩნდა, ან გააძლიერებს თავდასხმას აღმოსავლეთით, ან გააძლიერებს თავდაცვას დასავლეთით.

კარგად დოკუმენტირებული საკადრო პრობლემების პარალელურად, რუსეთი, დიდი ალბათობით, განიცდის ათასობით დაზიანებული მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ პრობლემებს", - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.

ამასთან, დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ წყვეტს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამზე" წერს, რომ „პტ-91" ტვარდის ტიპის ტანკები პოლონეთიდან უკვე უკრაინაშია, იგი მეგობარ სახელმწიფოს მადლობას უხდის და განცხადებას პოლონეთიდან უკრაინაში ჩასული ტანკების ფოტოსაც ურთავს.

ოპტიმისტური პროგნოზის სამი მიზეზი

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, უკრაინის პოფიციალური პირების ოპტიმისტური პროგნოზის სამი მიზეზი არსებობს. პირველი ეს ნაწილობრივ ფსიქოლოგიური ომის ნაწილია, ასევე დასავლეთიდან მნიშვნელოვან შეიარაღებას ელოდებიან და მესამე, მობილიზაციის შედეგად ახალი უკრაინული შენაერთები წვრთნებს აგვისტოს ბოლოსთვის ასრულებენ.

„მართალია სხვა აქტორებიც არიან ჩართულები, მაგრამ ეს ლოკალური კლასიკური ომია, რომელსაც დამატებით რამდნიმე მდგენელი აქვს - ეკონომიკური, პოლიტიკუირ და ფსიქოლოგიური. აქ ფსიქოლოგიურ ომს საკმაოდ სერიოზული სგემენტი უჭირავს, ამ ნაწილისთვის უკრაინელები უფრო კარგად არიან მომზადებულები.

„ომის დაწყებამდე უკრაინელებს ფსიქოლოგიური ომის წარმოების ხუთ სპეციალური ცენტრი ჰქონდათ, რომლებიც ომამდე ადგილობეირვ სეპარატისტებს და რუსულ საინფორმაციო პროპოაგანდისტულ არხებს ეფექტურად ებრძოდნენ, ომის პერიოდში ეს ფსიქოლოგიური ბრძოლა უფრო მეტად ეფექტუირი აღმოჩნდა. ამიტომაც ზელენსკისა და ხერსონის წარმომადგენლის განცხადებები შეიძლება ჩაითვალოს, რომ ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

„ამასთან, მეორე მომენტი - უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ აგვისტოს ბოლოს დასავლური სერიოზული ტიპის შეიარაღებას , მათ შორის „ჰაიმარსების"30 ერთეულ კომპლექსს მიიღებს, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დასავლეთიდან გარკვეული სამხედრო ავიაციის კომპონენტებიც მიიღონ.

„რაც ყველაზე საინტერესოა, უკრაინელები ელოდებიან, რომ გერმანიიდან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის „ირის-ტე" სისტემებს მიიღებენ, ის საშუალებას მისცემს, რომ კიევი და რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვბანი ობიექტები საკმაოდ ძლიერად გადაკეტონ და ამით რუსეთის ავიაციას და რუსუსულ საჰაერო კოსმოსურ ძალებს ეს ინიციატივა ჩამოართვან.

„ეს წინაპირობები კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმის საშუალებას მისცემს, რომ კონტრშეტევაზე გადავიდნენ და რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკან დაახევინონ.

„მესამე ფაქტორი კი ისაა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები როგორც ჩანს მობილიზაციის შედეგად შექმნილ ახალი საბრძოლო შენაერთების წვრთნებს დაასრულებენ, რომელიც ივნის-ივლისის პერიოდში მიმდინარეობს, ნაწილი წვრთნებს ნატოს ქვეყნებში გადის, ნაწილი კი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე.

„ამის შედეგად, ახალი უკრაინული საბრძოლო შენაერთების ჩამოყალიბებაზეა საუბნარი, რომლიც შესაბამის ოპერატიულ-ტაქტიკურ შენაერთებში გადაჯგუფდებიან, რაც უკრაინული შიარაღებული ძალების პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს. ახლა ფრონტზე სიტუაცია იგივეა, სერიოზული ცვლილებები არ შეინიშნება, პოზიციური ბრძოლები მიდის მეტ-ნაკლები წარმატებით.

„სრულმასშტაბიანი კონტშეტევისთვის შესაძლოა 30 "ჰაიმარსიც" საკმარისი იყოს, შეიძლება ოთხმოციც, ეს უკვე უკრაინის შეიარაღებულ ძალებზეა დამოკიდებული, გააჩნია როგორ გამოიყენებენ."- განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×