თეონა ვეშაგური
21.09.2022

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, ამის შესახებ თავად ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. ვლადიმირ პუტინის თქმით, გადაწყვეტილება "ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერტორიული მთლიანობის" დასაცავად მიიღო. მობილიზაციის შესახებ განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნული მოსალოდნელი იყო, თუმცა, რუსული საზოგადოება ამისთვის მზად არ არის.

მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება. მანამდე კი რუსეთის რკინიგზა და აეროფლოტი ბილეთების გაყიდვას წყვეტს 18 დან 65 წლამდე მამაკაცებზე, რომელთაც არ ექნებათ სპეციალური ნებართვა ქვეყნიდან გასვლისთვის.

ნაწილობრივი მობილიზაციის საკითხს გამოეხმაურა უკრაინული მხარეც. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს.

„სამდღიანი" ომის 210-ე დღე, რუსებმა, რომლებიც მოითხოვდნენ უკრაინის განადგურებას, საბოლოოდ მიიღეს: მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და დახურული საბანკო ანგარიშები, ციხე დეზერტირობისთვის. ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვითაა, არა? ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს", - წერს პოდოლიაკი.

პუტინის განკარგულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ. ასევე, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

„სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად არიან რეზერვში და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მანვე მოქალაქეებს განუმარტა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

„ვსაუბრობთ უცილებელ, გადაუდებელ ნაბიჯებზე რუსეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი თანამემამულეების სურვილისა და ნების მხარდაჭერაზე, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და დასავლური ელიტების ნაწილის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი დომინირება და ამისათვის ცდილობენ დაბლოკონ განვითარების სუვერენული დამოუკიდებელი ცენტრები, რათა გააგრძელონ თავიანთი ნების უხეში დაწესება სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე", - განაცხადა პუტინმა.

კრემლის ლიდერმა ისაუბრა ბირთვულ საფრთხეზეც. პუტინი აცხადებს, რომ მათ, ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობენ, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს.

„მათ, ვინც ჩვენს დაშანტაჟებას ბირთვული იარაღით ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ „ქარის ვარდი" შეიძლება მათი მიმართულებით შებრუნდეს.

"როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება, ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას რუსეთისა და ჩვენი ხალხის დასაცავად. ეს ბლეფი არ არის", - განაცხადა პუტინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

თავის მხრივ, მობილიზაციის საკითხზე ისაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ. მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ. მანვე დასძინა, რომ რუსეთს დაახლოებით 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი აქვს.

„ჩვენ გვაქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი, ანუ რესურსი, ვინც მსახურობდა, ვისაც აქვს საბრძოლო გამოცდილება, ვისაც აქვს სამხედრო სპეციალობა, თითქმის 25 მილიონი ასეთი ადამიანი გვყავს", - განაცხადა შოიგუმ.

როგორც შოიგუ განმარტავს, სტუდენტების მობილიზების შესახებ საუბარი არ არის და არც იქნება. ასევე, მობილიზებას და ე.წ. „სპეცოპერაციის" ზონაში გაგზავნას არ ექვემდებარებიან ახალწვეულები.

სამხედრო ექსპერტი „რეზონანსთან" განმარტავს, რომ აღნიშნული მოსალოდნელი იყო, რუსეთის მხრიდან უკრაინის ფრონტზე განცდილი დიდი დანაკარგის გამო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვახტანგ მაისაია ჯერ კიდევ ზაფხულში პროგნოზირებდა შემოდგომით მოსალოდნელ მობილიზაციის გამოცხადებას.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პროცესს, დიდი დაძაბულობა მოყვება როგორც რუს საზოგადოებაში, ისე თავად კრემლშიც.

„თქვენთან ინტერვიუში ჯერ კიდევ ივნისში ვპროგნოზირებდი ამ ყველაფერს, მოსალოდნელი იყო მობილიზაციის, მათ შორის ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, რადგან ფრონტზე ძალების თანაფარდობა უკრაინელების სასარგებლოდ შეიცვალა.

„რუსეთის საოკუპაციო ძალებს უჭირთ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება, ამიტომ ხდება 300 000 რეზერვისტის მობილიზაცია, პუტინის მოქმედებებით რუსელი ჯარის რაოდენობა უკრაინაში იზრდება, რის გამოც ფრონტის ხაზზე ძალების თანაფარდობა იქნება თანასწორი.

„დრო გვიჩვენებს, პუტინი რამდენად მოახერხებს მობილიზაციას. ამასთან, საინტერესოა რა რეაქცია ექნება თავად რუსეთის მოსახლეობასაც. პუტინის რეიტინგი აუცილებლად დაეცემა. რუსული საზოგადოება ამისთვის მზად არ არის, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული.

„გარდა ამისა, როგორც მე ვიცი, ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ნებისმიერი სახის მობილიზაციის. ამ ფაქტმა შესაძლოა დაძაბოს სიტუაცია თვითონ კრემლშიც". - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×