ია აბულაშვილი
05.09.2022

პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფრაგლებში, სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებია, რომლის მიღებაც ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად იგეგმება. ოპოზიცია საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე აპირებს წარადგინოს საკუთარი საკანონმდებლო პაკეტის ნუსხა, მათ შორის სამართლებრივი განაცხადი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

"სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაცმოძრაობა" და "ლელო" დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ მომზადებული ინიციატივები შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა მათ მიერ წარდგენილ ინიციატივებზე.

"სამწუხაროდ,"ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების მიღებისთანავე დააყენა სამი კონკრეტული დათქმა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას; დეოლიგარქიზაცია არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, უფრო მეტიც ოლიგარქები არიან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და კრიტიკული მედიის დამფუძნებლები.

"ქართული ოცნება" არ აღიარებს სასამართლო სისტემაში კლანების არსებობას და პოლარიზებულ მართლმსაჯულებას, ხოლო სასამართლოსთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესრულებას, პროცედურული საკითხების ფორმალური გადაწყვეტით ცდილობს. "ქართულმა ოცნებამ" წინსწრებით უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ და უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულებაზე, ხოლო დეპოლარიზაცია მიაჩნია ოპოზიციური სპექტრის და კრიტიკული მედიის გაჩუმება.

"მიუხედავად, "ქართული ოცნების" პოზიციისა რეკომენდაციების მიღებისთანავე ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა, რომ ერთობლივად მმართველი პარტიის მონაწილეობით შევთანხმებულიყავით საერთო სამოქმედო გეგმაზე და დაგვეწყო მუშაობა კონკრეტული მიმართულებით. სამწუხაროდ "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და დემონსტრაციულად ჩაკეტა სასესიო დარბაზის კარები.

"ამის შედეგ, ჩვენ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს მოგვიწია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად სამუშაო პროცესის დაწყება, საჭირო ინიციატივების მოსამზადებალად. პროცესი წარიმართა ინკლუზიურად, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, განსხვავებით ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, ფაქტიურად ერთპარტიული, არაგამჭვირვალე პროცესისგან.

"ზაფხულის განმავლობაში, მოვამზადეთ ევროპული რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო გადაწყვეტილება და საკანონმდებლო ინიციატივები თორმეტივე მიმართულებით. ჩვენ მიერ მომზადებული ინიციატივების დიდი ნაწილი თანხვედრაშია და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს.

სამოქალაქო სექტორს ინიციატივები გავაცანით, მოხდება დოკუმენტების გასჯაროვება და შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე. მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებაზე"- ნათქვამია "ლელოს" "ნაცმოძრაობის" "სტრატეგია აღმაშენებლის" და "რესპულიკური პარტიის" მიერ გავრცლებულ განცხადებაში, რომელსაც უერთდება დამოუკიდებლი დეპუტატები ოპოზიციიდან.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სკეპტიკურად უყურებს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში დაწყებულ ორ პარალელურ პროცესს და დარწმუნებულია, რომ თუ შეთანხმება არ მოხდება, ხელისუფლების, თუ ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს დასავლეთისთვის "ფარატინა ქაღალდის" ფასი ექნება.

"როგორც ხელისუფლებისგან, ასევე ოპოზიციის მხრიდან საკუთარი კანონპროექტებით მოძრაობა დაუშვებელია, ეს ორივე მათგანმა კარგად იცის, მაგრამ, ამას ორივე შეგნებულად აკეთებს. ვინც პარლამენტშია და ამ პროცესთან რაიმე შეხება აქვს, იციან, რომ თუ გადაწყვეტილება კონსენსუსით არ იქნება მიღებული და შეთანხმება არ შედგა, დასავლეთისთვის ხელისუფლების თუ ოპოზიციის მირ მომზადებულ ცვლილებებს ფარატინა ქაღალდის შინაარსი ექნება. შესაბამისად ცალ-ცალკე კანონპროექტების წერით ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ქვეყნის საქმეს აფუჭებენ"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

"არანაირი პარალელური პროცესი არ არსებობს"- აცხადებენ "ოცნებაში" და ოპოზიციას პრობლემების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

"ერთი მხრივ არის ლოგიკური პროცესი, რომელსაც უძღვება "ქართული ოცნება" და ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ თითოეული საკითხის დამუშავება მიმდინარეობს და ამ პროცესის მიზანია სტატუსის მიღება.

"მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომელსაც პირიქით, მიზანი აქვს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. საბოლოო ჯამში, ეს მცდელობები უშედეგო იქნება. მოლოდინი არ მაქვს, რომ მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციული შეთავაზება იქნება, რაც შეეხება მათ ვირტუალურ კანონპროექტებს, ამით უფრო მეტად მოხდება მათი მიზნების ლუსტრაცია"- აცხადებს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალეაძე არ გამორიცხავს, რომ პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, რაც საზიანო იქნება ქვეყნისთვის.

"ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია თანამშრომლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ჯერ- ჯერობით არ ვიცი რა კერძს ამზადებს ხელისუფლება ან ოპოზიცია, ამას გავიგებთ მალე, მაგრამ თუ ვერ შეთანხმდნენ, პროცესი დროში გაგრძელდება და ასე იქნება მანამდე, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები არ გააცნობიერებენ, რომ საჭიროა თანამშრომლობა ლა კომპრომისებზე წასვლა"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება ბეწვზეა ჩამოკიდებული.

"ყველაზე მთავრი რამაც ეს პროცესი დააზიანა, არის ის, რომ ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მე უკვე ვიწყებ მუშაობას და ჩემს ვაგონში ვისაც გინდათ ამოსვლა იმასთან ვითანამშრომლებო. არადა ამ რეკომენდაციების მთავარი მიზანი იყო კონსენსუსზე დამყარებული პოლიტიკური ურთიერთობა, ჩართულობა, ერთად მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ა.შ. რაც ვერ უზრუნველყო ხელისუთლებამ.

"ამ ფონზე კი მივიღეთ ორი პარალელური პროცესი, ოპოზიცია ცალკე მუშაობს პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ცალკე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია იყოს ორი პარალალური პროცესი. ევროკავშირის მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია, რაც არ ნიშნავს პოლიტიკური კონკურენციის მოსპობას, მაგრამ უნდა მოხდეს შეთანხმება, კანონპროექტების შეჯერება და დაიდოს შედეგი.

"არ შეიძლება ბავშვებივით ჭირვეულობა, არა ჩემი პროექტი უნდა გავიდეს და არა ჩემიო, შედეგის არ მიღების შემთხვევაში კი ერთმანეთს გადააბრალონ. როგორ განვითარდება პროცესები არ ვიცი, თუმცა, ამ ეტაპზე 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება ბეწვზე არის ჩამოკიდებული, ამ ტემპით და ასეთი შინაარსით სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ" - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×