თეონა ვეშაგური
28.07.2022

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქართველ პოლიტიკოსებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერებმა გვერდზე გადადონ უთანხმოება და გაერთიანდნენ საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური მომავლის სახელით. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამერიკის ელჩის მთავარი მოწოდება პოლარიზაციის დასრულება და პოლიტიკოსთა ერთობლივი მუშაობაა - მაგრამ საკითხავია რამდენად გაითვალისწინებენ მის მოწოდებებს მხარეები.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზოგადად, დასავლელი პარტნიორები ერთხმად მოუწოდებენ ქართველ პოლიტიკოსებს დაასრულონ პოლარიზაცია და შეძლონ ერთობლივი მუშაობა, მაგრამ, ისევე როგორც აქამდე, კვლავ პოლარიზებული დარჩება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი.

„არამარტო ამერიკის ელჩი, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ერთხმად მოუწოდებენ ქართველ პოლიტიკოსებს დაასრულონ პოლარიზაცია და შეძლონ ერთობლივი მუშაობა, ასეთი მოწოდებები ადრეც კეთდებოდა. სამწუხაროდ, დღემდე არ გამოიღო შედეგი ამ შეგონებებმა და ეჭვი მაქვს, არც მომავალში მოხდება ეს.

„აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ პოლარიზაცია აწყობს როგორც „ნაციონალურ მოძრაობას" ისე „ქართულ ოცნებას". ფიქრობენ, რომ მათთვის უკეთესია, მაგრამ, სულაც არ არის ასე. აქედან გამომდინარე, რამდენი მოწოდებაც არ უნდა წამოვიდეს დასავლელი პარტნიორებისგან, შედეგი იქნება იგივე, რაც აქმდე იყო. უფრო მეტიც, საექსპერტო წრეებისა და მედიის წარმომადგენლები საუბრობენ, თითქოს პოლარიზაციაა დასავლეთის ქვეყნებშიც, ეშლებათ, იქ არის კონკურანცია.

„პოლარიზაციასა და კონკურენციას შორის ვერ ხედავს განსხვავებას ეს ხალხი. როდესაც საუბარია ქვეყნის ზოგად ინტერესებზე, დასავლეთის ქვეყნებში კონკურენციის გარეშე თანხმდებიან ყველაფერზე.

„ქართული პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოების უმრავლესობა, ვერ ხედავს რეალობას, ან ცდილობს ისე წარმოაჩინოს ყველაფერი როგორც მათთვის არის ხელსაყრელი. შესაბამისად, ამერიკის ელჩის მოწოდებები დარჩება მოწოდებად, ქართული პოლიტიკური სპექტრი კი პოლარიზებული". - განაცხადა ძაბირაძემ.

როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, დეგნანი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ევროატლანტიკური მომავლისთვის ერთობლივ მუშაობას ურჩევს.

„ამერიკის ელჩის მთავარი მოწოდება კვლავ პოლარიზაციის დასრულება და ერთობლივი მუშაობაა, იმ რეკომენდაციებზე რაც ევროსაბჭოსგან გვაქვს მიღებული, რათა საბოლოოდ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ადრეც გვახსოვს ეს მოწოდებები, თუმცა, საკითხავია რამდენად გაითვალისწინებს ამას ჩვენი პოლიტიკური სპექტრი", - განაცხადა საყვარელიძემ.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვისას, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეს პარტიებმა, როცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად სხვადასხვა სავალი გზა აირჩიეს, პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ ევროპული, უფრო დემოკრატიული, უფრო აყვავებული და უფრო უსაფრთხო მომავალი აირჩია და ამ მომავალს აფერხებენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უფრო მეტ დროს ხარჯავენ ერთმანეთზე თავდასხმაზე, ვიდრე საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობაზე.

„ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის აღსანიშნავად საქართველოს ყველა რეგიონში ვმოგზაურობ, რათა უშუალოდ შევხვდე ხალხს. რაც მესმის ადამიანებისგან, ვისაც ვხვდები, არის ის, რომ ისინი ძალიან დაიღალნენ და იმედგაცრუებულები არიან პოლარიზაციის გამო.

„საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ აირჩია ევროპული მომავალი, უფრო დემოკრატიული, უფრო აყვავებული, უფრო უსაფრთხო მომავალი. ამ მომავალს აფერხებენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უფრო მეტ დროს ხარჯავენ ერთმანეთზე თავდასხმაზე, ვიდრე საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობაზე, როგორიცაა, მაგალითად, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, გაზრდილი ფასები და განათლება. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა საქართველოს გზა ევროკავშირისაკენ და ქვეყნის საუკეთესო ინტერესები მათ პარტიულ უთანხმოებაზე წინ უნდა დააყენონ.

„ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. როგორც არაერთხელ ვთქვით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერებმა გვერდზე გადადონ უთანხმოება და გაერთიანდნენ საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური მომავლის სახელით.

„იმედი მაქვს, რომ გამჭვირვალე, ინკლუზიური პროცესების მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების ჩართულობით, მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები შეიმუშავებენ კონკრეტულ, პრაქტიკულ წინადადებებს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის რეკომენდაციებს. საბოლოო ჯამში, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე იქნება დამოკიდებული, რომ შეთანხმდნენ იმ საკითხებზე, რაც საუკეთესო იქნება ამ მიზნის მისაღწევად.

„რეალური წარმატება, რომელიც გამოხატავს ერთგულებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარმართული პროცესისადმი, მოიცავს დისკუსიებსა და კომპრომისებს ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან. დემოკრატია არის კომპრომისი და კონსენსუსის მიღწევა, რათა ყველამ შეძლოს საბოლოო შედეგის მხარდაჭერა. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, დემოკრატიები, რომლებმაც შეძლეს ერთად მუშაობა, ყველაზე ძლიერი აღმოჩნდნენ", - განაცხადა დეგნანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×