თეონა ვეშაგური
22.09.2022

რუსეთის ტყვეობიდან 215 ადამიანი გაათავისუფლეს, მათ შორის არიან „აზოვსტალის" მცველები, უკრაინის მხარეს მებრძოლი ათი უცხოელი, ასევე პოლკ „აზოვის" 108 მებრძოლი და 5 მეთაური.

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, 200 ტყვის სანაცვლოდ რუსეთს გადასცეს პუტინის ახლობელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ქვეყნიდან გაპარვის მცდელობის დროს დააკავეს. რუსეთს ასევე გადასცეს 55 ტყვე.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ როგორც ჩანს პუტინისთვის ძვირფასია ვიქტორ მედვედჩუკი, რომელთანაც ნათესაობრივი კავშირი აქვს.

„გაჭიანურდა მოლაპარაკების პროცესი, თუმცა აზოვის მებრძოლთა დაბრუნება და უკრაინული მხარისათვის გადაცემა მაინც მოხერხდა. ისინი სხვა ტყვეებთან ერთად გაიცვალნენ მედვეჩუკის ფიგურაზე, რომელიც პუტინის ნათესავია. პუტინი არის მისი შვილიშვილის ნათლია, ამიტომ როგორც ჩანს მისთვის ძალიან ძვირფასია ის.

„ზოგადად, ტყვეთა გაცვლის საკითხზე მოლაპარაკებები უფრო ხანგრძლივია, ამიტომ ალბათ მხოლოდ ახლა მოხერხდა შეთანხმების მიღწევა," - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან.

ამასთან, „აზოვის" 5 მეთაური - დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლინსკი „ვოლინა", სვიატოსლავ პალამარი, დენის შლეგა და ოლეგ ხომენკო, რომლებიც ტყვეობიდან გაათავისუფლეს, რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებამდე თურქეთში, პრეზიდენტ ერდოღანის პატრონაჟის ქვეშ იცხოვრებენ. ტყვეთა გაცვლის პროცესში ჩართული იყო საუდის არაბეთი.

გათავისუფლებული აზოვის მებრძოლები მადლობას უხდიან ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ დაბრუნებაში მონაწილეობა მიიღო.

„უსაზღვროდ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დაგვაბრუნეთ. მადლობა მთელ შეიარაღებულ ძალებს და საზღვაო ქვეითებს, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალს. მადლობა მთელ გუნდს და იმ ხალხს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენს დაბრუნებაში," - აცხადებს აზოვის მებრძოლი.

„ბევრი რამ უკვე ითქვა, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც ახლა, ამ დღეს, ზუსტად ამ საათში ასრულებენ დავალებებს საბრძოლო პუნქტებზე, იბრძვიან ჩვენი უკრაინისთვის. დიდება უკრაინას," - ამბობს აზოვის ერთ-ერთი მებრძოლი.

ტყვეთა გაცვლა ჩერნიგოვის ოლქში მოხდა. გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი - მიხაილო ვერშინინი და „აზოვსტალის" ერთ-ერთი მცველი - ეკატერინა პოლიშჩუკი, რომელსაც „პტაშკად" იცნობენ.

რუსეთმა აზოველებთან ერთად გუშინ ტყვეობიდან 10 უცხოელიც გაათავისუფლა, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. ამის შესახებ როიტერი საუდის არაბეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იუწყება. ამავე წყაროს ცნობით, მოლაპარაკებაში ჩართული იყო პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი.

გათავისუფლებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიის და მაროკოს მოქალაქეები.

ბრიტანეთის პრემიერმა ლიზ ტრასმა დაადასტურა, რომ 5 ბრიტანელი ტყვე ნამდვილად გათავისუფლებულია. მან საუდის არაბეთსა და ზელენსკის მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.

გათავისუფლებულ ბრიტანელებს შორისაა ეიდენ ესლინი, უკრაინის მხარეს მებრძოლი, რომელიც ტყვედ აპრილში ჩავარდა. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში მას კიდევ ერთ ბრიტანელ შონ პინერსა და მაროკოელ ბრაჰიმ საადუნთან ერთად, სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. სამივე მათგანი თავისუფალია.

„როიტერზს" ნათესავებმა დაუდატურეს, რომ რუსეთმა გაათავისუფლა ამერიკელი მებრძოლები ალექსანდრე დრიუკი და ენდი ჰიუნი.

უცხოელი ტყვეები საუდის არაბეთში ჩაფრინდნენ.

უკრაინული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინამ სულ 802 ადამიანი დაიხსნა.

ტყვეთა გაცვლის ფაქტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც,

„ჩვენ ვაბრუნებთ სახლში ჩვენ ხალხს. გაცვლა ახლახან დასრულდა. ჩვენ გვაქვს 215 კარგი ამბავი. 215! ეს ჩვენი სახელმწიფოს, მთელი საზოგადოების გამარჯვებაა და რაც მთავარია, 215 ოჯახის, რომლებიც შეძლებენ საყვარელი ადამიანების უსაფრთხოდ ნახვას.

„უკრაინის გმირი ევგენი ბოვა, უკრაინის გმირი ლევ პაშკო, უკრაინის გმირი დენის პროკოპენკო, აზოვის 108 მებრძოლი, აზოვსტალისა და მარიუპოლის 188 გმირი, ოლენივკაში რუსული ტერაქტის დროს დაშავებული რვა ადამიანი, სულ 215 გმირი!

„ესენი არიან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები, ჩვენი არმია, საზღვაო ძალები, მესაზღვრეები, პოლიციელები, უსაფრთხოების ძალები, SBU-ს თანამშრომლები და სხვა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც უკრაინის ეს გამარჯვება უზრუნველყავით! ვულოცავ ყველა ჩვენს დამცველს და სახლში დაბრუნებულს! ჩვენ ყველა გვახსოვს! დიდება უკრაინას!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×