თამთა ჩაჩანიძე
27.07.2022

ივანიშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ის აბსოლუტურად გულწრფელი ადამიანია და დღემდე შესაბამისი დაფასებაც აქვს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას განაცხადა, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ ტექსტი საკმაოდ თამამია.

„ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ის აბსოლუტურად გულწრფელი ადამიანია და გარკვეული ინტრიგები, რომელიც პოლიტიკურ სივრცეს ახასიათებს ხოლმე მისთვის უცხოა. ის, რომ მან ამერიკის ელჩი ტყუილში ამხილა, ამას დიდი გაბედულება უნდა, მაგრამ როდესაც სამშობლოზე შეყვარებული ადამიანისთვის პრიორიტეტი სამშობლო-საქართველოა და სხვა დანარჩენი შემდეგია, ეს მისგან ნამდვილად გასაკვირი არაა.

„ის პირდაპირობა და უშულობა, რაც მან გამოაჩინა, იმაზე მეტყველებს, რომ დეგნანის ბოლო განცხადებით საკმაოდ გაღიზიანებულიც კი იქნებოდა. გვახსოვს, რომ მას მერე, რაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მხოლოდ გიორგი გახარიას გამოეხმაურა, როცა ყოფილი პრემიერის გარემოცვა ამბობდა, რომ თითქოს მისი ახალი პარტია „ოცნების" გარკვეული პროექტი იყო. მაშინაც ივანიშვილმა საზოგადოებას ღია წერილით მიმართა.

„კრიტიკის ქარცეცხლი, რომელიც ახლა მის გარშემო ტრიალებს, გასაგებია, ახალი არაა. ასევე ძალიან ხაზგასასმელია ის, რომ შვეიცარიულ ბანკთან მისი პირადი კომერციული დავა, თავის პირად საქმედ არჩია და საზოგადოებას უთხრა, რომ ეს ორი თემა ერთმანეთში არ გარიონ, რომ ერთ კონკრეტულ ბანკთან კონკრეტული დროებითი პრობლემები არ ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს რამე ემუქრება.

„საკმაოდ თამამი წერილი იყო, თუმცა, ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად უშუალო და გულწრფელია და დღემდე საზოგადოებაში შესაბამისი დაფასებაც აქვს. ათი წელი გავიდა და საზოგადოება იმ მიღწევებს ისევ აფასებს რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გააკეთა. საზოგადოება აფასებს, როგორც ივანიშვილის საზოგადოებრივ, ისე მის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ქველმოქმედებას, რაც არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა და „ნაცმოძრაობის" დამარცხება იყო",- განაცხადა მან.

აბაშიძე ოპოზიციის იმ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელიც ივანიშვილის წერილს მოჰყვა.

„ეს ანტიდასავლური განწყობების გაღივება არანაირად არაა, ოპოზიციას რატომღაც ავიწყდება, რომ საზოგადოება ინტერნეტით თუ სხვადასხვა ციფრული მედიით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეცნობა, მაგალითად ფრანგმა პოლიტიკოსმა, რომ გერმანელი პოლიტიკოსი გააკრიტიკოს, ეს ანტიდასავლური, ან ანტიევროპული განცხადება არ იქნება. კრიტიკის უფლება ყველას აქვს, დასაჯარო სივრცეში ტაბუდადებული არცერთი თემა არ არსებობს. ოპოზიცია თავის უპასუხისმგებლობას ავლენს, როგორც მას სჩვევია",- განაცხადა აბაშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×