თეონა ვეშაგური
22.09.2022

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეროვნული კრების ყოფილმა დეპუტატმა, ნატალი სმირმა განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, აფხაზეთზეც გავრცელდება, სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულების შესაბამისად. ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამას აფხაზი საზოგადოების მწვავე რეაქცია აუცილებლად მოჰყვება.

„მე არ მგონია ასე მოხდეს, მაგრამ ალბათ იქნება რაღაც შეფარული მცდელობები, რომ თუნდაც მოხალისეების სახით წაიყვანონ აბხაზეთიდან მებრძოლები. მსგავსი რამ უკვე მოხდა ერთხელ, რასაც საზოგადოების მხრიდან მოჰყვა პროტესტი. ეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა სოციალურ ქსელში, აფხაზი მოქალაქეები თვლიდნენ, რომ რუსებს ისინი საზარბაზნე ხორცად სჭირდებოდათ. ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება და ვითარება გამწვავდება," - განაცხადა არეშიძემ.

„რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს, მე-6 მუხლში ვკითხულობთ, რომ თუ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი აგრესიის, ან შეირაღებული თავდასხმის საშიშროების წინაშე დგას, ეს აღიქმება როგორც შეიარაღებული თავდასხმა მოკავშირე მეორე მხარეზეც.

„ე.ი. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენც გვევალება ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, ვინაიდან ეს ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს ვალდებულებები ჩვენთან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც 27-ში დონეცკსა და ლუგანსკში რეფერენდუმი ჩატარდება და ტერიტორია რუსეთის ნაწილი გახდება.

„არ ვიცი, ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ის, რომ ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას კოლექტიურ დაცვაში, ამის თქმა სიზუსტით შემიძლია.

„ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო, საშიში და ტრაგიკულია, და ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია.

„ასე რომ, ჩვენი შეთანხმებისა და რუსეთის წინაშე არსებული ვალდებულებების მიხედვით, ჩვენ ვიქნებით ამ ომის მონაწილეები, სულ ეს არის და ეს," - ამბობს ნატალი სმირი.

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის გადაწყვეტილებას რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციებზე 1 400-მდე პირი დააკავეს. ფიქსირდება რუსეთიდან მოქალაქეების მასობრივად გადინების ფაქტები, რის გამოც არ არის გამორიცხული რუსეთმა საზღვრები ჩაკეტოს.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×