თამთა ჩაჩანიძე
04.09.2022

ხერსონის მიმართულებით უკრაინელების შეტევა არ ჩაშლილა და უბრალოდ შენელდა იმის გამო, რომ რუსებმა მათ შესაკავებლად საერთაშრისო კონვენციებით აკრძალული იარაღის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტები საუბრობენ. მათი ცნობით, უკრაინელებს ხერსონთან დაკავშრებით დეტალური გეგმა აქვთ შემუშავებული და მსა მიჰყვებიან. პარალელურად კი მოსკოვში საინტერესო საკადრო გადაადგილებებია მოსალოდნელი.

ანალიტიკოსთა ინფორმაციით, ხერსონის მიმართულებაზე უკრაინელთა მხრიდან საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია „ბაირაქტარები", „ჰაიმარსები", „ემ-270" ტიპის სისტემები, ასევე პოლონური თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „კრაბები" და ფრანგული ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემა „ცეზარი". ამ შეიარაღებს კი ფრონტზე მნიშვნელოვანი გარდატეხა შეაქვთ.

რაც შეეხება ფრონტის სხვა მონაკვეთებს, ხერსონზე უკრაინელების შეტევის პარალელურად, რუსულმა ძალებმა კრამატორსკის მიმართულებით წამოიწყეს იერიში. ამას გარდა, ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებებზე უკრაინელები კონტრშეტევისათვის პლაცდარმს ამზადებენ.

ამის პარალელურად მოსკოვში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მზადდება. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის მინსტრმა სერგეი შოიგუმ უახლოეს დღეებში შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. მის ადგილს, სავარაუდოდ, რუსეთის გვარდიის („როსგვარდია") ხელმძღვანელი, ვიკტორ ზოლოტოვი დაიკავებს. „როსგვარდიის" ხელმძღვანელად შესაძლოა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დაინიშნოს, რომელმაც ორი დღის წინ ოფიციალურად განაცხადა უვადო შვებულებაში გასვლის შესახებ. ჩეჩნეთის ახალი ლიდერი კი კადიროვის მარჯვენა ხელი ადამ ზელიმხანოვი გახდება.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

საოკუაპციო ძალებმა შაბათს გვიან ღამით მიკოლაევი (რუსული ვერსიით - ნიკოლაევი) მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოაქცია. აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. არის დაღუპულიც - 8 წლის ბავშვი. დაზიანდა სამი სამედიცინო დაწესებულების, ორი სასწავლო დაწესებულების, მუზეუმისა და საცხოვრებელი კორპუსები.

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ზელენოდოლსკის დასახლებაში რუსი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 10 ადამიანი, უმრავლესობა მძიმედაა. ოკუანტებმა ოლქს ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი „ურაგანებიდან". მომხდარის შედეგად დასახლებაში დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი, სასწავლო კოლეჯი და მაღაზიები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი „ტელეგრამზე" წერს, რომ სამი დღის განმავლობაში თურქულმა „ბაირაქტარის" დრონებმა 26.5 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ტექნიკა, მათ შორის 8 ტანკი გაანადგურეს.

რუსული ძალების მცდელობა, ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით წინ წაეწიათ, კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. 24 საათის განმავლობაში ოკუპანტთა პოზიციებზე 5 დარტყმა განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნოიბით, დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალაა განადგურებული. უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა „კალიბრის" ტიპის რაკეტები, ერთი ვერტმფრენი და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატიც გაანეიტრალეს.

ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში უკრაინელებმა მელიტოპოლის აეროდრომს დაარტყეს, სადაც საოკუპაციო ძალები სამხედრო ტექნიკის განთავსებას ცდილობდნენ. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ უკრაინელების მცდელობა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დაეკავებინათ წარუმატებელი იყო.

„უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, როგორც ჩანს, მიაღწიეს ტაქტიკურ სიურპრიზს, რადგან ისარგებლეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული ცუდი ლოჯისტიკით, მართვითა და ხელმძღვანელობით", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც სამინისტრო აცხადებს, იმის გამო, რომ დონბასისა და ხარკოვის სექტორებში ბრძოლები გრძელდება, უახლოეს დღეებში რუსი მეთაურებისთვის მთავარი გადასაწყვეტი საკითხი იქნება ის, თუ სად შეიყვანონ სარეზერვო ძალები, რომლის მობილიზებასაც შეძლებენ.

ხერსონზე შეტევის ოთხპუნქტიანი გეგმა

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, უკრაინელებს ხერსონის მიმართულებით იერიშის დეტალური გეგმა აქვთ, რომელიც ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს.

„ხერსონზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება. სიმართლის გარკვევა ძნელია. როგორც ვიცი, საკმაოდ რთული სიტუაციაა. უკრაინელებმა ხერსონის მიმართულებით მასიური საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს, რომელიც ოთხი პუნქტისგან შედეგება:

„1. მოწინაარმდეგის სიღრმეში, 200-300 კილომეტრში, სტრატეგიული კომუნიკაციების, ლოჯისტიკური ცენტრებისა და მართვის სისტემების განადგურება.

