თამთა ჩაჩანიძე
06.09.2022

ენმ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვონ. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ვითარებაა და „ნებისმიერი თვე, 2024 წლამდე, ქვეყნისთვის საზიანოა ამ ხელისუფლების პირობებში". ანალიტიკოსთა აზრით, დღეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების არც იურიდიული და არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, მათივე შეფასებით, ეს თავად ოპოზიციას კარგს არაფერს მოუტანს.

ამასთან, ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება დღეს „ქართულ ოცნებას" უფრო აწყობს, რადგან პარლამენტში თავისი დეპუტატების რაოდენობას გაზრდის, ხოლო ოპოზიციის რაოდენობა შემცირდება. რაც შეეხება იმას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება „ოცნება" ამ დათმობაზე წავიდეს, ექსპერტები რამდენიმე მექანიზმს ასახელებენ, მათ შორის დასავლეთის ძლიერ ზეწოლას და მძლავრ საპროტესტო ტალღას.

„ქვეყანაში არის სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, მძიმე სოციალური ვითარება. შესაბამისად, ნებისმიერი თვე, 2024 წლამდე, ქვეყნისთვის საზიანოა ამ ხელისუფლების პირობებში. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება" აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას და დღითიდღე გვაშორებს დასავლურ სამყაროს, საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ფუფუნება, რომ დაელოდონ ხელისუფლების შეცვლის კონსტიტუციურ ვადებს. უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ახალი ათვლის წერტილი იპოვოს თავის განვითარებაში", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მისაღწევად ქვეყანაში მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები განხორციელდება. ამასთან, გაიმართება მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ რეჟიმში კომუნიკაცია.

არსებობს თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საფუძველი

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ქვეყანაში არც იურიდიული და არც პოლიტიკური საფუძველი არაა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

„ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საფუძველი ან ბიუჯეტზე უარის თქმა, ან პრემიერის გადადგომა იქნებოდა, მაგრამ თუკი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არსებობს, შესაძლოა ეს პირობები ხელოვნურად შეიქმნას. ანუ უმრავლესობამ ბიუჯეტი ხელოვნურად არ დაამტიცოს, ან პრემიერი გადადგეს და კრიზისი შექმნას.

„ასეთი ნაბიჯების გადამწყვეტი ძალა უმრავლესობაა. შესაბამისად, ეს უმრავლესობის ინტერესში თუა, მაშინ შანსი არის, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. უმრავლესობის ინტერესში კი შესაძლოა იმ მხრივ იყოს, რომ, ვთქვათ, ოპოზიცია ისეთ დესტაბილიზაციას იწვევდეს, რომ ქვეყნის ფუნქციონირება შეუძლებელი იყოს. ოპოზიციის მხრიდან ხშირი მოწოდებები ამიტომაცაა ხოლმე - არ გახვიდეთ სამუშაოზე, ბრძანება არ შეასრულოთო და ა.შ. - რომ იმ სტრუქტურების დესტაბილიზაცია მოხდეს, რომელზედაც სახელმწიფო დგას. მაგის უნარიც ოპოზიციას არ აქვს.

„ასე რომ, ქვეყნისთვის (და არა რომელიმე პარტიისთვის) ვადამდელი არჩევნების ჩატარების არც იურიდიული და არც პოლიტიკური საფუძველი არაა", - განაცხადა საყვარელიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთადერთი საფუძველი ენმ-ს სურვილია, თუმცა რეალურად არჩევნები ვადაზე ადრე რომ ჩატარდეს, ეს „ოპოზიციას გაანადგურებს".

„ქვეყანაში ვადამდელი არჩევნებიუს ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს, ერთადერთი „საფუძველი" ენმ-ს სურვილია. „ქართულმა ოცნებამ" რომ „წაიღადავოს" და მართლა ჩაატაროს, ოპოზიციას მთლიანად გაანადგურებს. დღეს საზოგადოებაში ვადამდელი არჩევნების არანაირი მოლოდინი არაა. ენმ ამ იდეას რატომ ეჭიდავება, არ მესმის. პირწმინდად წააგებენ, უარესი შედეგი ექნებათ, ვიდრე დღეს პარლამეტში აქვთ. იქნება ახსნან, თუ რატომ უნდა ჩატარდეს. ეს მორიგი ფულის ხარჯვა იქნება, რაც დღეს ქვეყანას არ აწყობს.

