თამთა ჩაჩანიძე
25.07.2022

ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსეთი საიმედო ენერგომიმწოდებელი არაა და ევროკავშირი ადრე თუ გვიან რუსული გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით მზად უნდა იყოს. ამასთან, ევროპის მხრიდან ალტერნატიული ბაზრების მოძიება უკვე მიმდინარეობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვლადიმერ პუტინისგან ყველაფერი მოსალოდნელია და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით შესაძლოა 2022 წლის ზამთარი განსაკუთრებით კრიზისული აღმოჩნდეს, რადგან რუსეთს ენერგორესურსი გეოპოლიტიკურ იარაღად აქვს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ადრე თუ გვიან მზად უნდა იყოს რუსული გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტაზე, რადგან რუსეთი საიმედო ენერგომიმწოდებელი არ არის.

როგორც ლეიენი ამბობს, იმისთვის, რომ რუსული გაზის მიწოდების შედეგები შემსუბუქდეს, ევროკავშირი მომავალი წლის მარტამდე გაზის მოხმარების 15%-ით დაზოგვას გეგმავს.

„კრემლი არ არის საიმედო პარტნიორი ენერგომომარაგების მიმართულებით ევროპისთვის. „გაზპრომი" შეგნებულად ინარჩუნებს თავის მარაგებს დაბალ დონეზე. ამასთანავე, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ აწვდის გაზს ან საერთოდ არ აწვდის 12 წევრ სახელმწიფოს. ამიტომ უნდა იყოს ევროპა მზად უარესი სცენარისთვის: ადრე თუ გვიან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის.

„ეს 45 მილიარდი კუბური მეტრი გაზია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ახლა, რადგან რამდენად სწრაფადაც ვიმოქმედებთ, მით მეტ გაზს დავზოგავთ - და მეტად უსაფრთხო ვითარებაში აღმოვჩნდებით",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „დპა"- სთან ინტერვიუში.

ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ რუსეთის მიერ ბუნებრივი არის შეწყვეტის პოტენციური საფრთხის გამო, ახალი გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებმა 2023 წლის მარტის ბოლომდე გაზის მოხმარება 15%-ით უნდა შეამცირონ, 2016-2012 წლების საშუალო მოხმარებასთან შედარებით.

როგორც ევრ9ოკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, ევროპის 12-მდე ქვეყანას უკვე ნაწილობრივ ან სრულად შეუწყდა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსეთს დიდი ნახია ენერგორესურსები გეოპოლიტიკურ იარაღად აქვს ადაქცეული და არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე წლის ზამთარში ევროპულ ქვეყნებს გაზი გაუთიშოს, ამიტომაც მიიჩნევს, რომ ალტერნატიული ბაზრები აუცილებელია.

„ეს დიდი ხნის პრობლემაა, რომელზედაც დასავლელი მოკავშირეები ევროპელებს აფრთხილებდნენ და სანამ უკრაინაში ომი არ დაიწყო, მანამ ისეთი პოლიტიკა ჰქონდათ. განსაკუთრებით გერმანიას, ის პირიქით, იქითკენ იყო მიმართული, რომ ევროპაში რუსული გაზის ექსპორტისთვის ხელი შეეწყო.

„ახლა კი ამ ომის დაწყების შემდგომ სიტუაცია შეიცვალა, რადგან ევროპელები ხედავენ, რომ რუსულ ენერგობაზარზე ზედმეტი დამოკიდებულება მათ ენერგოუსაფრთხოებას სერიოზულ პრობემებს უქმნის. ამ კუთხით, ეს წელიწადი ალბათ ძალიან კრიზისული იქნება, რადგან აშკარად ზოგიერთი ქვეყანა ასეთ მოკლე დროში რუსულ ენერგობაზარზე საბოლოოდ უარის თქმას ვერ მოახერხებს.

„თუმცაღა სადღაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს პრობლემა დაძლევადი იქნება, უბრალოდ ამას დრო და ალტერნატიული ბაზრების მოძიება სჭირდება, რომელიც უკვე მიმდინარეობს. საინტერესო იყო ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ბაქოში ვიზიტი, ასევე სხვა ქვეყნებშიც ცდილობენ, რომ ალტერნატიული წყაროები გააჩინონ.

„ამას დრო სჭირდება, მაგრამ ეს არდაუვალი პროცესია, რომელიც უკან აღარ დაბრუნდება და შეუქცევადია. არაა გამორიცხული, რომ წელს შუა ზამთარში რუსეთმა გაზი იმ ქვეყნებს გაუთიშოს, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული. პროვოკაციები მოუწყოს და თქვას, რომ რაღაც ტექნიკური მიზეზები იყო, ან რაღაც დაზიანდაო.

„გვახსოვს, რომ საქართველოსაც კრიზისულ პერიოდში გაუთიშეს, ვიყინებოდით და მერე რაღაცა ტექნიკური პრობლემებისთვის გადაუბრალებიათ. მაგალითად რუსული გაზი ახლა რაღაც პერიოდი იყო გათიშული, სანამ კანადელებმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის" ტურბინა არ დააბრუნეს.

„ეს ყველაფერი პოლიტიკურად ორიენტირებულია და ყველაფერი პუტინის ნებაზეა დამოკიდებული, მას ნებისმიერ წუთში შეუძლია გადაკეტოს. რუსეთის ხელში ენერგორესურსი დიდი ხანია გეოპოლიტიკურ იარაღად იქცა და ეს დასავლეთშიც მშვენივრად ესმით."- განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში სიტუაცია კიდევ უფრო უარესობისკენ წაუვიდა, შესაძლოა ზამთარში ევროპის ქვეყნებიგაზით დააშანტაჟოს.

„თან თუ უკრაინაში სიტუაცია რუსეთს უფრო გაუარესებისჯენ წაუვიდა, მაშინ ევროპას შეიძლება კიდევ უფრო მეტად აგრძნობინოს, როგორც კი ზამთღის სეზონი დაიწყება. ფასები ისედაც მომატებულია და კიდევ უფრო მოიმატებს. მიზანი ისაა, რომ ამით დასავლეთ ევროპის მოსახლეობაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს, რომ ანტისამთავრობო ქმედებებისკენ წააქეზოს, რომლის აზრი სწორედ ის იქნება, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა შეამცირონ, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური ტიპის",-განაცხადა კაკაჩიამ.

კრემლმა გასულ თვეში ტექნიკური გაუმართავობის მოტივით „ჩრდილოეთის ნაკადით" ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა, მათ განუცხადეს, რომ გერმანიას ის ტურბინა უნდა დაებრუნებინა, რომელიც გასარემონტებლად კანადაში ჩაიტანეს. მიმდინარე თვქეს კი კანადამ განაცხადა, რომ გერმანიას რუსული გაზსადენის ტურბინას დაუბრუნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×