თეონა ვეშაგური
28.09.2022

რუსეთიდან მიმავალ გაზსადენებზე - „ჩრდილოეთ ნაკადი 1-სა" და „ჩრდილოეთ ნაკად 2-ზე" დაზიანება მოხდა, რის გამოც მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაჟონვა დაფიქსირდა. შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ორი გაჟონვაა - ერთი შვედეთის ეკონომიკურ ზონაში და ერთი დანიის ეკონომიკურ ზონაში. დასავლეთი რუსეთის მიერ მოწყობილ დივერსიაზე საუბრობს. ექსპერტთა შეფასებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ.

დანიის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაუქმებული მილსადენიდან ბალტიის ზღვაში გაზის გაჟონვის შესახებ და გემებს გარკვეულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის მილსადენის ოპერატორმა გაზსადენის ორივე ხაზზე წნევის ვარდნის შესახებ განაცხადა.

ამასთან, შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციში გაზსადენიდან შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ წყლებში გაჟონვაზე საუბრობენ.

„ორი გაჟონვაა - ერთი შვედეთის ეკონომიკურ ზონაში და ერთი დანიის ეკონომიკურ ზონაში. ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან",- ნათქვამია შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის პრესსპიკერის განცხადებაში.

მისივე თქმით, გაჟონვა დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

"გავაძლიერეთ დაკვირვება, რათა უზრუნველვყოთ, რომ არცერთი გემი არ მიუახლოვდეს ადგილს," - განმარტა შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.

მომხდარის გამო, ევროპელი დიპლომატები დივერსიის შესახებ საუბრობენ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დანიის თავდაცვის მინისტრთან, მორტენ ბოდსკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენებზე მომხდარი გაჟონვა დივერსიული აქტია.

„ჩვენი ძვირფასი მოკავშირე დანიის თავდაცვის მინისტრ მორტენ ბოდსკოვთან განვიხილეთ „ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენებზე მომხდარი დივერსია. ვისაუბრეთ ნატო-ს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე", - დაწერა სტოლტენბერგმა „ტვიტერზე".

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აღნიშნულის გამო, შეშფოთებას ვერ მალავს.

„ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია „ჩრდილოეთის ნაკადი 1" და „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენების დაზიანების გამო, რამაც ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში გაზის გაჟონვა გამოიწვია.

„ეს ინციდენტები დამთხვევა არ არის და ყველას გვაზარალებს. ყველა არსებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ეს გაჟონვები არის მიზანმიმართული ქმედების შედეგი", - წერს ბორელი „ტვიტერზე"

მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ნებისმიერ გამოძიებას, რომლის მიზანი იმის გარკვევა იქნება, რა მოხდა და რატომ.

„ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ჩვენი მედეგობის გაზრდის მიზნით. ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება ყოვლად მიუღებელია და მას მტკიცე და ერთიანი პასუხი მოჰყვება", - წერს იგი.

პარალელურად, გერმანული გაზეთი სახელწოდებით „ყოველდღიური სარკე" გერმანიის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაზსადენებზე, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და 2-ის" სახელით არიან ცნობილი, წნევის დაცემის მიზეზი შეიძლება იყოს მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად დაზიანება, როგორიცაა დივერსია.

ვერსიის დასადასტურებლად საჭიროა წყალქვეშა ნავებისა და მყვინთავების დახმარებით ზღვის ფსკერის შესწავლა.

გერმანული გაზეთის ცნობით, ამჟამად განიხილება ორი ჰიპოთეზა: პირველის მიხედვით, გაზსადენები დაზიანდა უკრაინის ან მასთან დაკავშირებული ძალების მიერ, რათა რუსეთიდან გაზი ევროპაში მხოლოდ უკრაინული გაზსადენებით ან იამალის გაზსადენით, პოლონეთის გავლით მოხვდეს. მეორე ვერსიით, გაზსადენები რუსეთმა სხვისი სახელით დააზიანა, რათა დივერსიაში უკრაინა დაედანაშაულებინა, გამოეწვია ენერგოკრიზისის გამწვავება და, შესაძლოა, კიდევ უფრო გაეზარდა გაზის ფასი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს დივერსიის ვარიანტს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა შესაძლოა გარკვეული პრობლებები შეუქმნას დასავლეთს.

„არ არის გამორიცხული, რომ ინციდენტის მიზეზი დივერსია იყოს. სავარაუდოდ, რუსეთს სურს დააბინძუროს ბალტიის ზღვა და ევროპას ეკოლოგიური პრობლემები შეუქმნას. თუმცა, მეორე საკითხია, რომ რუსეთი დიდ იმედს ამყარებდა აღნიშნულ გაზსადენზე, რადგან მისი გამტარიანობის მოცულობა დაახლოებით 55 მილიარდი კუბური მეტრია. რუსეთი დამატებითი შემოსავლის მიღებას ელოდა, ამიტომ არც ის არის გამორიცხული, კიდევ მოხდეს რაიმე ინციდენტები ამერიკისთვის გარკვეული მინიშნების გასაგზავნად.

„დიდი ალბათობით, მიმდინარე პროცესი დასავლეთის დაშინებას ემსახურება, რუსეთი ცდილობს ევროპულ სახელმწიფოებს დაანახოს, რომ მას შეუძლია გარკვეული ეკოლოგიური ზიანი მიაყენოს მათ . ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე კი ყველაზე მეტად ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრება. ეს არის: შვედეთი, დანია, ფინეთი და გერმანია, ის ქვეყნები რომლებიც ბალტიის ზღვას ეკვრიან გვერდს ". - განაცხადა ჩიტაძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპერტი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ევროპას გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას.

„ეს თავად რუსების მიერ, განზრახ ჩადენილის ჰგავს , რადგან მათ ევროპისთვის გაზის მიწოდების შესაფერხებლად გამართლებული საბაბი ჰქონდეთ. კრემლისთვის დამახასიათებელია მსგავსი რამ. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ საქართველოსთვისაც, სანამ ქვეყანა აზერბაიჯანული გაზით მომარაგებას დაიწყებდა. როგორც კი საქართველო გადადგამდა რუსეთის საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯს, მაშინვე ხდებოდა ავარიები, ტერორისტული თავდასხმები და ა.შ. ეს ვითარება ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, თუმცა რთულია რაიმეს მტკიცება.

„რაც შეეხება ეკოლოგიური კატასტროფის შექმნის საფრთხეს, არ მგონია, რომ სიტუაცია ასე გართულდეს და ამას რაიმე მწვავე შედეგები მოჰყვეს, გარდა იმისა, რომ ევროპას გაზი სრულფასოვნად არ მიეწოდება", - განაცხადა მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×