თეონა ვეშაგური
28.09.2022

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ ოლქში ე.წ რეფერენდუმები დასრულდა. შედეგებს ცივილიზებული მსოფლიო არ აღიარებს. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტამგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, გამორიცხული არაა, რომ პუტინმა ამ რეგიონების შესანარჩუნებლად მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენოს.

23-27 სექტემბერს, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ოთხ ოლქში -დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში გამართული ე.წ რეფერენდუმის ხმების ასი პროცენტის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ თითქოს და რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში „ამომრჩევლების" 99.23%-მა დაუჭირა მხარი, ლუგანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეში - 93.11%-მა, ხერსონში კი - 87.05%-მა.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, „რეფერენდუმის" დროს უხეში დარღვევები და შენიშვნები არ დაფიქსირებულა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ე.წ რეფერენდუმის შედეგებს გმობს. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული უკანონო „რეფერენდუმების" ყალბ შედეგებს არ აღიარებს.

„ევროკავშირი გმობს უკანონო „რეფერენდუმების" ჩატარებას და მათ გაყალბებულ შედეგებს. ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი ხელყოფა, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფონზე. მივესალმებით უკრაინელების გამბედაობას, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევას", - წერს ბორელი „ტვიტერზე".

რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერიც, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ ცნობს რუსეთთან შეერთების საკითხზე უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ყალბი რეფერენდუმების შედეგებს.

„ჩვენ არ მივიღებთ ამ ყალბი რეფერენდუმების შედეგებს და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას დაუღალავი ძალით", - აღნიშნა შოლცმა.

მისი მტკიცებით, გერმანია „ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი თავიდან აცილება მოხდეს".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც ამ "რეფერენდუმების" შემდეგ, რუსეთისგან არის მოსალოდნელი.

„რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ რეფერენდუმის შემდეგი ნაბიჯი იქნება ანექსია და რუსეთის შემადგენლობაში ოლქების იძულებით შეყვანა. ამასთან, როგორც კრემლის ოფიციალური პირები აცხადებენ, მათი მიზანია, რომ ამ 4 ოკუპირებული რეგიონის ადგილას ერთიანი ფედერალური ოლქი შექმნან.

„მიუხედავად ამისა, უკრაინული მხარე ფრონტის ხაზზე სამართლიან ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს. პუტინის მოქმედებები უკრაინას ვერ შეაჩერებს. აღსანიშნავია, ისიც, რომ რეფერენდუმის შედეგები არცერთმა სახელმწიფომ არ აღიარა, მათ შორის არც რუსეთის მოკავშირე ქვეყნებმა. უკრაინის პრეზიდენტი მართალია, მან ამ რეფერენდუმს მსოფლიოს თვალწინ ჩადენილი ფარსი უწოდა. ამ გეოპოლიტიკური ფარსის შედეგებს მხოლოდ კრემლი აღიარებს და მისი მხოლოდ მარიონეტულ წარმომადგენლობას სჯერა, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.

„რაც შეეხება ომის მიმდინარობას, ის ისევ გაგრძელდება. ბუნებრივია რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას კვლავ გააგრძელებს". - განაცხადა მაისაიამ.

კითხვაზე გამოიყენებს თუ არა პუტინი მასობრივი განადგურების რაიმე სახის იარაღს ოკუპირებული ოლქების შესანარჩუნებლად, სამხედრო ექსპერტის პასუხია, რომ ამ პირობებში უცნობია კიდევ რისი გაკეთება შეუძლია პუტინს.

„ კრემლის ლოგიკიდან გამომდინარე, თუ ტერიტორია ანექსიის შედეგად რუსეთის შემადგენლობაშია შეყვანილი, მასზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმად ჩაითვლება.აქედან გამომდინარე, ძნელი გასარკვევია კრემლი რას მოიმოქმედებს. პუტინი ყველა სამართლებრივი ჩარჩოდან გასულია, მან კონსტიტუციური გადატრიალება მკახდინა, ფაქტიურად უკანონო მმართველი გახდა. ასე რომ არავინ არ იცის, კიდევ რა შეუძლია მოიმოქმედოს", - განაცხადა მაისაიამ "რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×