თამთა ჩაჩანიძე
05.08.2022

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 163-ე დღეს ფრონტის ხაზზე ვითარება მძიმეა - უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია შეტევას ორი მიმართულებიდან ცდილობს, ასევე დასახლებულ პუნქტებში ცეცხლს უხსნის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, თუმცა რთული სიტუაციის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს და ოკუპანტებისგან კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს. თავის მხრივ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს.

როგორც უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ჯარისკაცებმა იერიში სცადეს ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებიდან, ასევე ცდილობენ დონეცკის რაიონის დასავლეთით კონტროლირებადი ტერიტორია გააფართოონ.

უკრაინული მხარის ცნობით,რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 9 კი დაჭრეს. ამასთან, მათივე განცხადებით, ნიკოპოლის მიმართულებით ოკუპანტებმა 40 რეაქტიული ჭურვი ისროლეს, შედეგად 10 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთ-ერთ საწარმოში კი ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში რუსული არმიის კუთვნილი საბრძოლო მასალის რამდენიმე საწყობი გაანადგურეს. მათ შორის, განადგურებულია სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემები, რადიოლოკაციური სადგური და 9 ჯავშანმანქანა. ასევე, მოკლულია 39 ოკუპანტი.

ხარკოვის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის არმიამ ქალაქს კვლავ გაუხსნა ცეცხლი. დაშავდა სამი ადამიანი.

93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქში იზიუმის სიახლოვეს მდებარე სოფელი დუბროვნოე გაათავისუფლეს.ინფორმაციას ბრიგადის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც ასევე განთავსებულია ვიდეო, თუ სოფელი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ როგორ გამოიყურება.

უკრაინელი მებრძოლების ინფორმაციით, როდესაც რუსი ოკუპანტები სოფლიდან გარბოდნენ, საკუთარი ტექნიკა დატოვეს.

„ბრიგადამ მტერი სოფელ დუბროვნოეს მიღმა გაყარა და ფრონტის ხაზი გადაწია. მომარაგებას მოკლებული ოკუპანტები გარბოდნენ და ტექნიკას ტოვებდნენ, თუმცა წასვლის წინ კარგად დანაღმეს სოფელი ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით",- ნათქვამია განცხადებაში.

რუსული მხარე კი თავის მხრივ მონაცემებს ავრცელებს, როგორც პარასკევს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „ზაპოროჟიეში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების 150-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს". მისივე მტკიცებით, ეს მაღალი სიზუსტის დარტყმა იყო, რომლის შედეგად ასევე დასავლური ტიპის იარაღის გარკვეული რაოდენობაც განადგურდა.

„150-მდე სამხედრო მოსამსახურე, ორი ამერიკული ემ777 ჰაუბიცა და მათთვის განკუთვნილი 1500-მდე საბრძოლო მასალა, ექვსი „მსტა-ბ" ჰაუბიცა, რვა სხვადასხვა მოდიფიკაციის საარტილერიო სისტემა, დაახლოებით 350 ჭურვი „გრად"-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, ასევე შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა", - ამტკიცებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×