თამთა ჩაჩანიძე
04.09.2022

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება „ქართულ აფხაზური საზღვრის" გახსნის საკითხს განიხილავს. უკვე შექმნილია ამ საკითხის შემსწავლელი ე.წ. სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გასულ კვირას დახურული თათბირი გამართა და დე ფაქტო პრეზიდენტს „საზღვრის" გახსნის რეკომენდაციით მიმართა. ექსპერტთა შეფასებით, ეს ყველაფერი მოსკოვის ჩართულობით ხდება და გარკვეული ჟესტია თბილისის მისამართით. მით უმეტეს, რომ ორიოდე კვირის წინ დაახლოებით ამდაგვარი გადაწყვეტილება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამაც მიიღო.

აფხაზური „ტელეგრამ" არხების ინფორმაციით, საუბარია ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის 2008 წლის განკარგულების გაქუმებაზე, რომლითაც აკრძალულია ენგურის ხიდზე ნებისმიერი სახის საქონლის გადაადგილება, გარდა პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ტვირთების გარდა.

როგორც „ტელეგრამ" არხი რესპუბლიკა წერს, ე.წ. სამთავრობო „სამუშაო ჯგუფში" გაერთიანებული არიან სხვადასხვა დე ფაქტო სამინისტროების, ასევე აფხაზური რკინიგზის, სოხუმის პორტისა და აეროპორტის წარმომადგენლები. მასში ასევე შედიან საზოგადოების წარმომადგენლები - ასტამურ ტანია და ინალ ხაშიგი. ჯგუფის ხელმძღვანელი კი გახლავთ ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე ვალერი პაპბა.

ინალ ხაშიგმა „რესპუბლიკასთან" ასეთი გეგმების არსებობა დაადასტურა და მის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ლოგისტიკური ცენტრების ტრანსფორმაცია დაიწყო. ჩნდება ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტები, ეს კი აფხაზებისთვის სერიოზული შემოსავლის მიღების კარგი საშუალებაა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვან.

ხაშიგის ცნობით, საუბარია აფხაზეთში სატრანზიტო დერეფნის ამოქმედებაზე, რომლის გავლითაც იმოძრავებს სხვადასხვა ტვირთები რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართულებით.

„სამუშაო ჯგუფს პრეზიდენტის თანაშემწე ვალერი პაპბა ხელმძღვანელობს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის სამინისტროს, საბაჟო, სასაზღვრო სამსახურის, აეროპორტის, რკინიგზის, საზღვაო პორტის წარმომადგენლები, ასევე ასტამურ ტანია, ადგურა ხარაზია და მე (ინალ ხაშიგი).

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ჩიხა გადავიქეცით. ყველა საქონელი ერთი და იმავე მარშრუტით გადის - აფხაზეთიდან რუსეთში, რუსეთიდან აფხაზეთში. ტრანზიტიდან ფული პრაქტიკულად არ გამომუშავდებოდა",- განაცხადა ინალ ხაშიგმა.

როგორც ის „ტელეგრამ" არხს უყვება, რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების ფონზე, თურქული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძი ხდება და აფხაზეთმა აქედან უკვე დაიწყო გარკვეული შემოსავლის მიღება. რუსული ტვირთები რკინიგზით შემოდის აფხაზეთში და შემდეგ ზღვით მიდის თურქეთში. ასევე მოძღაობს თურქული ტვირთები რუსეთისკენ აფხაზეთის გავლით. ამის შედეგად მნიშნელოვნად გაიზარდა აფხაზური რკინიგზის და პორტების შემოსავალი.

ახლა კი, ხაშიგის ცნობით, დღის წესრიგში დადგა სახმელეთო მარშრუტების გახსნაც, რათა ტვირთებმა აფხაზეთის გავლით სატვირთო ავტომობილებითაც იმოძრაოს.

„საქართველოსთან კონსულტაციები არ გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ აფხაზური სახელმწიფო და ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენს ტერიტორიაზე რა საქონელი შემოდის და რა გადის.

„ჩვენი დიდი დიასპორა თურქეთში ცხოვრობს, რომელიც მსგავსი ტრანზიტის მოწყობით დაინტერესებულია, რადგან ეს გაააქტიურებს ბიზნესს, რომელშიც ჩაერთვებიან აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები. გარდა ამისა, სახმელეთო გზა მნიშვნელოვნად ამცირებსტვირთის გადაზიდვის ღირებულებას იმის გათვალისწინებით, რომ ავიაგადაზიდვა მნიშვნელოვნად გაძვირდა. ასეთი გზა აფხაზური დიასპორის წარმომადგენელბისთვის თურქეთიდან აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ავტომობილით გაცილებით იაფი ხდება", - განაცხადა ინალ ხაშიგმა.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამაც გახსნა „საზღვარი" დანარჩენ საქართველოსთან. ცხინვალის რეგიონი 3 წლის განმავლობაში სრულიად იზოლირებული იყო და რიგით მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა აკრძალული ჰქონდათ. ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა კი გამოსცა ე.წ. განკარგულება, რომლის მიხედვითაც „საზღვარი" ყოველ თვეს 10 დღის განმავლობაში ღია იქნება და რიგირთ მოქალაქეებს ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე ორივე მიმართულებით დაუბრკოლებლად შეეძლებათ გადაადგილება.

როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ესაა მოსკოვის თამაში და გარკვეული ჟესტი ოფიციალური თბილისის მისამართით.

„მოსკოვის ჩართულობითაა, ეს ამბავი ისე არ მოხდება. მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხდება და მივხვდებით, რომ ეს ერთი საერთო ნარატივი და გარკვეული ჟესტია თბილისის მისამართით.

„ეს რუსეთის მხრიდან იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი გარკვეულწილად იმ მოზომილ პოლიტიკას აფასებს, რომელსაც დღეს საქართველო გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში აწარმოებს", - განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პასუხი ამ ყველაფერზე, არეშიძემ გვითრა:

„ამის თქმა მოკლედ შეუძლებელია, ეს ძალიან რთული თემაა და ჩვენ წლების განმავლობაში იმდენი დრო დავკარგეთ და იმდენი რესურსი გავანიავეთ, რომ გასაკეთებელი მართლა ძალიან ბევრია. ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ამის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ელემენტარულად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰუმანიტარული აქტივობები გვმართებს და გარკვეული იდეოლოგიური მუშაობაც.

„ესააგარკვეული ნაბიჯი სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან, მაგრამ მე ამ ნაბიჯის არ მჯერა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრანზიტს არ გახსნიან. რასაკვირველია გახსნიან, მაგრამ ამით პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება და ამდაგვარი ჟესტები ჩვენთვის სიტუაციას არ ცვლის", - განაცხადა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×