თეონა ვეშაგური
26.07.2022

საქართველოს პოლიტიკური ელიტა აპირებს, ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას, ცალ-ცალკე გაუმკლავდეს. ოპოზიციის დიდი ნაწილი არ შედის „ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ინიცირებულ პროცესში, რომლის მიზანიც ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის შესრულებაა და ცალკე ფორმატს ქმნის, სადაც იწვევს აკადემიურ წრეებს, არასამთავრობოებს, დიპკორპუსსა და საერთაშორისო ექსპერტებს.

„ნაციონალური მოძრაობის", „სტრატეგია აღმაშენებლისა" და „ლელოს" მიერ ცალკე სამუშაო პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას „ოცნებაში" „პოლიტიკურ თვითშემოქმედებას" უწოდებენ. ამბობენ, რომ ეს აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. ამ განცხადებებს უკვე უპასუხეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

„ნათელია, რომ ტექნიკური მთავრობის ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახლა ტექნიკური პარლამენტის პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილებასთან სახიფათო თამაში," - ასე შეაფასა ოპოზიციის ნაწილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია 12 პუნქტზე მუშაობა

„... დავუბრუნდეთ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მუშაობს პარლამენტი. ეს გახლავთ 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, სადაც სასამართლოსთან დაკავშირებით ორი მომენტია მნიშვნელოვანი. პირველი, რეკომენდაციაა, რომ ჯერ შემუშავებული იქნას სასამართლო რეფორმის სტრატეგია და შემდეგ ამ სტრატეგიის საფუძველზე შემუშავდეს შესაბამისი პროექტები და განხორციელდეს საკანონმდებლო რეფორმა. იცით, რომ ჩვენი გრაფიკის მიხედვით სტრატეგია შემუშავებული იქნება პირველ ოქტომბრამდე, ხოლო პირველ ნოემბრამდე შესაბამისი ცვლილებები დაინიცირდება.

ეს არის სწორედ პროცესი, რომელსაც ჩვენგან მოელის ევროკავშირი. ეს იქნება ფაქტებზე, არგუმენტებზე დაფუძნებული საგნობრივი დისკუსია, რომლის საფუძველზეც იქნება მოძებნილი გადაწყვეტის გზები.

თუკი ჩვენ ვიქნებით გულწრფელი საკუთარი თავისა და პროცესების მიმართ, ვნახავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" სამეულს - „ნაციონალურ მოძრაობას", „ლელოს" და „სტრატეგია აღმაშენებელს" და დანარჩენ პარტიებს პარლამენტში სხვადასხვა მიზანი გვაქვს. იმ ხუთი საპარლამენტო ჯგუფის მიზანი, რომელიც ჩართულია საპარლამენტო პროცესში, არის კანდიდატის სტატუსის მიღება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის" სამეულის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა.

ეს არის ფუნდამენტური სხვაობა მიზნებში და თუკი საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, პირდაპირ ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობის" სამეულის ინტერესს. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ყველანაირად ხდება პროცესის ტორპედირება, რათა რამენაირად შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოში არის უთანხმოება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და ამით საბოლოო ჯამში, დააზიანონ კანდიდატობის პერსპექტივა," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ბრალდებებს უკვე გამოეხმაურნენ ამ ბრალდებების ადრესატები. „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ისურვებდა შალვა პაპუაშვილი გამოვიდეს „ქართული ოცნების" სპიკერის ჩარჩოდან და პარლამენტის სპიკერად გადაიქცეს. მისივე თქმით, იგი პარტიულ ნაჭუჭშია დარჩენილი, რაც ძალიან ცუდი საყურებელია.

„მისი ეს განცხადებაც და ფიქრებიც აჩვენებს, რომ ის არის პარტიულ ნაჭუჭში დარჩენილი, რაც ძალიან ცუდი საყურებელია, როდესაც ოფიციალურად უკავია პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსი," - ამბობს ნაცვლიშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქრთული ოცნების" ფუქსავატობა საბოლოო ჯამში გამომჟღავნდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„ეს ცალსახად მიუთითებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან ჩვენ ზეინკლუზიური პროცესი შევქმენით. სამოქალაქო სექტორი, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ექსპერტები, ყველასთან ერთად ვმუშაობთ და მართლაც ჩვენი დევიზია - საქმე ლაპარაკის ნაცვლად. მათგან განსხვავებით, რომლებმაც შექმნეს ფეიკ პროცესი, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ და ახლა გაიჭედნენ. სექტემბრისთვის ჩვენ ყველა კანონი დაწერილი გვექნება, მათ კი გაკეთებული არაფერი ექნებათ. დღევანდელი ფორუმიც ძალიან ნათელი მაგალითია „ქართული იცნების" დამოკიდებულების. როგორ უცხადებენ ისინი ბოიკოტს კონსტიტუციას, კანონებს და აბსოლუტურად ყველა პროცედურას, კონსტიტუციას არღვევენ და შალვა პაპუაშვილს ჯერ ბოდიში უნდა მოეხადა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის გამო, რომ რიგგარეშე სესია არ მოიწვია. ამიტომ პაპუაშვილს მადლობა ამ შეფასებისთვის, რადგან სწორ გზაზე ვდგავართ. ვიღაცამ საქმე ხომ უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში, ეს დღეს ჩვენ ვართ. როგორც ჩანს, შიში ოხერია, პაპუაშვილს ძალიან ეშინია.

„საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და მათი ფუქსავატობა საბოლოო ჯამში გამომჟღავნდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. კონსტიტუციით შემიძლია აქციაც გავმართოთ, პროტესტიც გავმართოთ, ყველაფერი გავაკეთო და ვინ შემიზღუდა? ვინ ოხერია შალვა პაპუაშვილი რომ მე შემიზღუდის რამე ქმედება, რა უფლება აქვს?! კონსტიტუციას ჩვენ ყოველთვის ვიცავთ. ისინი კი არღვევენ კონსტიტუციას და ამბობენ, რომ ჩვენ ვართ კონსტიტუციაო," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×