თამთა ჩაჩანიძე
04.08.2022

ივანიშვილს ოლიგარქის სტატუსი არც ჰქონდა და ვერც ექნება, ოლიგარქი კლასიკური გაგებით ქვეყნის ძარცვის ხარჯზე მდიდრდება. ამ შემთხვევაში კი ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საქართველოს არაერთი სფეროს გადარჩენისთვის მილიარდები დახარჯა. ტერმინი „ოლიგარქი" მიესადაგება კეზერაშვილს, სააკაშვილს, ადეიშვილს და სხვებს, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის, ქვეყნის ქონების ძარცვის შედეგად გამდიდრდნენ და პოლიტიკასა და მედიაში ერევიან, რაც ივანიშვილს აბსოლუტურად არ ახასიათებს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და პოლიტიკოსების განცადებებზე კომენტირებისას.

„რეზონანსი": რას ფიქრობთ „მოქალაქეებისა" და „გირჩის" ერთობლივ განცხადებაზე, სადაც მიიჩნევენ, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

გია აბაშიძე: ყველა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება და მმართველი პარტია ამას გაიზიარებს. ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან გავა, მე მგონი თავად „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ. ის პოლიტიკიდან დე ფაქტოდ თუ დე იურედ გავა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, სასჯელს მაინც მოიხდის. ის პატიმარია და არა ის სუბიექტი, როგორც თავად ჰგონია, რომ პოლიტიკაში დიდი გავლენა აქვს. სინამდვილეში ის ყოველ საათში კანონს არღვევს, რადგან მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევა.

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მან ერთხელ და სამუდამოდ საჯაროდ თქვა, რომ თავის გუნდს ენდობა, დაუტოვა ის დანატოვარი, რაც ამ ხნის განმავლობაში გააკეთეს. რა წარმატებებსაც „ქართულმა ოცნებამ" მისი არყოფნის პერიოდში მიაღწია, კმაყოფილია, განსაკურებით კმაყოფილია ბოლო პერიოდის უდიდეს გამოწვევებზე მმართველი გუნდის მუშაობაზე. მგონია, რომ „გირჩისა" და „მოქალაქეების" ინიციატივა მხოლოდ ინიციატივად და მათ პირად მოსაზრებად დარჩება.

„რ": განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ქართული პოლიტიკური სივრციდან გასვლა შეამცირებს პოლარიზაციას, „გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველი პოლიტიკური ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს"...

გ.ა: სააკაშვილი არსად არ წავა, ეს მისი მორიგი თვალთმაქცური პიარ-კამპანიაა. თუნდაც არაპოლიტიკური აქტორებისთვის გასაგებია, რომ ის იმ ტყუილების ტირაჟირებას ეწევა, რაც მრავალი წელია აკეთებს. „ქართულ ოცნებას" მტრის ხატი ნამდვილად არ სჭირდება, „ოცნებას" მხარს შიდა პოლიტიკური და ევროატლანტიკური კურსის გამო უჭერენ. სააკაშვილი მის სატელიტებთან ერთად მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველამ ნახა, რომ ათ წელიწადში სხვადასხვა დონის არჩევნებზე „ოცნებამ" დამაჯერებელად მოიგო.

„რ": ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეს მას ოლიგარქის სტატუსს მოუხსნის". ამ განცხადებას როგორ შეაფასებთ?

გ.ა: ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა. ივანიშვილს ოლიგარქის სტატუსი არც ჰქონდა და ვერც ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ოლიგარქი კლასიკური გაგებით ქვეყნის ძარცვის ხარჯზე მდიდრდება, ივანიშვილის შემთხვევაში კი მან და მისმა ოჯახმა საქართველოს არაერთი სფეროს გადარჩენისთვის მილიარდები დახარჯეს, ამაშია დიდი სხვაობა.

ტერმინი ოლიგარქი ეკუთვნით კეზერაშვილს, სააკაშვილს, ადეიშვილს და სხვებს, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის, ქვეყნის ქონების ძარცვის შედეგად გამდიდრდნენ და ერევიან პოლიტიკასა და მედიაში, რაც ივანიშვილს აბსოლუტურად არ ახასიათებს. ამიტომ ამ თემაზე მეგრელიშვილისა და თუნდაც ნებისმიერი ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებები არასერიოზულია. ივანიშვილი ოლიგარქი არც ყოფილა და ვერც იქნება, ვერც კლასიკური და ვერც ზოგადი ფართო გაგებით, თუ ამ ტერმინის განმარტება ხსენებულმა პოლიტიკურმა აქტორებმა იციან.

„რ": მოცემული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულება როგორ გესახებათ?

გ.ა: ხელისუფლების მხრიდან რაც შესაძლებელია ყველაფერი იმ ვადებში გაკეთდება, რაც საწყის ეტაპზე ევროკომისიამ საქართველოს ურჩია. რაც შეეხება დესტრუქციულ ოპოზიციას, ვნახეთ, რომ მათ ე.წ. ალტერნატიული მთავრობები, ტექნიკური კაბინეტბი, ალტერნატიული სამუშაო ჯგუფები ახასიათებთ, რომლებიც ბოლოს ისევ ფიასკოთი მთავრდება-ხოლმე. ახლაც ის რაღაც ალტერნატიული ჯგუფები, რომლებიც მათ შექმნეს, ისევ ის პოლიტიკური სახლობანაა, რასაც სააკაშვილის პოლიტიკური ფლანგი ბოლო წლებში თამაშობს. ეს უკვე ტრაგიკომიკურ ჟანრშიც აღარაა. როცა ადამიანები ერთსა და იმავე შეცდომას სჩადიან, აწმყოში ამ შეცდომებს ვერ აცნობიერებენ და მომავალში კიდევ იმეორებენ, ეს მათთვის ძალიან ცუდია.

ბრიუსელიდან ობიექტური დამკვირვებელი კარგად ხედავს და დაინახავს თუ ხელისუფლებამ რა შეასრულა, რაც მის კომპეტენციაში იყო, გარდა პირველი პუნქტისა, რომელსაც დეპოლარიზაცია ჰქვია, ეს მხოლოდ ხელისუფლებაზე არაა დამოკიდებული. ის, რომ მთავრობის დამხობის და სხვადასხვა უკანონი მოწოდებები და „ნაცებისგან" სიყალბის პროპაგანდა ვრცელდება, დეპოლარიზაციას ხელს ნამვილად არ შეუწყობს.

მთავრობის მხრიდან ეს ყველაფერი 99.9%-ით შესრულდება, მაგრამ 0.1% იქიდან გამომდინარე ვერ შესრულდბა, რომ ოპოზიცია ჩვეულ დესტრუქციულ ქმედებებს ეწევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×