„2. სტრატეგიული მიმართულების დაჯგუფების შექმნა, რომელიც მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება.

„3. წინმსწრები ბრძოლები, რომ მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები მონახო.

„4. გადასვლა შეტევაზე.

„უკრაინელები ჰეტეროცენტრული ომის თეორიას და სტრატეგიას საკმაოდ კარგად იყენებენ. ეს გეგმა ჯერ კიდევ ივნისში ჰქონდათ. მიკვირს ამის დაანონსება რატომ დასჭირდათ. მესმის, რომ ფსიქოლოგიური ომის თვალსაზრისით კარგია, მაგრამ საპასუხოდ რუსებიც გარკვეულწილად მოემზადნენ.

„უკრაინელებმს ამ სტრატეგიის გამოყენების საშუალება დასავლურმა იარაღმა - „ჰაიმარსებმა" „ემ-270" ტიპის სისტემებმა, ასევე პოლონურმა თვითმავალმა საარტილერიო დანადგარებმა „კრაბებმა", ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემა „ცეზარმა" მისცეს. საშუალება მიეცათ, რომ რუსებს სიღრმეში საკვანძო ცენტრები გაუნადგურონ.

„უკრაინელებმა საარმიო შემტევი ოპერატიული დაჯგუფება ჩამოაყალიბეს, სადაც ათზე მეტი ბრძოლისუნარიანი ბრიგადა შევიდა, რომელიც ზაპორიოჟიე-ნიკოლაევისა და ხერსონის გეოოპერატიულ სივრცეს მოიცავს. პლიუს ამაში მოქმედი რეზერვის, ტერიტორიული თავდაცვისა და ეროვნული გვარდიის ათი ბრიგადა შევიდა.

„ამ რესურსით 29 აგვისტოს ხერსონზე სრტარეგიული შეტევა განახორციელეს. ამის პარალელუარად სიღრმისეული სტრატეგიული შეტევა ჰქონდათ. ენერგოდარისა და ზაპოროჟიეს აეს-ის მიმართულებით მათ ტაქტიკური დესანტი გადასხეს, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს შეტევა წარუმატებელი არმოჩნდა.

„ხერსონის კონტრშეტევაზე უკრაინელებს საკმაოდ სერიოზული დანაკარგები აქვთ. მათ პირველი რუსული ეშელონის გარღვევა შეძლეს, რომლის სიღრმე 10-კილომეტრამდეა, მეორე ეშელონის გარღვევა ჯერ ვერ განახორციელეს.

„აქ რუსებმა პირველად ვაკუმური და საავიაციო „ფაბ-250" და „ფაბ-500" საჰაერო ბომბები გამოიყენეს, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიერ აკრძალული შეიარაღებაა. უკრაინელების მხრიდან ხერსონზე ოპერაცია გრძელდება, მაგრამ ახლა ტემპი შენელებულია. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ეშელონის გარღვევისთვის სერიოზულად ემზადებიან და გადაჯგუფებისთვის ოპერატიული პაუზის მსგავსი აქვთ აღებული", -განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი „ფეისბუქზე" წერს, რომ უკრაინელების კონტშეტევა ხერსონზე გრძელდება, პროცესში „ბაირაქტარები" არიან ჩართულები, უკრაინელებმა კი დაცვის პირველი ხაზის გარღვევისას რუსული სასანგრე პოზიციების დაკავება მოახერხეს და რუსული შეიარაღებაც მოიპოვეს.

„უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობა ომიდან მეშვიდე თვეში ძალიან მაღალ მაჩვენებელზეა: რუსული რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობის განეიტრალება მანამ ხდება, სანამ ისინი მიზანს მიაღწევენ ხოლმე.

„დნიპროპეტროვსკის რაიონში თითქმის ყოველდღიურად მიფრინავს რუსული რაკეტები, რომელთაგან სამიზნემდე ძალიან იშვიათად რომელიმემ ჩააღწიოს. „ნასამსის" ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სრულმასშტაბიანად ამუშავების შემთხვევაში უკრაინული არმიის მხრიდან რაკეტების განეიტრალების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

„ხერსონის რაიონში უკრაინული კონტრშეტევა გრძელდება. პროცესში მონაწილეობენ „ბაირაქტარები". ეს კიდევ ერთხელ იმის ინდიკატორია, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო და სარადარო სისტემები დასუსტებული ან გამოთიშულია.

„ხერსონის რაიონში კონტრშეტევის ფონზე უკრაინელებმა დაცვის პირველი ხაზის გარღვევისას რუსული სასანგრე პოზიციების დაკავება მოახერხეს, რომელთან ერთადაც რუსული შეიარაღებაც მოიპოვეს.

