თამთა ჩაჩანიძე
30.09.2022

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძესა და „ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება მწვავე ხასიათს იღებს, მიზეზი კი ის განცხადებები გახდა, რომელიც ვაშაძემ გააკეთა, თითქოს უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მხარეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა, რაზეც მთავრობამ უარი თქვა. ვაშაძე იძახის იმასაც, რომ პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე „რუსეთის დაახლოებით 15 აგენტია".

როგორც მმართველი გუნდი საპასუხოდ ამბობს, გიორგი ვაშაძე დეზინფორმაციას ავრცელებს და რომ ის აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმაც „ტყუილში ამხილა", რომ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებაზე სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორია.

„აქ მარტივ მანიპულაციასთან გვაქვს-ხოლმე საქმე, რომ კონკრეტული პირი ოპოზიციური ჯგუფიდან გამოვა და იტყვის რაღაცას, დეზინფორმაციას. არის სწორება იმაზე, რომ ხალხში გაღვივდეს უკმაყოფილების განცდა, იქნება როგორღაც ხალხის უკმაყოფილება გაზარდონ, გააჩინონ განცდა, რომ ხელისუფლება რაღაცას ვერ აკეთებს, თუმცა ყოველ ჯერზე მათივე ტყუილში მხილება მოჰყვება-ხოლმე. ეს იყო უკვე დღეს ელჩის განცხადებაც, რომელმაც პრაქტიკულად ეს ადამიანი ტყუილში ამხილა. ესეც რომ არ ყოფილიყო, ამ ადამიანის განცხადებები ბოლო პერიოდში მიმართულია სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ცდილობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო მეტად „ნაციონალი" იყოს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

„ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორია", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ვაშაძის მეორე სკანდალურ განცხადებას, რომლის თქმითაც, პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე რუსეთის დაახლოებით 15 აგენტი რეზიდენტია, მათ შორის „ოთხეული" და ყველაზე საგანგაშოა, რომ „მათ სათავეში რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე დგას". ამას ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს აღარ აქვს მორალური ზღვარი და ყველა „წითელი ხაზი" აქვს გადაკვეთილი.

„იმდენად მშიშარა ადამიანია, წინა კვირაში დარბაზში ერთხელ მაინც გინახავთ? ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა. ბრიფინგებს ატარებს-ხოლმე, შეშინებული ლაპარაკობს დარბაზში რომ შევალ ფიზიკურად იძალადებენ ჩემზეო.

„შემოგვასაღა ინფორმაცია, რომ საბჭოთა 15-მა ქვეყანამ გადასცა შეიარაღება უკრაინას, რომელი თქვენგანი დაადასტურებს, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი ან სხვა, ამ საქმეში იყვნენ ჩართულები. წარმოიდგინეთ რა მდარე ტყუილებს ლაპარაკობს. ამ ადამიანს აღარ აქვს მორალური ზღვარი, ყველა „წითელი ხაზი" აქვს გადაკვეთილი, სუბიექტურად ნებისმიერმა რომ თხოვოთ, ნებისმიერ რამეს იკადრებს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე რუსეთის 15 აგენტი რეზიდენტია.

„გუშინ პრორუსული პარტიის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და მისი „ოთხეულის" მხრიდან ჩვენ ფაქტობრივად, მოვისმინეთ აღიარებითი ჩვენება. მათ აღიარეს და დაადასტურეს, რომ მათ ინტერესში არ შედის თანამედროვე იარაღის მიწოდება, მათ აღიარეს და დაადასტურეს, რომ სწორედ რუსული ტანკები ეიმედებათ ხელისუფლებაში ყოფნის შესანარჩუნებლად, რაც ყველაზე საგანგაშოა. მათ ისეთივე ლაჩარი და მხდალი ჰგონიათ ქართველი ერი, როგორიც თვითონ არიან და რასაც თვითონ აკეთებენ.

„მეგობრებო, რუსეთი ესხმის სუსტებს და არა ძლიერებს თავს, საქართველოსთვის მშვიდობის გარანტია არის სამი რამ: „ჰაიმარსები", „პატრიოტები" და „აბრამსის" ტანკები.

„ვერასდროს რუსეთი ვერ გაბედავს ამ შემთხვევაში ჩვენზე თავდასხმას და სწორედ ამას ემსახურება რუსული რეზიდენტურ აგენტურული ქსელი, რომელიც საქართველოშია და მთავარი სათქმელი: ჩვენი ინფორმაციით დღეს, საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე დაახლოებით რუსეთის 15 აგენტი რეზიდენტია, მათ შორის არის ის „ოთხეული", რომელიც ასე გავეშებულად გამოდის. ისინი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე. დიახ! ის არის რუსეთის აგენტი, რომელმაც გუშინ პირდაპირ ეთერში ისიც კი გაბედა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი „გააპრავა".

„დიახ! მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელიც დღისით მზისით გვეუბნება, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა არ სჭირდება, არც „აბრამსები", „ჰაიმარსები" და „პატრიოტები" გვჭირდება. დიახ! მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელმაც გაბედა ისიც და თქვა, რომ თურმე რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება არაფერ პრობლემას არ ქმნის ამ ქვეყანაში და დიახ! მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც ფიქრობს, რომ შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციას და თანამდებობას იმ შემთხვევაში, თუ რუსული ტანკის შიშით შეაშინებს ქართველ ხალხს," - განაცხადა ვაშაძემ.

მანამდე „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, არის უმძიმესი პროვოკაცია. კობახიძე მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ბრალდება წაუყენა ამერიკულ მხარეს იმაში, რომ აშშ ცდილობდა საქართველოში მეორე ფრონტის მომზადებას. კობახიძის თქმით, ეს უმძიმესი ბრალდებაა და ამას სჭირდებოდა რეაგირება, რომ „ამერიკული მხარე უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ტყუილია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×