ელზა პაპოშვილი
06.09.2022

რამდენიმე დღეა  უკვე უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე არიან გადასული დროებით ოკუპირებულ ხერსონის მიმართულებით. ამის პარალელურად კი მათ სამშაბათს მოულოდნელად შეტევა ხარკოვის მიმართულებით, ქალაქ ბალაკლეაზეც დაიწყეს.

სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ უკრაინელების უპირატესობა ფრონტის  ხაზზე აშკარაა და მათ დასავლეთიდან მიღებული იარაღის საშულებით შეტევითი ბრძოლები დაიწყეს. რუსეთს ამ ეტაპზე ყველა რესურსი ამოწურული აქვს და ის ძირითადად თავდაცვაზეა გადასული. თუმცა ანალიტიკოსები არ ელიან, რომ ხერსონის აღებას უკრაინელები რამდენიმე დღეში შეძლებენ. მათი აზრით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად სიტუაცია რუსებისთვის კიდევ უფრო დრამატული იქნება და უკრაინის უპირატესობა ბევრად გაიზრდება.

რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე  

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ უკრაინაში 47-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა. ოკუპირებულ ლისიჩანსკსა და სევეროდნეცკში მძიმე მდგომარეობაა. მოსახლება საკვებზე დაუსრულებელ რიგებშ დგას. ჰუმანიტარული პრობლემების პარალელურად, სამხედრო მოქმედებები გრძელდება ოკუპირებული ოლქის სხვა ქალაქებში. დაიბომბა ბახმუტი,.

მძიმე არტილერიით რუსულმა ჯარმა ქალაქ ნიკოლაევს შეუტია. დაზიანებულია სკოლა, 10-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი და კორპუსი. ღამით 40 რაკეტა ესროლეს სუმის ოლქს. ოკუპანტებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფელზე, დაშავებულია 2 ადამიანი. განადგურდა 16 სახლი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება უფრო მეტად შეზღუდეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილებს მდინარე დნეპრის გადაკვეთა კატეგორიულად ეკრძალებათ.

ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, სამშაბათს ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ამ დროისთვის ქალაქი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა, დმიტრო ორლოვმა ტელეგრამის არხზე, ადგილობრივებზე დაყრდნობით გაავრცელა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

5 სექტემბერს, დაბომბვის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად, გაითიშა ის უკანასკნელი გადამცემი ხაზი, რომელიც სადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. შედეგად, ქსელიდან გათიშულია ერთადერთი მოქმედი მეექვსე ენერგობლოკი.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 1-ელ სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ დაათვალიერა. მათი ვიზიტი ოკუპანტების მხრიდან მუდმივი დაბომბვებისა და თავდასხმების ფონზე მიმდინარეობდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისიამ სადგურზე რამდენიმე წარმომადგენელი დატოვა. მათ დასკვნა უნდა მოამზადონ ატომურ სადგურში არსებულ მდგომარეობაზე.

უკრაინელების მოულოდნელი შეტევა ხარკოვის მიმართულებით

ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“  ამბობს, რომ ახლა ბრძოლები ხარკოვის მიმართულებით ქალაქ ბალაკლეასთან მიდის. რუსებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალბის კონტრშეტევა მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ დაბნეული და შეშინებული არიან. 

რაც შეეხება ხერსონს, მისივე თქმით, ამ ქალაქს უკრაინელებისთვისაც და რუსებისთვისაც სასიცოცხლო მნიშვენლობა აქვს და ამიტომ აქ ბრძოლები კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს. თუკი უკრაინელები ხერსონის აღებას შეძლებენ, მაშინ რუსებისთვის ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო გზა სრულად ჩაიკეტება და ზამთარში ნახევარკუნძული დენის და წყლის გარშე დარჩება. თავად რუსეთის არმიას კი სამხრეთის ფრონტის  მიმართულებით მძიმე სიტუაცია შეექმნება, ჯარის მომარაგების თვალსაზრისით პრობლემები გაჩნდება. 

„პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო,  რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ შეცვალოს  და ეროვნული გვარდიის სარდალი, არმიის გენერალი ვიქტორ ზოლოტოვი დანიშნოს. ამასთან, რთულია იმის თქმა, რამდენად შეინარჩუნებენ პოზიციებს უკრაინელები. ისინი ახლა ანალოგიურ შეტევას ხარკოვის მიმართულებითაც ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანია. მათ ერთხელ უკვე ჩაატარეს ხარკოვის ოკუპანტებისგან წმენდის ოპერაცია, თანაც წარმატებულად. მართალია, რუსებმა მაინც დაიბრუნეს პოზიციები, მაგრამ ახლა აქვთ უნიკალური მდგომარეობა. 