„დღეს „ოცნება" ნამდვილად გასაშვებია, მაგრამ არანაირი წინაპირობა არ ჩანს, როგორ შეიძლება მისი გაშვება. საქართველო პრაქტიკულად აფრიკულ და აზიურ ქვეყნებს დაემსგავსა, სადაც ერთი და იგივე მმართველობა საკმაოდ დიდი ხნით არიან შემორჩენილი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვის უფრო აწყობს დღეს ვადამდელი არჩევნები

რამაზ საყვარელიძის აზრით, დიდი ალბათობით, ვადაზე ადრე ჩატარებული არჩევნები უფრო „ოცნებას" უნდა აწყობდეს.

„წარმოსახვით ვადამდელ არჩევნებზე მსჯელობა არაერთხელ ყოფილა, მათ შორის ექსპერტების მხრიდან და სოციოლოგიური გამოკვლევებიც ასეთი ფორმულით არაერთხელ ჩატარებულა. არცერთ ასეთ გამოკვლევაში ოპოზიციას რაიმე მნიშვნელოვანი ადგილი არ უკავია, წამყვანი მიღებული ხმებით ისევ და ისევ „ოცნებაა".

„შესაძლოა ჯიუტმა ბავშვმა მაღაზიაში ველოსიპედიც მოითხოვოს, მაგრამ მისი ტარება არ იცოდეს. ან დიდი ავტომობილი მოითხოვოს და ვერ მიიღოს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს ფული არ ჰყოფნით, არამედ თავადაც ვერ გამოიყენებს. ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ვერ გამოიყენებს, პირიქით, „ოცნებას" ეს უფრო მეტ შედეგს მოუტანს, პარლამენტში ოპოზიციის პროცენტული შემადგენლობა შემცირდება და მმართველი გუნდის გაიზრდება.

„არა მხოლოდ „ოცნების", არამედ თვითონ ოპოზიციის მხარდამჭერები იძახიან, რომ ასეთი სუსტი ოპოზიცია არასოდეს ყოფილაო. როცა თავად ოპოზიციის მხარდამჭერებიც ასე აფასებენ, ვადამდელ არჩევნებს რაღატო უნდა ითხოვდნენ?! ჯერ გაძლიერდენ, თავისი მხარდამჭერების მხრიდან მაინც მაღალი შეფასება დაიმსახურონ და ეს საკითხი მერე დააყენონ. ოპოზიციის სისუსტეც სწორედ ამაშია, რომ საკუთარი მოთხოვნებიც კი გააზრებული არ აქვთ", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ახლა ვადამდელი არჩევნები თავად საქართველოს არ აწყობს.

„ვადამდელი არჩევნები საქართველოს ნამდვილად არ აწყობს, საზოგადოებაში ოპოზიციაზე გულს აიყრიან. საინტერესოა ენმ თავის მომავალს ასე უცნაურად რატომ ეთამაშება, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება იქნება, შესაძლოა საზოგადოებამ ჯინაზე ხმა მათ წინაარმდეგ მისცეს. ისინი საზოგადოებას არაფერს სთავაზობენ გარდა ვადამდელისა. რამე პროგრამა წარმოადგინეს უმუშევრობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, სიღარიბის დაძლევაზე თუ რა, რამეზე არის ლაპარაკი?!

„საზოგადოებას არ ანტერესებს არც პროკურორის და არც სახალხო დამცველის არჩევის წესი. მათი პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა. ეკონომიკური კეთილდღეობა აინტერესებთ, ამაზე კი ლაპარაკი არაა.

„ვადამდელი არჩევნები არ ვიცი ვის უნდა აწყობდეს. ის რომ, ენმ-ს დაანგრევს და გაანადგურებს, ამაში დარწმუნებული ვარ. მხოლოდ ამის გამო ექსპერიმენტის ჩატარება არ ღირს. მაგრამ „ოცნებამ" ჩაატაროს, რათა ენმ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რამ შეიძლება აიძულოს „ოცნება", რომ ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამისთვის რამდენიმე მექანიზმია, მათ შორის დასავლეთის ზეწოლა და ცხოვრების ჩვეული რეჟიმიდან იმ სტრუქტურების ამოგდება, რომელზედაც სახელწიფო დგას.

„ასეთი იძულების რამდენიმე მექანიზმია: ჩვეულებრივი რეჟიმიდან ქვეყნის ამოგდება, რომ იმ სტრუქტურებმა, რომლებიც ქვეყანას აცოცხლებენ - ეკონომიკური, სატრანსპორტო და ა.შ. - ფუნქციონირება შეწყვიტონ და ქვეყანა სტაგნაციაში შევიდეს, რაც მთავრობას აიძულებს გადაწყვეტილება მიიღოს.

