თეონა ვეშაგური
28.07.2022

„სიტუაციის გაუარესებას არ ველოდებით ზაფხულში, ეს მოხდება, ალბათ, უფრო შემოდგომის პერიოდში, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში იმატა ინფიცირების რიცხვმა, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოშიც" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს და მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რისკჯგუფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეტ-ნაკლებად გაუარესებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში, თუმცა, მკვეთრი გაუარესება არ მომხდარა. როგორც გვეგონა, თითქოს გადაიტვირთებოდა სამედიცინო სექტორი. უმეტესად კონტროლირებადია მკურნალობა ახალი მედიკამენტების დახმარებით და მიმდინარეობს ბინაზე, ანუ არ ხდება ჰოსპიტალიზაცია.

„რეალურად, სახელმწიფოს გააჩნია ეპიდვითარების მართვის საშუალება იმიტომ, რომ არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც არის საკმაოდ ეფექტური და გვიცავს დამძიმებისგან. ამასთან, თავად ომიკრონის ამ შტამს არ აქვს მძიმე მიმდინარეობა.

„სიტუაციის გაუარესებას არ ველოდებით ზაფხულში, ეს მოხდება, ალბათ, უფრო შემოდგომის პერიოდში. ამიტომ უნდა ვიყოთ მზად, პირველ რიგში გავიკეთოთ აცრა. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებთ ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. მათთვის, ვინც რისკჯგუფს მიეკუთვნება" - განაცხადა გოგინავამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში კოვიდინფიცირების 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 508 ადამიანი, გარდაიცვალა 5 ინფიცირებული. ინფიცირების 5 904 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.დადებითობის მაჩვენებელი 13,81%-ია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით მთელ მსოფლიოში გრძელდება „კოვიდ" -ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მატება. ა.წ. 20 ივლისს მსოფლიოში კოვიდ-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა (მათ შორის აშშ-ში - 367, ბრიტანეთში - 144, ისრაელში - 27 და ა.შ.). ეს იმათ საყურადღებოდ, ვინც ომიკრონის შტამებით გამოწვეულ კოვიდ-ს სერიოზულად არ აღიქვამს.

„საქართველოშიც ბოლო პერიოდში აღინიშნება ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ საბედნიეროდ გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე რჩება მინიმალურ (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ) ნიშნულზე, რაც განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ, არიან ადამიანები (საბედნიეროდ დიდი უმცირესობა), რომლებსაც აღიზიანებთ ეს სიტუაცია?! და ისეთებიც არიან, რომლებიც ავადობის და შესაბამისად გარდაცვალების შემთხვევების მატების დროს ჯანდაცვის სისტემას და ექიმებს ლანძღავენ. ხოლო მაშინ, როცა ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს, ცდილობენ ეს ფაქტი არ შეიმჩნიონ ან თვლიან, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების დამსახურება კი არ არის, არამედ უბრალოდ გვიმართლებს?! რას ვიზამთ, ეს ადამიანებიც ჩვენი სინამდვილის ნაწილია და მათთან თანაცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ.

„კოვიდი არსად წასულა და სავარაუდოდ კარგა ხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდ-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილით კოვიდ-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.

„ამის გარანტია ვაქცინაციით მოცვის გაზრდასთან ერთად (ბუსტერ დოზების ჩათვლით) არის დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. ბოლო თვეების მანძილზე არცერთი ავადმყოფი, მათ შორის ხანდაზმული ასაკის და/ან მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებიც კი დიაგნოსტიკის და მკურნალობის დროულად ჩატარების შემთხვევაში არ დამძიმებულება და მითუმეტეს არ გარდაცვლილა.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული კოვიდ-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ კოვიდ ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და მისი დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები.

„ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ კოვიდ-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

„მინდა, დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა კლინიკას და პაციენტებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი და რემდესივირი და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის მედიკამენტები (ივერმექტინი, ფლუვოქსამინი (ფევარინი), ფავიპირავირი, კოლხიცინი და სხვ.) რომელთა ეფექტი არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ სერიოზული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) ნებართვა. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით ავადმყოფის სიცოცხლეს" - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×