ია აბულაშვილი
30.09.2022

„თავისი ქვეყნიდან ეს ხალხი გამოიქცა იმიტომ, რომ ომი არ უნდა, სიკვდილი არ უნდა. საზღვარს თუ ჩაუკეტავ, მაშინვე მოჰკიდებენ ხელს და გაუშვებენ ომში, უკრაინაში, რაც ძალიანაც უნდა კრემლს. ვერ გავიგე, რა უნდა ამ ოპოზიციას, პუტინს ეხმარება? არავითარი ჩაკეტვა, კარგად უნდა გაკონტროლდეს საზღვარი," - განაცხადა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას.

„რეზონანსი": რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარს ათასობით ადამიანი მოაწყდა. ზემო ლარსთან სიტუაცია კვლავ რთულია, შსს-ის განცხადებით, რუსეთიდან შემოსულთა რიცხვი 40-45%-ითაა გაზრდილი, ოპოზიცია კი საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვს.

იგორ კვესელავა: საზღვრის ჩაკეტვა არ შეიძლება, ვერ ჩავკეტავთ. რომ ჩავკეტოთ, ამ ხალხს სხვა გზებითაც, დაუცველი საზღვრებიდანაც შეუძლია შემოსვლა, დაღესტნიდან, აფხაზეთიდან და ა.შ. თავისი ქვეყნიდან ეს ხალხი გამოიქცა იმიტომ, რომ ომი არ უნდა, სიკვდილი არ უნდა. საზღვარს თუ ჩაუკეტავ, მაშინვე მოჰკიდებენ ხელს და გაუშვებენ ომში, უკრაინაში, რაც ძალიანაც უნდა კრემლს. ვერ გავიგე, რა უნდა ამ ოპოზიციას, პუტინს ეხმარება? არავითარი ჩაკეტვა, კარგად უნდა გაკონტროლდეს საზღვარი.

„რ": ოპოზიციაში დიდი დაპირისპირებაა და შეიძლება „ნაცმოძრაობა" დაიშალოს; ხმები ამის შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარტიის ერთი ნაწილი თავმჯდომარე ნიკა მელიას დაუპირისპირდა, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი საკუთარი ფინანსებით პარტიის ჩამოშლას ცდილობს.

ი.კ: ოპოზიციაში კრიზისი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, სააკაშვილი რომ წავიდა საქართველოდან, მაშინ დაიწყო, დაბრუნების შემდეგ კი მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. დღეს მიშას გარშემო მცირე ჯგუფი დარჩა, ის აღარავის ანაღვლებს, აღარც საზღვარგარეთ გადაყვანაზეა მოძრაობა. მიშას უნდოდა, ოფიციალური განცხადებით გამოსულიყო პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, მაგრამ შეაჩერეს პარტიის შიდა ძალებმა თუ სხვამ, არ ვიცი, რღევევის პროცესი კიდევ უფრო რომ არ დაჩქარებულიყო.

ფაქტია, რომ პარტიაში სერიოზული განხეთქილებაა და ორად არის გაყოფილი. არ იციან, ვისთან წავიდნენ, თავის გადარჩენაზე არიან გადასული. „ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი რესურსი ამოწურა, ახალი კადრებით არ ივსება, სულ ძველი კადრებია. ახალგაზრდები განცხადებას არ წერენ, მიგვიღეთ პარტიაშიო. რაც შეეხება მელიას, ის დიდი პოლიტიკური მოღვაწე არ არის და დრომ წარმოშვა, ამიტომ რა შანსი აქვს, არ ვიცი, თუმცა პარტიაში მხარდამჭერები ჰყავს.

„რ": კეზერაშვილმა განაცხადა, არანაირი პირადი და პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში არ გამაჩნია, მაგრამ უფლება არ მაქვს, მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობასო.

ი.კ: არ ვიცი, არის თუ არა ეს გამოწვევა კეზერაშვილის მხრიდან და შემოდის თუ არა ის აქტიურად ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ უჭკუო კაცი არ არის და შეიძლება აწყობს კიდეც, განერიდოს „ნაცმოძრაობას", ან სულ სხვა მიზნები აქვს, თვითონ არ მოვიდეს ხელისუფლებაში, მაგრამ თავისი ინტერესები გაატაროს.

„რ": მაინც რა პერსპექტივა აქვს ამ კონფლიქტს?

ი.კ: სხვათა შორის, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ცუდი არ არის, ამ ალიაქოთმა შეიძლება პროცესი დააჩქაროს და ბიძგი მისცეს ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას, რომელსაც ასე ელოდება საზოგადოება. რაღაცას უნდა დაესვას წერტილი, არ შეიძლება, ქართველმა ხალხმა გამუდმებით ქაოსსა და შუღლში იცხოვროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×