თეონა ვეშაგური
22.09.2022

21 სექტემბერს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია . თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააკონკრეტა, რომ დაახლოებით 300 ათას რეზერვისტს გამოიძახებენ უკრაინაში „სპეციალურ ოპერაციაში" მონაწილეობის მისაღებად. რუსეთის არაერთ ქალაქში მოქალაქეები გამოვიდნენ სწორედ ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ხალხის მასობრივი გადინების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა საზღვრები ჩაკეტოს. აღნიშნული დავის საგანი გახდა საქართველოშიც.

პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის გამო მოქალაქეების ნაწილმა რუსეთის დატოვება დაიწყო. ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ორივე მხრიდან საავტომობილო რიგები ოთხშაბათ საღამოს გაჩნდა. ამასთან რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. ამის გამო უკვე ათასობით ადამიანია დაკავებული.

რუსეთში მიმდინარე პროცესებს მძაფრი რეაქციები მოჰყვა საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში. ლატვიამ ჯერ კიდევ 21 სექტემბერს გამოაცხადა, რომ უარს აცხადებს რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებაზე, რომლებიც მობილიზაციას გაექცევიან.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ რიგა არ გასცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ თავიდან აიცილონ ჯარში გაწვევა და საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ მისცემს მათ, ვისაც უკვე აქვს შენგენის ვიზა. ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში მინისტრმა ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებებით ახსნა.

ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ რუსეთიდან რეზერვში გაწვევას გამოქცეული მოქალაქეები არ უნდა მივიღოთ, მმართველ გუნდში კი რუსების მასობრივ შემოდინებაში საფრთხეს ვერ ხედავენ.

პარტია „ლელოში" მიიჩნევენ, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. პარტიის განცხადებით, შედეგად დღის წესრიგში რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის დაწესება დადგება.

სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველო დღეს რჩება ყველაზე მარტივ ქვეყნად, სადაც რუსებს შეუძლიათ შემოსვლა. „უნდა შემოვიდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი სავიზო რეჟიმი,"- აცხადებს სამადაშვილი.

უმრავლესობის წევრების თქმით მთავრობა რისკების პრევენციაზე ისედაც მუშაობს, მსგავსი ინიციატივები კი პოპულისტურია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პოპულისტური ნაბიჯები არაგონივრულია.

„თუ ვინმეს ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული იქნება ეს რუსეთის მოქალაქე თუ სხვა უნდა მოხდეს მკაცრი ადმინისტრირება," - აცხადებს ოხანაშვილი.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ ყველაფერს და სახელმწიფო უსაფრთხოება საიმედო ხელშია.

„იყო აგორებული კამპანია, რომ ის რამოდენიმე ათეული ათასი რუსი ტურისტი, რომელიც შემოსულია, შესაძლოა გახდეს რისკფაქტორი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ თავიდანვე ვამტკიცებდით, რომ ყველაფერი კონტროლქვეშაა და იყო ნული რისკი. ორივეჯერ ეს ხომ დამტკიცდა. დამთავრდა ტურისტული სეზონი, მარტმაც გადაიარა, აგვისტომაც გადაიარა, არაფერი. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ის ისტერიკა ნულოვან საფუძველზე იყო დამყარებული. აქაც ვხედავთ მესამე ტალღას ისტერიკის. ამბობენ, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები, შესაძლოა, გახდეს რისკფაქტორი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებაც მიხვდება, რომ სრული აბსურდია რასაც ისინი ამტკიცებენ. სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ ყველაფერს და სახელმწიფო უსაფრთხოება საიმედო ხელშია," - განაცხადა მან.

„ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ საქართველოში შემოსვლის მსურველებს ძალოვანი სამსახურები კანონის შესაბამისად ფილტრავენ და მათ, ვინც ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელი არიან, უკან აბრუნებენ.

„რაც შეეხება იმის მცდელობას, თითქოს მობილიზაცია იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი სავარაუდოდ ბოლო დღეებს ითვლის, ასე მეგობრებო არ არის, რადგან თუ არ ვცდები იქ თვითონ აქვთ ჩაკეტილი... ტურისტებს ვისაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ისევე მივიღებთ, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. თუ იქნება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევ მიაბრუნებენ," - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

ამ თემას მიხეილ სააკაშვილიც ეხმაურება.

„პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ აგებს ომს და იყენებს ბოლო არგუმენტს - ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აუცილებლად პირდაპირ ჩართავს ომში დასავლეთს, ამერიკის მეთაურობით.

ეფ35-ით დამომბვის რამდენიმედღიან კამპანიას შეუძლია რუსეთის არმიის სრული განადგურება. მობილიზაციაც ის წითელი ხაზია რუსეთის შიგნით, რომლის გადალახვაც ბოლომდე ძირს უთხრის რეჟიმისადმი მხარდაჭერას. წლის ბოლომდე პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში და რუსეთი იქნება სრულ ქაოსში.

„პუტინმა ისევ ხაფანგში შეიყვანა საკუთარი თავი, რომლიდანაც კარგი გამოსავალი არ არსებობს. ბირთვული იარაღის გამოყენებას ასეთ დასუსტებულ პუტინს არავინ შეარჩენს თუნდაც იმის გამო, რომ ჩინეთს არ გაუხსნას ხელები ტაივანთან მიმართებაში," - წერს სააკაშვილი.

„ჩემი პროგნოზია, რომ დაგეგმილი სამასი ათასიდან, ოცდაათსაც ძლივს შეკრებენ. ვოენკომატების სისტემა მთლიანად მოშლილი აქვთ და რუსეთისთვის საუკეთესო შემთხვევაში, ისინი ფრონტზე მოხვდებიან მხოლოდ წლის ბოლოს, როცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იქნება. ეს არის პირველი საერთო მობილიზაცია 1941 წლის შემდეგ. პუტინს მხოლოდ ერთი გზა დარჩა - გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რითაც ნატოს ჩარევის პროვოცირებას მოახდენს. ამის შემდეგ გაიყვანს ჯარს და რუსებს ეტყვის, რომ ის კონცენტრირდება ნატოსგან რუსეთის ტერიტორიის დაცვაზე და ამით გაამართლებს სრულ სამხედრო კრახს. სხვათაშორის, რუსეთიდან უცხოეთში რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი რუსებისთვის," - ამბობს ის.

 

 

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×