თამთა ჩაჩანიძე
05.09.2022

უკრაინა კონტრშეტევების არეალს აფართოვებს - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქსა და უკრაინის სამხრეთ ნაწილში სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, უკრაინამ სტრატეგიულად მნიშვნალოვანი ლოკაციები დაიკავა, რისი მეშვეობითაც შემდგომში შეეძლებათ, რომ რუსების სუსტ მონაკვეთებსა და წერტილებში ისეთი კონტრშეტევა აწარმოონ, რომელიც სერიოზული პუნქტების აღების საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, ანალიტიკოსთა თქმით, უკრაინამ დასავლური ტიპის შეიარაღებასა სახმელეთო ძალებში უპირატესობა კარგად გამოიყენა. მათი პროგნოზით, მესამე ტიპის კონტრშეტევა ხარკოვთანაა მოსალოდნელი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის 63-ე ბატალიონის მეომრებს, რომლებმაც შედეგი უზრუნველყვეს დონეცკის ოლქში: დასახლება გათავისუფლდა. ლისიჩანსკ-სივერსკის მიმართულებით 54-ე ბრიგადამაც კარგი ნაბიჯები გადადგა, წინ წაიწია და გარკვეული სიმაღლეები დაიბრუნა", - აღნიშნა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, 42-ე ცალკეული მოტოქვეითი ბატალიონი მოქმედებების შედეგად ქვეყნის სამხრეთით ორი დასახლება გათავისუფლდა.

„ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს ტერიტორიას, მთელ ჩვენს ხალხს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ კონტრშეტევები სხვადასხვა მიმართულებით ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა უკრაინელებმა ყველა მიმართულებით ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა კი არ დაიწყონ, არამედ მნიშვნელოვანი ლოკაციების გათავისუფლება მოახერხონ და შემდეგ ამ პუნქტებიდან უკვე ახალი სუსტი წერტილები იპოვონ.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ის ინფორმაცია დაადასტურა, რაც გუშინ გავრცელდა იმის შესახებ, რომ უკრაინულმა დანაყოფებმა მდინარე ჩრდილოეთ დონეცი გადალახეს და ოზერნეში (სოფელი უკრაინაში. მიკოლაივის ოლქის ნოვა-ოდესის რაიონში) შევიდნენ, რომელი დასახლებაც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნალოვანია, ის ლიმანთან (ქალაქი უკრაინაში, დონეცკის ოლქში) მდებარეობს.

„ეს დონეცკის ოლქში ამ მიმართულებით ერთადერთი წერტილია, რომელიც მდინარე ჩრდილოეთ დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე უკრაინელებს უკავიათ. ამით პრაქტიკულად სლავიანსკზე აღმოსავლეთის ლიმანის მხრიდან და იამპილის მხრიდან რუსების შეტევა შესუსტებულია.

„ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ უკრაინელებს შეუძლიათ რუსების სუსტ მონაკვეთებსა და წერტილებში ისეთი კონტრშეტევა აწარმოონ, რომელიც სერიოზული პუნქტების აღების საშუალებას მოიტანს და უკვე შემდგომ ფრონტის ხაზის უფრო სიღრმეში აღმოსავლეთით გადაწევას შეძლებენ.

„ეს ერთგვარი სიგნალია იმისა, რომ შესაძლოა უკრაინელებმა ყველა მიმართულებით რაღაცა ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა კი არ დაიწყონ, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი წერტილების აღება-გათავისუფლება მოახერხონ და შემდეგ ამ პუნქტებიდან უკვე ახალი სუსტი წერტილები იპოვონ და მათზე თავდასხმები განახორციელონ. ამიტომ ეს ძალიან კარგი სტრატეგიაა, რადგან მსხვერპლის სახით ნაკლებ დანაკარგებს მოიცავს და სხვებთან შედარებით ეფექტურია", - განაცხადა კობერიძემ.

მან იმ შეიარაღებაზეც ისაუბრა, რომელიც შესაძლოა ახლა უკრაინას მიეწოდებოდეს.

„შეიარაღების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ ვრცელდება, როცა ჩადის. ვარაუდების დონეზე დამატებითი რადარსაწინააღმდეგო სისტემებია, რომელიც კარდინალურად მნიშვნელოვანია, ასევე „ექსკალიბურებურის" საარტილერიო ჭურვებზე იყო საუბარი, რომელიც უკვე გამოჩნდა და რომელიც „ემ-777" სტილით 40 კილომეტრში ისვრის არტილერიიდან.

„ჰაიმარსს" თუ ყველანაირი პრიორიტეტის სამიზნებზე იყენებდნენ, ახლა ისინი უფრო ინტენსიურად უკვე მაღალ პრიორიტეტულ სამიზნეებზე იქნება გამოყენებული. ხოლო „ექსკალიბურის" ჭურვებს უშუალოდ ნაკლებპრიორიტეტული, ან შედარებით მსუბუქი სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენებენ.

„ამასთანავე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ფრონტის ხაზზე გერმანული ტანკებიცაა, რუსები უკვე საუბრობენ კიდეც, რომ „ლეოპარდები" ფრონტის მიმართულებით მუშაობენ, რაც ყველაზე მთავარია, თუკი ვივარაუდებთ, რომ უკრაინულ დრონებს ამერიკული დრონების ჩანაცვლებისა და შევსების საშუალება ექნებათ, საუბარი მაქვს ძალიან ძლიერ დრონებზე, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ, რომ ნებისმიერი ტიპის ჯავშანი გახვრიტონ და სარადარო სისტემებიდან ამის დაფიქსირება აირიდონ, ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება",- განაცხადა კობერიძემ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიას პროგნოზით კი არაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში უკრაინელებმა კონტრშეტევა ხარკოვთანაც წამოიწყონ.

„როგორც ჩანს, შეტევა ნიკოლაევი-ხერსონიდან უფრო განავითარეს, ასევე, ისინი კოტრშეტევაზე დონბასშიც გადავიდნენ. ალბათ მესამე ტიპის კონტრშეტევაა მოსალოდნელი ხარკოვთან. უკრაინელები ამ სამი ლოკაციით შეეცდებიან, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობა გაარღვიონ. შეეცდებიან, რომ ლუგანსკის მიმართულებითაც გაიჭრან.

„უკრაინამ გარკვეულწილად შეძლო ის სამხედრო უპირატესობა, რაც მათ სახმელეთო ძალებში გააჩნიათ, საკმაოდ ეფექტურად გამოეყენებინა. დასავლეთიდან მიიღო იარაღი, ახალი შენაერთები ჩამოაყალიბა და იმის განხორციელება დაიწყო, რაც მათ ჯერ კიდევ ივნისში დაანონსეს.

„ზელენსკი ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ შეიარაღების მიწოდებას შედეგი აქვს, შესაბამისად ზეწოლა-ლობირების მომენტიცაა, რომ დასავლეთმა ამ შეიარაღებისა და სამხედრო დახმარების კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია მოახერხოს",- განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×