ელზა პაპოშვილი
28.09.2022

უკრაინა ფრონტის ხაზზე კვლავ წინ მიიწევს. არსებობს ინფორმაცია, რომ ქალაქ ლიმანში უკრაინელებს დიდი წარმატება აქვთ, თუმცა, მისი აღების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. უკრაინის გენშტაბი კვლავ ჩვეულ ტაქტიკას მიჰყვება და წინასწარ რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებისიგან თავს იკავებს. ფრონტის ხაზიდან სიახლეები 2 ან 3 დღის დაგვიანებით ვრცელდება. 

თუმცა, უკვე ცნობილია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ხერსონში განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა შვიდი ერთეული „ურალის“ სატვირთო მანქანა, მელიტოპოლში 10-მდე ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა და 20-ზე მეტი ოკუპანტი.

ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკისა და ჩერნიგოვკას დასახლებების ტერიტორიებზე მოწინაღმდეგის С-300 სარაკეტო კომპლექსი და ხუთი ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს, დაჭრილია 50-ზე მეტი რუსი სამხედრო. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, "კრაკენის" სპეცრაზმმა ხარკოვის რეგიონის დასახლება, კუპიანსკ-უზლოვა, რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა. ქალაქის თავზე ისევ უკრაინის დროშა ფრიალებს.

- "დღეს, 2022 წლის 27 სექტემბერს, კრაკენის სპეცრაზმმა გაათავისუფლა კიდევ ერთი ქალაქი, კუპიანსკი-უზლოვი.", -  წერია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში რუსი დამპყრობლებისგან უკვე 454 დასახლება გაათავისუფლეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში კონტრშეტევა ოფიციალურად სექტემბრის დასაწყისში დაიწყეს. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ კარგი დეტალები გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება ფრონტს, მოკლედ ვიტყვი და ჯერჯერობით დეტალების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ კარგი დეტალები იქნება. წინ მივდივართ და ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას", - აღნიშნა ზელენსკიმ.  

პოლკოვნილი აკია ბარბაქაძე კი „რეზონანსთან“. ამბობს, რომ უკრაინელების მხრიდან ახლა ორ მიმართულებაზე ხდება შეტევა. ეს არის ჩრდილოეთზე და სამხრეთზე. ბარბაქაძე ამბობს, რომ ფრონტის ხაზი 1300 კმ გაშლილი. ამიტომ რუსეთს არ ჰყოფნის პირადი შემადგენლობა, რომ სტატიკურად ყველა ფრონტის ხაზზე ზღუდეები ააგოს. ამიტომაც უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის აღება შეძლეს. 

რუსებმა, თუ რამე რეზერვი ჰქონდათ, ყველა ხერსონის გასამაგრებლად გადაისროლეს. უკრაინელებმა კი ეს მობილიზებული დაჯგუფება, ხიდების აფეთქებით, ფაქტიურად ხერსონში გამოკეტეს. ამის შემდეგ კი სუსტ რგოლად დარჩენილ ხარკოვის ოლქზე გადაინაცვლეს. 

„რუსებს პუტინის მიერ დასახული ამოცანა ჰქონდათ, რომ 15 სექტემბერს ისინი დონეცკის საზღვრებში უნდა გასულიყვნენ. ამისთვის მათ გადაჯგუფება ჰქონდათ დაწყებული. ყველაზე სუსტი კი ჯარი გადაჯგუფების  დროს არის. ამ ქაოსში უკრაინელების გენერალურმა შტაბმა, უსწრაფესად ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღო და შეიძლება ითქვას, აღსრულების კუთხით ევროპის თეატრზე უკვე მოწინავე ჯარია. თუ შევადარებთ ამერიკას და ბრიტანეთს, უკრაინული შეიარაღებული ძალები მათ შემდეგ უკვე ლიდერობს. 

რუსებმა ხარკოვის რეგიონში „როსგვარდია“ ჩააყენეს, რომელიც პოლიციური ძალებისგან არის დაკომპლექტებული. ამიტომაც მათ საბრძოლო გამოცდილება არა აქვთ. მათი განეიტრალება უკრაინელების მხრიდან მარტივად მოხდა. 

უკრაინელებმა რუსების პანიკით ისარგებელს და რაც შეიძლება სწრაფად ტერიტორია გაწმინდეს. უკრაინელები ახლა რუსებს სჯობნიან აღსრულებაში, იღებენ სწრაფ გადაწყვეტილებებს, დაზვერვის მხრივ ძალიან ძლიერები არიან და რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის ლანდშაფტს იყენებენ. ზუსტად იციან რა დროს საიდან უნდა მიუდგნენ და ასე მოულოდნელი თავდასხმებით მათი შეიარაღებული დანაყოფები უბრალოდ ჩამოშალონ“,-ამბობს ბარბაქაძე „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, უკრაინელებმა იმდენად კარგად იციან რუსების შემადგენლობა და რაოდენობა, რომ მცირე ძალებით, ტანკების გარეშე მათ თავდაცვით ზღუდეებს არღვევენ. ბარბაქაძე ამბობს, რომ უკრაინელების შეტევას რუსები ზაპროჟიეს პლაცდარმიდან, მარიოპოლი -ბერდიანსკიდან ან მერიტოპოლის მიმართულებიდან უნდა ელოდნენ. 

„დონეცკის და ლუგანსკის მმართულებით უკრაინელებს შეტევა ადვილად შეუძლიათ, მაგრამ ახლა მათი ინტერესი ძირითადად მაინც სამხრეთ უკრაინაზეა გადასული. რუსებმა უკრაინელებს გაქცევისას იმდენი ტექნიკა დაუტოვეს, ლენდ-ლიზის 1 ოქტომბერს ამოქმედებასაც აღარ ელოდებიან. 

„თუ უკრაინელებმა ბერდიანკის და მარიუპოლი აიღეს, მანდ უკვე ყირიმისკენ გზა იხსნება. უკრაინელებმა ომის სტრატეგიული ინიციატივა ხელში ჩაიგდეს. ეს არის, როდესაც უკრაინა თავისი შეიარაღებით და საშუალებით, სადაც უნდა იქ უტევს რუსებს. რუსებს აიძულებს მხოლოდ რეაგირების რეჟიმში იყვნენ. ერთი ნაბიჯით რუსებზე წინ არიან“,-ამბობს ბარბაქაძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×