თამთა ჩაჩანიძე
30.09.2022

იმ სიტუაციის ფონზე, რაც უკრაინასა და ევროპაში ხდება, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შეინარჩუნა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველჰყო - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის პარასკევის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, 2023 წლისთვის ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულადაა დაგეგმილი, იზრდება როგორც პენსიები, ისე საჯარო მოხეელეების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები.

„მქონდა საუბარი ძალიან ბევრ ევროპელ კოლეგასთან. მათი მოლოდინი პესიმისტურია. ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე. საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ. ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობის საზრუნავი. რატომ? რადგან რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება, ევროპაც ამბობს ეტაპობრივად უარს და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობაა. ამიტომ გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. ამას სჭირდება კარგი გააზრება. ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

„დამატებით შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, ბიზნესმა თითქმის 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, 20 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, მთავრობამ, ვგულისხმობ საზოგადოებრივ სამუშაოებს, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება, გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, სიმშვიდე, სტაბილურობა, ნაკლები ემოციები და ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ. ამას სჭირდება შენარჩუნება და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2023 წლისთვის საკმაოდ კონსერვატიულად გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტი. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ფისკალურ კონსოლიდაციას. კერძოდ, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 5%-იანი ზრდის ფარგლებში მშპ-ს პროგნოზი იქნება 80 მლრდ ლარი.

ირაკლი ღარიბაშვილისვე თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოიტანა ის, რომ ქვეყანამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 3,2%-მდე შემცირდა, მთავრობის ვალი კი 40%-მდე ჩამოიწია. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამან ბიუჯეტში მეტი შემოსავალი გააჩინა, რამაც მთავრობას ბევრი კარგი და ახალი წამოწყების დაფინანსების საშუალება მისცა.

„აგვისტოში გვქონდა 10,5%, რამაც რვა თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა. რვა თვეში ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელი გვაქვს. ამან საშუალება მოგვცა, რომ წელს არსებული ბიუჯეტი გაგვეზარდა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 8,5%, ხოლო ნომინალური მშპ-ის პროგნოზი შეადგენს 72 მილიარდ ლარს. ეს არის შედარებით კონსერვატიული პროგნოზი. ჩვენ ვფიქრობთ, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, თუ ამ ტემპებს შევინარჩუნებთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც საქართველოს მთავრობა აცხადებს, პრემიერის გადაწყვეტილებით, 2023 წელს, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით გაიზრდება. ამ მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი.

ამავე წელს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად - 490 მილიონი ლარით გაიზრდება. შედეგად, 20%-ით გაიზრდება პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული და საცხოვრებელი ბინების მშენებლობის პროექტები.

2023 წელს: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია (მაღალმთიან დასახლებებში) გაიზრდება 440 ლარამდე; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზრდება 365 ლარამდე; 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია (მაღალმთიან დასახლებებში) გაიზრდება 355 ლარამდე; 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზრდება 300 ლარამდე.

დევნილი ოჯახებისთვის, 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება, რისთვისაც, 2023 წლის ბიუჯეტში 250 მილიონი ლარი გამოიყოფა.

2023 წელს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×