თეონა ვეშაგური
06.09.2022

რუსეთის ურთიერთობაში მის მეზობლებთან და მათ შორის საქართველოსთან ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ის იქნება, თუ როგორ ექცევიან ამ ქვეყნებში რუსულენოვან მოსახლეობას. ამის შესახებ საუბარია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალ კონცეფციაში, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს დაამტკიცა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოში რუსეთიდან იმიგრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა მნიშნელოვნად გაიზარდა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოსთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავდეს.

საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფციის თანახმად, ბალტიის ქვეყნებთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარებისას გათვალისწინებული იქნება რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხები.

დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და ოკუპირებულ - აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა, - ნათქვამია კონცეფციაში.

„რუსეთის ფედერაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვისა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში მხარს უჭერს", - ნათქვამია კონცეფციის ტექსტში.

როგორც საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პოლიტოლოგმა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან" განაცხადა, ვითარება საყურადღებოა.

„ეს არის მათი სტრატეგიისა და პოლიტიკური კურსის გაგრძელება. რეალურად არ მომხდარა განსაკუთრებული ცვლილება. უბრალოდ, პუტინი კვლავ ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი ძალები. საუბარია რუსული ელემენტების, მოსახლეობისა და კულტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ნებისმიერ ქვეყანაში. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არი რუსული ნაციონალიზმის კიდევ ერთი გამოვლინება. არ იშლიან არჩეული გზით სიარულს ბატონი პუტინი და მისი მომხრეები.

„შესაძლებელია ეს გადაიზარდოს საფრთხეშიც. ასეთივე უწყინარი ჩანდა რუსულენვანთა ინტერესების დაცვის საკითხი ახლო აღმოსავლეთში. ერთი შეხედვით არაფერი იყო ცუდი, მაგრამ აქედან წამოიზარდა ომი საქართველოსთან, მოლდოვასთანა და უკრაინასთან. ამიტომ აუცილებელია მზადყოფნა. საყურადღებოა თუ როგორ განვითარდება ეს თეზისები რუსულ ფილოსოფიასა და პოლიტიკაში. არ არის გამორიცხული გამოიყენონ პროპაგანდისა და პროვოკაციისთვის", - განაცხდა მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×