ელზა პაპოშვილი
29.09.2022

უკრაინელების შეტევა ქალაქ ლიმანზე წარმატებით გრძელდება. როგორც ცნობილი ხდება, უკრაინელებმა რუსები ქალაქში ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს. ჯერჯერობით უკრაინული დანაყოფები ქალაქ გარეთ რაიონებს იკავებენ და რუსების შევიწროვებას აგრძელებენ. 

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლიმანის დაკარგვას ექნება სერიოზული შედეგები დონეცკის ოლქის ჩრდილოეთსა და ლუგანსკის ოლქის დასავლეთში, რადგან უკრაინელ სამხედროებს ლიმანზე კონტროლის აღდგენა მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოწინააღმდეგის პოზიციებს საფრთხე შეუქმნას ლუგანსკის ოლქის დასავლეთ საზღვართან და სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის რაიონებში. 

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, ლიმანი თითქმის სრულად უკრაინელი სამხედროების ალყაშია. 

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობდა ლიმანის რაიონში ბოლოდროინდელ დანაკარგებზე და მზად არ იყო ფრონტის ამ სექტორის დაცემისთვის, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც დაბალ მორალურ სულისკვეთებას.

ინსტიტუტის ექსპერტთა თანახმად, მსგავსი სიტუაცია იყო ხარკოვის ოლქში დამარცხების წინ, რამაც რუს სამხედროებში პანიკა გამოიწვია აღმოსავლეთის მთელ მიმართულებაზე, ხოლო რუსეთის ნაციონალისტურ საინფორმაციო სივრცეში დაწყებულმა კრიტიკამ კრემლს უბიძგა „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებისკენ. 

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვან დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელების შემდგომმა წარმატებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმაოს უთანხმოება რუს ნაციონალისტებს, სამხედრო ხელმძღვანელობას, ჯარისკაცებსა და მეთაურებს შორის.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების  გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა უკრაინა ფრონტის ხაზზე რუსებს სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს. თუმცა ყველაზე აქტიური ბრძოლა ლიმანთანი მიდის. ბოლო ინფორმაციით უკრაინელები მდინარე სევერსკი დონეცზე  გადავიდნენ და ლიმანი ნაწილობრივ, ოპერატიულ ალყაში მოაქციეს. 

„ეს არის ნაწილობრივი ალყა და რუსები მომარაგებას ვერ ახერხებენ. უკრაინული ცეცხლი მათ წვდება, ამიტომაც სერიოზული პრობლემები აქვთ. უკრაინელები ჯერჯერობით ქალაქში არ არიან შესულები და გარეუბნები აქვთ დაკავებული. ნელ-ნელა ცდილობენ წინ წავიდნენ. უკრაინელებისთვის ლიმანის დაკავებას ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამ ქალაქის დაკავების შემდეგ შეტევის შესაძლებლობა რუბეჟნოის  მიმართულებით გაიხსნება. ლიმანი-რუბეჟნოის ხაზი ემსახურება იმას, რომ ფაქტობრივად ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მიმართულების  ავტომატურ აღებას ნიშნავს. ლიმანის აღებით მდინარე სევეროდონეცკის მეორე მხარეს გადასვლა ადვილი იქნება და სევეროდონეცკს დაიკავებენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი ლუგანსკის მიმათულებისკენაც გზა იხსნება. ამიტომ უკრაინელებისთვის ლიმანი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია.  

რაც შეეხება რუსების აქტიურობას ბახმუტის მიმართულებით, მათ  ამ ქალაქში ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი ჰყავს გამაგრებული. ახლა ამდენი წარუმატებლობის ფონზე ცდილობენ, რომ რაღაცა წარმატება ამ მიმართულებით მაინც ჰქონდეთ. ეს პროცესი გარკვეულ სტარტეგიულ სვლებს აღარ ექვემდებარება. ეს არის სპონტანური მოქმედება. სადაც რუსებს ახლა ცოტა ძლიერი დანაყოფები ჰყავს, იქ ცდილობენ, რომ რაღაცა წარმატება აჩვენონ. ან მეორე ვარიანტი იმით აიხსნას, რომ  თუ გაჩერდებიან, შეტევაზე, იციან, რომ უკრაინელები გადავლენ. ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ, რომ აქტიურობა არ შეწყვიტონ. ზუსტად ძნელია საუბარი ბახმუტის მიმართულებით რა აქვთ ჩაფიქრებული. ეს არ არის  დიდად სტრატეგიული ქალაქი და უკრაინელები იმდენად კარგად არიან გამაგრებული, ამ პოზიციებს არ დაკარგავენ“, - ამბობს პოლკოვნიკი „რეზონანსთან“.  

რაც შეეხება მობილიზაციის გამოცხადებას და გადაუმზადებელი ჯარის ფრონტის ხაზზე გადასროლას, პოლკოვნიკი აცხადებს, რომ ეს არის მხოლოდ რაოდენობის გაზრდა, რადგან  ამ ადამიანებს არანაირი ბრძოლის უნარი და მოტივაცია არ გააჩნიათ. ბერიძე აცხადებს, რომ თუ ამ მობილიზებული გამოუცდელი ხალხით ფიქრობენ უკრაინელებს შეაჩერებენ, ცდებიან. ახლა მათ გამოცდილი და კარგად გაწვრთნილი მეომრები სჭირდებათ, რისი რესურსიც ამოეწურათ. ქვედანაყოფებში ნახევარი ხალხი დაეღუპათ და მათ  ჩანაცვლებას ფრონტზე ძალით წაყვანილი ხალხით ცდილობენ.  ისინი ვერანაირ ამოცანას ვერ შეასრულებენ და რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი იქნება. ეს არის გაურკვეველი თამაში, რომელშიც რუსეთი უკვე წაგებულია.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×