„კიდევ ახალი გზა არის იძულება დასავლეთიდან - იმ დასავლელმა პოლიტიკოსებმა, რომელსაც „ოცნება" ანგარიშს უწევს, რაღაც რომ მოითოვონ და მათ შორის ვადამდელი არჩევნები. ვვარაუდობ, რომ ოპოზიციონერები იძულების ამ ვარიანტს გულისხმოიბენ, რომ დასავლეთის ზეწოლით მოხდეს და არა შიდა პროცესებით, რადგან ხედავენ, რომ უბრალო მიტინგებზეც კი ხალხს ვერ აგროვებენ.

„ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ტყუილად ითხოვს, ოღონდ შეიძლება ეს ტყუილი მოთხოვნა გათვლილი იყოს იმაზე, რომ უცხოელების გამოყენებით იმოქმედონ. არც ისაა გამორიხული, რომ მათ გეგმა ჰქონდეთ, რომ საარჩევნო კამპანიაში თავად უცხოელები ჩართონ, ანუ უცხოელ პოლიტიკოსებს ათქმევინონ, რომ ხალხს ენმ უნდა და ყველა სხვა შედეგი გაყალბებული იქნება. პროცესების ამისკენ წაყვანის ტენდენციაც არის", - განაცხადა საყვარელიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ იძულების ბერკეტი ხალხის ქუჩაში მასობრივად გამოსვლაა და ეს კი შეიძლება მომავალი წლის გაზაფხულისთვის მოხდეს.

„ესაა სოციალური პრობლემები. ხალხი ქუჩაში მასობრივად შეიძლება უმუშევრობამ, სიღარიბემ, ფასების ზრდამ, ინფლაციამ გამოიყვანოს, რაც უკვე აშკარაა, მაგრამ ახლა ეს არც ისე მძაფრად ჩანს. ეს შეიძლება გაზაფხულზე გამოჩნდეს. ზაფხულმა ჩაიარა, საქართველოში ტურისტები ჯერ კიდევ ბევრნი არიან. ამ წუთში არ ჩანს რუსეთი უკრაინაში როგორ მარცხდება და იმედია გაზაფხულისთვის გამოჩნდება.

„გაზაფხულისთვის შესაძლოა ერთმანეთს დაემთხვეს ეკონომიკური სიდუხჭირე და პრობლემები. ღმერთმა ქნას უკრაინის გამარჯვება. შესაძლოა ბევრი ფაქტორი ერთმანეთს მიებას და რაღაც გამოჩნდეს, მაგრამ დღეს ამის მაგვარი არაფერი ჩანს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

უკეთესი გამოსავალი ოპოზიციისთვის

კითხვაზე, თუ რა არის უკეთესი გამოსავალი ოპოზიციისთვის, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ესაა საფუძვლიანი მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის.

„უკეთესი გამოსავალია მოემზადონ 2024 წლისთვის. კეთილი ინებონ და დარჩენილ დროში ჩაუსხდნენ და სოციალურ საკითხებზე იმუშავონ - უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევაზე, ეკონომიკაზე, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.

„2024 წლისთის რუსეთის მარცხი აშკარად გამოკვეთილი გახდება და ახალი გეოპოლიტიკური ვითარება იქნება, ამაზე მთელი კონცეფციები უნდა ააგონ. თან 2024 წლისთვის სუფთა პროპორციული არჩევნები იქნება. ამიტომ ბევრი ფაქტორია, რომ ოპოზიციამ წარმატება მიიღოს.

„დღეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა აბსოლუტური სირეგვენე და წინდაუხედავობაა. რომ ჩაუვარდებათ, 2024 წელსაც გაიმეორებენ და ოპოზიცია უკვე ჩამოშლილი იქნება. არ ესმით, რომ ახლა სჯობს ეს წლები გამოიყენონ, უკრაინის მოვლენებს დაელოდონ და პარალელურად მრავალი პროექტი და პროგრამა შეიმუშავონ. უცხოეთიდან სოციალური სფეროს სპეციალისტები მოიწვიონ და დეტალებში გაწერონ, თუ სიღარიბის დაძლევას როგორ აპირებენ.

„ვიდრე „ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, საქართველოში სიღარიბე იქნება. „ოცნება" სახელმწიფოს მხოლოდ სიღარიბით მართავს, სხვა არაფრით. ამიტომ ამაში უნდა დაარტყან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×