თამთა ჩაჩანიძე
05.08.2022

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუს ტურისტებთან დაკავშირებით, სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ფხიზლად და ფრთხილად იყვნენ, რათა ინციდენტები არ იყოს დაშვებული და მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა, „ენმ-ს მიერ აგორებული ქსენოფობიური კამპანიაა, რომლის ერთადერთი მიზანია, საქართველო რამენაირად გახდეს მეორე ფრონტი", რასაც კობახიძის თქმით, მმართვლი პარტია „არ დაუშვებს". მის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციიდან.

როგორც კობახიძე აცხადებს, მათგან, ვინც სავიზო რეჟიმის შემოღებას უჭერენ მხარს, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. „ქართული ოცნების" ლიდერი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ფხიზლად და ფრთხილად იყვნენ, რათა ინციდენტები არ იყოს დაშვებული.

„ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება. პირდაპირი გზით მათ ვერ მოახერხეს ამის უზრუნველყოფა, ამიტომ ახლა ცდილობენ ირიბი გზით გააღვივონ აგრესია საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში, ამით მიიყვანონ ქვეყანა ომამდე. ჩვენ ბუნებრივია, ამას არ დავუშვებთ.

„ორმაგ სტანდარტებზეც უნდა ითქვას ორი სიტყვა, ამ ადამიანებმა 2010 წელს, შემდეგ 2012 წლის დასაწყისში რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს. გახსოვთ საზღვარზე ჩასული მიხეილ სააკაშვილი, როგორ ამაყობდა მზარდი ნაკადით და ეს არიან ადამიანები, რომლებიც დღეს აღვივებენ ქსენოფობიურ კამპანიას. შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს ომიდან გასული იყო არასრული 3 წელიწადი, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა. ასეთ დროს მათ შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომელიც დღემდე მოქმედებს. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა ცდილობს გააღვივოს საპირისპირო კამპანია. ამ ქსენოფობიურ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს - საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში, რასაც ვერ მიაღწევენ.

„ჩვენ ვხედავთ რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას უბიძგოს ომისკენ, ყველაფერია მოსალოდნელი. ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად იმისათვის, რომ არავითარი აგრესია და ინციდენტები არ იყოს დაშვებული. რისკები არის, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც "ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშნელოვანი მიმართულებაა და „საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის".

„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და უამრავი „ფეიკი" ვრცელდება ამ კუთხითაც. კერძოდ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10%, რაც არის სრული ტყუილი. რეალურად რომ ავიღოთ მონაცემები, 1%-იც არ იქნება. ჯამში, რაც შემოვიდა თავის გასულებიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული.

„შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები და სანქციები დავაწესოთ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება", - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ უკიდურესად მცირეა რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ". მისი თქმით, 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე იმყოფება.

„სწორია კობახიძის არგუმენტი და კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ის ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი" - ასე გამოეხმაურა „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია კობახიძის განცხადებას, რომელიც ასევე ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნიდან გამომდინარე ვერც ომის და ვერც ქსენოფობიური კამპანიის დაწყების საფრთხეს ვერ ხედავს.

„ამ ფორმით მე ვერც ომის დაწყების და ვერც ქსენოფობიური კამპანიის დაწყების საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა სწორია ირაკლი კობახიძის არგუმენტი და კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ის ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი. უცნაურია, ერთი მხრივ, მხარს უჭერდე ვიზების მოხსნას, როცა შენ ხარ ხელისუფლებაში და შემდეგ იძახდე, რომ ამ მეთოდით ქვეყნის ოკუპაცია ხდება. თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩია ამბობს, რომ ტურისტების მატებაში პრობლემას ვერ ხედავს.

„არა. მე პრობლემას ტურისტების მატებაში ვერ ვხედავ. პრობლემას ვხედავ ოკუპანტის მატებაში, რომელიც ავტომატით მოდის. ვიზას სთხოვ ვიღაცას და ამ ბარიერს ვერ გაივლის და რომ გჯერა, რომ ახალა ოკუპანტი შეაჩერე. ეს აბსურდული თავდაჯერებული რემენაა და მეტი არაფერი", - აღნიშნა ხვიჩიამ.

პარტია „მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი კი აცხადებს, რომ მომხრე არაა, რომ ტურისტები ეთნიკური ნიშნით გაირჩეს, თუმცა ამაზე საქართველოს მოქალაქეების შიშის ესმის, რაზედაც მთავრობამ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა აკეთებდეს განმარტებას და ჩვენს მოქალაქეებს ზუსტ ინფორმაციას აწვდიდეს, რა რაოდენობის რუსი ტურისტია შემოსული.

„არ მგონია, რომ ეს ომში ჩათრევის კამპანიას ემსახურებოდეს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა აკეთებდეს განმარტებას და ჩვენს მოქალაქეებს ზუსტ ინფორმაციას აწვდიდეს, რა რაოდენობის რუსი ტურისტია შემოსული და არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე ამ რაოდენობის საქართველოში ყოფნისგან. არ ვარ მომხრე, რომ ტურისტები ეთნიკური ნიშნით გავარჩიოთ, მაგრამ კარგად მესმის მოქალაქეების, რომლებიც ქუჩაში დადიან და ხედავენ რუსეთის ამხელა რაოდენობის მოქალაქეებს, ეს რაღაც შიშებს იწვევს, რასაც ადეკვატური პასუხი სჭირდება, რომელიც მთავრობამ უნდა გასცეს", - განაცხადა იოსელიანმა.

მანამდე პარტია „ლელომ" რუსეთთან სავიზო რეჟიმის კონკრეტული წესებით ამოქმედებასა და სხვა შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა, რომ დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

გარდა ამისა, „ლელოს" წარმომადგენლები თხოვენ, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი, ასევე, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×