“არ ვარ მომხრე ნაჯახის პრინციპით ჩავკეტოთ საზღვარი, მაგრამ, აუცილებლია კონტროლი" - ვახტანგ ძაბირაძე
ია აბულაშვილი
28.09.2022

რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გრძელდება და პარალალურად იზრდება ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი. მეზობელი ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ომში გაწვევისგან თავის დაღწევის მსურველი რუსების რამდენიმე კილომეტრიანი რიგებია.

ევროპული ქვეყნების პოზიცია რუსების მიღებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია - ფინეთმა, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ქვეყანაში შესვლის მსურველ რუს მამაკაცებს ავტომატურ თავშესაფარს არ მისცემენ. გერმანიაში რუსი მოქალაქეების მიღების საკითხს განხილავენ, აშშ კი თავშესაფარს მისცემს ყველას, ვინც მობილიზაციას გაურბიან; ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

"ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ ერთის მხრივ რუსეთის მთავრობასა და შეიარაღებული ძალების ქმედებებს უკრაინაში და მეორე მხრივ რუს ხალხს, რომელთაგან ბევრმა ამ უსამართლო ომის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა. ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი დღის განმავლობაში და ასევე ვხედავთ, რომ რუსეთში საპროტეტსო აქციები გრძელდება. ამიტომ ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, განურჩევლად მათი ეროვნებისა, შეუძლია მიმართოს აშშ-ს"- განაცხადა თეთრი სახლის პრესპიკერმა, კარინ ჟან- პიერმა.

მიიღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვტილებას, რასაც ასე მოითხოვს ოპოზიცია, უცნობია; ცნობისთვის, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-რუსეთის საზღვარს, ზემო ლარსს ათასობით ადამიანი მოაწყდა. შსს განცხადებით, რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა 40-45%-ით მოიმატა, თუმცა, ძალოვანი უწყების მიერ ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარების გასაკონტროლებლად.

"ლარსის გამშვებ პუნქტზე ნაკადები გაზრდილია, დღის განმავალობაში, სტანდარტულად თუ იყო შემომსვლელი, რუსეთის ხუთი- ექვსი ათასი მოქალაქე, ბოლო პერიოდში 40-45- %ით გაიზარდა ამ ადამიანების რაოდენობა. შსს ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება. ვაკონტროლებთ იქ არსებულ ვითარებას. ლარსის გამშვებ პუნქტზე დამატებითი ძალები არიან"- აცხადებს შსს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

ოპოზიციური სპექტრისთვის, რომლისთვისაც საქართველოში შემოსვლაზე შეუზღუდავი რეჟიმი მიუღებელი და დაუშვებელია, მოითხოვენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას, როგორც ვადებში, ისე პირობებში.

"ჩვენ ვითხოვთ რუსეთთან არა საზღვრის ჩაკეტვას, არამედ დარეგულირებას, არა ადამიანების შემოსვლის აკრძალვას, არამედ მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას, თავის დასაბუთებული გამონაკლისებით, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც რუსეთში არიან, პოლიტიკური დევნილები თუ ჰუმანიტარული და ჯანდაცვის მიზნებიდნ გამომდინარე. სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს, როგორც ვადებში, ისე პირობებში"- აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი წევრი დავით უსუფაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობა" კი გამოდის ინიციატივით დაწესდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი. "ჩვენი პარტია და ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ "ოკუპაციის კანონში" შევიდეს ცვლილებები, რითაც გარანტირებული იქნება აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი"- აცხადებს "ნაცმოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება, მიგრაცია, მთელ რიგ რისკ ფაქტორებთან არის დაკაშირებული.

"არ ვარ მომხრე ნაჯახის პინციპით ჩავკეტოთ საზღვარი, მაგრამ აუცილებლია კონტროლი. უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ზღვრული რაოდენობა, რამდენი ადამიანის მიღება შეგვიძლია. ის ადამიანები ვინც პირველ ტალღას შემოჰყვა, გამოექცნენ სანქციებს, არიან ინტეელქტუალები და ფინანსურად უზრუნველყოფილი. ახლად შემოსული ნაკადი კი ომს გამოექცა და არავინ იცის რამდენ ხანს დარჩებიან და ფინანსურადაც რამდენად არიან უზრუნველყოფილი.

"ერთ კვირაში, რომ ჯიბეში ფული აღარ ექნებათ, არ გაუარესდება კრიმინალური მდგომარება? ამიტომ, ხელისუფლება არხეინად ვერ იქნება და ვერც საზოგადოება. არავის აქვს გარანტია, რომ მესამე და მეოთხე ტალღა არ იქნება.

"საფრთხეა, რომ აფხაზეთიდანაც ახალ- ახალი ნაკადები შემოვიდნენ. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს და ზედმიწევნით გააკონტროლოს საზღვარი, თითოეული ადამიანის შესწავლა უნდა მოხდეს, აღრიცხვაა საჭირო, ანკეტების შევსება და ა.შ" - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ საზღვრის ჩაკეტვა პუტინს აძლევს ხელს, რადგან ეს ადამიანები გადასროლილი იქნებიან უკრაინაში.

"ყაზახეთმა, მონღოლეთმა და სხვა ქვეყნებმა ფართოდ გაუღეს კარი რუსეთიდან გამოქცეულ ადამიანებს და დიდი ალბათობით ეს მობილიზაცია ჩაეშლება პუტინს. საზღვრის ჩაკეტვა მხოლოდ პუტინს აძლევს ხელს, რადგან ეს ადამიანები გადასროლილი იქნებიან უკრაინაში.

"ამ ხალხს ვინც დღეს საქართველოში შემოდის არ აწყობს პროვოკაცია. ეს სიტუაცია 7 თვეა გრძელდება და ერთი პროვოკაცია ყოფილა? 10 დღეში შემოვიდა 79 ათასი ადამიანი და იმავე პერიოდში გავიდა 62 ათასი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ რჩებიან და საქართველო მათთვის არის სატრანზიტო ქვეყანა. 16 ათასით სხვაობა შემოსულ და გასულს შორის საგანგაშო ციფრი არ არის.

"რა თქმა უნდა კონტროლი აუციელებლია საზღვარზე და ამას ჯერ-ჯერობით უმკლავდება ხელისუფლება, რაც შეეხება დეტაბილიზაციის საფრხეს, მე გამორიცხავ, ეს ადამიანები ტანკს ვერ შემოიტანენ, ტანკები აგერ დგას 30 კმ-ში ოპოზიციის შემოყვანილი. ჩანერგილები კი ჩვენს ოპოზიცაში იმდენია..." -განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×