„ხარკოვისა და ხერსონის ოპერაციების ჰარმონიზაცია, თუ ეს ასე მოხდა, სერიოზულ გავლენას იქონიებს ფრონტის ხაზზე უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინელები ახლა დასავლეთისგან მიღებულ იარაღს ძალიან კარგად იყენებენ. თანაც უკრაინის ხელისუფლებამ მოახერხა და მასობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფონზე ცოცხალი ძალა არ უჭირს. 

„რუსეთს კი ახლა უმძიმესი სიტუაცია აქვს. პუტინმა ფარული მობილიზაცია გამოაცხადა და ფორნტზე წასაყვანად ხალხს ქუჩიდან კრეფს. ასევე ზამთრის მოახლოვებასთან ერთად მას უფრო მეტი ფული, ცოცხალი ძალის და ტექნიკის რესურსის მობილიზება დასჭირდება. ეს კი ძალიან მძიმე შედეგამდე მიიყვანს. ამიტომ ახლა უპირატესობა უკრაინელების მხარესაა, რომლებიც ზამთრისთვის უკეთესად მოემზადებინა. შეიქმნება ე.წ. დივერსიული და პარტიზანული ჯგუფები, რომლებიც რუსეთის არმიაზე ნადირობას დაიწყებენ. პუტინმა ეს იცის და ვფიქრობ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უკრაინის დათანხმებას შეეცდება“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.

ამოიწურა თუ არა რუსეთის შეტევითი პოტენციალი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა რუსეთის შეტევითი პოტენციალი, ფაქტობრივად, ამოიწურა. რუსეთი ელოდება ზამთარს, როცა უკრაინას ეკონომიკურადაც გაუჭირდება და სწორედ ამის იმედი აქვს. ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობასთან მუდმივად უნდა იმუშაოს, რათა ხალხს მოტივაცია არა მარტო შეუნარჩუნოს, არამედ აუმაღლოს კიდევაც. 

მისივე თქმით, უკრაინა სწორად იქცევა, როდესაც ჯერჯერობით რუსეთთან არავითარ შეთანხმებას არ დებს, ვინაიდან რუსეთისთვის შეთანხმება დროის მოგება იქნება. 

„უკრაინას, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ შეტევით ბრძოლებზე გადავიდეს, მაგრამ ფუჭი მოლოდინია, რომ ხერსონს დღეს და ხვალ აიღებენ. სამწუხაროდ, უკრაინა მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ომისთვის და თავისი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად, რათა შეძლოს კონტრშეტევა და არა კონტროპერაცია. 

„უკრაინელები ჯერ არ არიან მზად განახორციელონ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა ხერსონთან. ომი გადასულია სტაციონარული დაპირისპირების ფაზაში, დიდი წინსვლა არც ერთ მხარეს არ ეტყობა. უკრაინას ჯერ არ შეუძლია განახორციელოს ფართომასშტაბიანი შეტევა, რუსეთმა კი უკვე ამოწურა თავისი შეტევითი პოტენციალი. 

„ვადის განსაზღვრა ძალიან ძნელია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, დროულად მიიღებს თუ არა უკრაინა შეიარაღებას და დროულად მოახერხებს თუ არა კონტრდაჯგუფების ჩამოყალიბებას. უკრაინისთვის დიდი გამარჯვება იქნება, თუკი ის ხერსონის ოლქსა და ზაპოროჟიეში შეძლებს წარმატების მიღწევას, რათა გავიდეს აზოვის ზღვაზე და ეს შესაძლებელია წელიწად-ნახევარში მოახერხოს, მაგრამ თუ, როგორც უკრაინის ხელისუფლება ამბობს, ის ყირიმის ჩათვლით გავა უკრაინის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ამას წლები დასჭირდება, თუ რამე არ შეიცვალა. ამიტომ ხანგრძლივი ომისთვის ყველა მზად უნდა იყოს“, - ამბობს კაპანაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, რუსეთისთვის შეთანხმება დროის მოგება იქნება. ამიტომ უკრაინა სწორად იქცევა, როდესაც ამ გადაწყვეტილებაზე არ მიდის. როგორც გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუკი შეთანხმება შედგება თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდში უკრაინა აღჭურვილობასა და შეიარაღებას ვეღარ მიიღებს, რუსეთი კი ამ დროს თავისი რესურსების მობილიზებისთვის გამოიყენებს და შემდეგი ეტაპი ისევ შეტევა იქნება. 

აქედან გამომდინარე, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი შეთანხმებას არ დაარღვევს, მითუმეტეს, ამის გამოცდილება მსოფლიოს არაერთი აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×