თეონა ვეშაგური
27.07.2022

გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციის ნაწილს თანამშრომლობა არ სურს ხელისუფლებასთნ. ამ სამ პარტიას, „ლელოს, „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „ნაციონალურ მოძრაობას" გამოკვეთილი აქვს საკუთარი პოზიცია, სურთ, რომ 12 პუნქტის საკითხზე მუშაობამ ასწიოს მათი პოლიტიკური ქულები. - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი იგორ კვესელავა საუბრობს. მისი თქმით, თუ დავუშვებთ, რომ ეს პარტიები ითანამშრომლებდნენ ხელისუფლებასთან, მათ არ ექნებოდათ არავითარი სარგებელი, რადგან ერთობლივი პროექტი „ქართული ოცნების" სახელით გავიდოდა საერთაშორისო ასპარეზზე და ამ თანამშრომლობას ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიქვამდნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების დამსახურებას.

„ბუნებრივია, ოპოზიციის ეს ნაწილი მუშაობას არ დაიწყებდა „ქართულ ოცნებასთან" ერთად. ამაში ვერაფერს ვხედავ გასაკვირს. ამ სამ პარტიას გამოკვეთილი აქვს საკუთარი პოზიცია, სურთ, რომ 12 პუნქტის საკითხზე მუშაობამ ასწიოს მათი პოლიტიკური ქულები. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იწყებენ ბრძოლას რათა რეკომენდაციები შესრულდეს სხვა მიმართულებით.

„თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ეს პარტიები ითანამშრომლებდნენ ხელისუფლებასთან, მათ არ ექნებოდათ არავითარი სარგებელი, რადგან ერთობლივი პროექტი „ქართული ოცნების" სახელით გავიდოდა საერთაშორისო ასპარეზზე და ამ თანამშრომლობას ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიქვამდნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების დამსახურებას. სწორედ ეს არ უნდათ ამ პარტიებს. ამის გამო გაჩნდა მეორე პლატფორმა, არ სურთ, მთავარი გახდეს „ოცნება". დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ შედარებით რადიკალური იქნება მათი 12 პუნქტის შესრულების გეგმა, უფრო მეტად წამოიწევა ოლიგარქიის, პოლარიზაციისა და სხვა საკითხები.

„ამასთან, ხელისუფლებასა და ოპოზიციის რადიკალურ ჯგუფს შორის 12 პუნქტთან დაკავშირებით არის სხვადასხვა დამოკიდებულებები. ჩვენ ვიხილავთ განსხვავებულ მიდგომებს რეკომენდაციების მიმართ. საინტერესო იქნება რომელს დაუჭერს მხარს ევროპა და რომელი პროექტი იქნება უფრო მისაღები მათთვის", - განაცხადა კვესელავამ.

ანალიტიკოსის აზრით, ნაყოფიერი და შედეგისმომცემი მუშაობისათვის აუცილებელია გარკვეული კომპრომისები როგორც „ქართული ოცნების" ისე ოპოზიციის მხრიდან.

„ვფიქრობ, რომ აღნიშნული პუნქტების შესასრულებლად აუცილებელია გარკვეული კომპრომისები პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ამ სიტუაციაში, მეტი დათმობა მართებს ხელისუფებას, სწორედ ეს არის დიპლომატია. თუ პოლიტიკოსი ხარ და რაიმე გესმის დიპლომატიის უნდა დათმო მეტი ვიდრე ოპოზიცია თმობს. ეს ვერ ისწავლეს „ოცნებაში", ისინი მიდიან ლანძღვით, ძალის დემონსტრირებით და ასე არ გამოვა.

„როგორ შეიძლება პოლიტიკოსის მხრიდან ის დამოკიდებულება, რაც მმართველი გუნდის ზოგიერთ წევრებს გააჩნიათ ჟურნალისტებისა თუ სხვების მიმართ? - პირიქით, თუ ასე გააგრძელეს მკვეთრად დაეცემა მათი რეიტინგი. მაგალითად ირაკლი კობახიძე, არადიპლომატიურია ყოველი მისი გამოსვლა და სიტყვა, რაც ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ოცნებამ მეტი უნდა დაუთმოს ოპოზივციას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ რაც არ უნდა ბევრი დაეთმოთ მათ, ეს სამი პარტია, მაინც არ ითანამშრომლებდა ხელისუფლებასთან. არაფირია გასაკვირი, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ებრძვის ერთმანეთს, ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისათვის. ამიტომ, ამ მიმართულებით შემოდგომა იქნება ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ საქართველოში არ დალაგდა პოლიტიკური პროცესები, ვერ მივიღებთ სტატუსს. ეს უნდა იცოდნენ მათ. საქმე რაშია, ვის აწყობს კანდიდატის სტატუსის მიღება? - რა თქმა უნდა „ოცნებას" . რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ქულებს დაიწერენ თუ „საქართველომ ვერ მიიღი აღნიშნული სტატუსი. ამაშია საქმე, ამიტომ მიდის ეს პროცესები ქვეყანაში. ეს არის პოლიტიკური დუელი და ცნობილი ტაქტიკა.

„გარდა ამისა, მინდა განვაცხადო, რომ „ქართულ ოცენებას" არ ჰყავს მოაზროვნე, დიპლომატი და მომზადებული პოლიტიკოსები, რომ ამ სიტუაციაში ოპოზიციას ის შესთავაზონ რაც მისაღები იქნება მათთვის.

„ ყველაფერი ეს კი მიმდინარეობს უკრაინისა და საქართველოს მთავრობების გართულებული ურთიერთობების ფონზე. ამას მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის. რადგან ისინი მხარდამჭერები არიან უკრაინის ხელისუფლების, ამ დროს კი უკრაინელები აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ ევროპული აზრიც. ამ პროცესების ფონზე, უნდა გაირკვეს არის თუ არა „ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ჯგუფი რომელიც უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, თუ საჭიროა ვადამდელი არჩევნები, რომ გადადგეს ხელისუფლება როგორც სხვა ქვეყნებშია მიღებული.

„მე მგონია, რომ აუცილებელია კოალიციური ხელისუფლება, რაზეც არ საუბრობენ. „ოცნება" ფიქრობს, რომ კოალიციური მთავრობა დაანგრევს, რაც სულაც არ არის ასე, პირიქით ეს დაეხმარებათ შეინარჩუნონ ძალაუფლება". - განაცხადა ანალიტიკოსმა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×