„ხერსონის რაიონში, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით, დასახლება რადენსკისთან რუსული სამხედრო კოლონა დაიბომბა, რომლებიც მდინარისაკენ მიემართებოდნენ, საიდანაც დასავლეთ სანაპიროზე გადასვლას აპირებდნენ.

„იმ ფონზე, რომ ნოვა კახოვკას დნეპრზე არსებული ხიდის გამოყენებითი პოტენციალი თითქმის აღარ არსებობს, რუსები აქაც ცდილობენ ბორანის, ან პონტონური ხიდის გამოყენებას. თუმცა საჰაერო დაზვერვით მიღებული ინფორმაცია პრაქტიკულად მიმდინარე რეჟიმში აწვდის უკრაინულ არტილერიას ინფორმაციას, რის შედეგადაც რუსულ სამხედრო შეჯგუფებებზე ან წყლის ტრანსპორტზე იერიშები იწყება. რეალურად, უკრაინელების გათვლა რუსული ლოჯისტიკის იმ დონეზე ჩამოშლაა, რომ რუსული სამხედრო ნაწილის მომარაგება ძალიან გართულდეს.

„როგორც ჩანს, თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევის შემდეგ უკრაინელების მიზანი რუსული სამხედრო ძალების დინამიური განადგურებაა და არა დიდი დანაკარგების ფონზე სწრაფი წინ წაწევა. იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ რომ უკრაინელები უფრთხილდებიან საკუთარი სამხედროების სიცოცხლესა და ტექნიკას, საკვანძო ზონების დაკავების შემდეგ უფრო ნელა მიიწევენ წინ. ამასთან, რუსული თავდაცვის პოზიციები საკმაოდ მყარია და მათი გადალახვა ადვილი ამოცანა არ არის.

„ქალაქი ხერსონის თავდაცვის ზღუდეებთან დაკავშირებით ინფორმაცია არაზუსტია, მაგრამ ამ დროის მონაცემებით რუსები ყველაზე მეტად ჩერნობაევკას აეროპორტის ტერიტორიასა და მიკოლაივი-ხერსონის გზის მონაკვეთს ამაგრებენ. სავარაუდოა, რომ რუსები ქალაქზე მთავარ უკრაინულ შეტევას სწორედ მიკოლაივის მხრიდან ელიან", - წერს კობერიძე სოციალურ ქსელში.

საკადრო გადაადგილების მოლოდინი მოსკოვში

სამხედრო ექსპერტმა უკრაინაში არსებულ ბრძოლის ცხელ მიმართულებებზეც ისაუბრა, ამასთანავე აღნიშნა, რომ პუტინი თავდაცვის სამინისტროს წმენდას აპირებს. უკრაინასთან მიმართებაში კი ბრძანებაც გამოსცა, რომ 15 სექტემბრამდე ომის მეორე ფაზით გათვალისწინებული გეგმა შესრულდეს.

შეგახსენებთ, რომ თავად რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, ომის მეორე ფაზის მიზნებია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარება. აქედან ლუგანსკის ოლქს რუსები უკვე სრულად აკონტროლებენ.

„ავდიივკა-მარიინკას მიმართულებით რუსები უტევენ და ცდილობენ, რომ დონეცკის რეგიონში უკრაინელების „მანერჰეიმის ხაზი" გაარღვიონ, რათა მათ სოლედარი, სევერსკი და მარიინკა-ავდიივკას გამაგრებული თავდაცვით წერტილებში გამაგრდნენ, გავიდნენ კრამატორსკის მიმართულებით და მთლიანად დონბასის რეგიონი დაიკავონ.

„პუტინმა თავის შეიარაღებულ ძალებს მიზნად დაუსახა, რომ 15 სექტემბრამდე დონბასის პრობლემა მოაგვარონ. მემგონი პუტინი აპირებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელოს. ალბათ კადიროვს უპირებენ, რომ ეროვნული გვარდიის სარდლად გადაიყვანონ და არმიის გენერალი ზოლოტოვი თავდაცვის მინისტრად დანიშნონ. სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ახალი ლიდერი კადიროვის მარჯვენა ხელი ადამ ზელიმხანოვი იქნება.

„პუტინს ასეთი როტაცია სჭირდება, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დინამიკა განაახლოს, რომ სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბერში ომის მესამე ფაზა დაიწყოს. ფარული მობილიზაციაც უკვე გამოაცხადა.

„ახლა ურთიერთშემხვედრი ბრძოლებია - უკრაინელები ხერსონის, ხოლო რუსები კრამატორსკის მიმართულებით უტევენ. ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებებზე უკრაინელები აპირებენ, რომ ასევე სტრატეგიული შეტევები განახორიელონ და იქ პლაცდარმს ამზადებენ, რათა იქიდან ხარკოვის მიმართულებით ის წარმატება გაიმეორონ, რაც შეტევის პირველ ფაზაში გააკეთეს", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×