ია აბულაშვილი
30.09.2022

„საჭიროა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი, თუნდაც დაწესდეს შეზღუდვები ვადებში. საქართველოში ყოფნის ვადა 30 დღემდე უნდა შემცირდეს," - გაანცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ ლარსთან შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას.

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები. აგრეთვე იმ პირების მხარდაჭერა, რომელიც გაურბიან რეპრესიებს და ომს რუსეთსა და უკრაინაში - ასეთია საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის პოზიცია ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, საკითხი არის რთული და სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა ზომებს იღებენ საკუთარი გარემოებებიდან გამომდინარე.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ეს ფენომენი არ არის უნიკალური მხოლოდ საქართველოსთვის და იგივე პრობლემების წინაშე დგანან ევროპის ქვეყნებიც.

„ვიცით, რომ მრავალი რუსი კაცი გაურბის ნაწილობრივ მობილიზაციას. ჩვენი (ევროკავშირის) წევრი ქვეყნები ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე დგანან და როგორც შესაძლოა, ზოგიერთმა ჩვენმა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა მიიღოს მკაცრი ზომები, ან განიხილავს მათ მიღებას," - განაცხადა ელჩმა.

ევროპული ქვეყნების პოზიცია რუსების მიღებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია: ფინეთმა, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ქვეყანაში შესვლის მსურველ რუს მამაკაცებს ავტომატურ თავშესაფარს არ მისცემენ. გერმანიაში რუსი მოქალაქეების მიღების საკითხს განიხილავენ, აშშ კი თავშესაფარს მისცემს ყველას, ვინც მობილიზაციას გაურბის - ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

„ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ ერთის მხრივ რუსეთის მთავრობასა და შეიარაღებული ძალების ქმედებებს უკრაინაში და მეორე მხრივ რუს ხალხს, რომელთაგან ბევრმა ამ უსამართლო ომის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა. ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი დღის განმავლობაში და ასევე ვხედავთ, რომ რუსეთში საპროტეტსო აქციები გრძელდება. ამიტომ ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, განურჩევლად მათი ეროვნებისა, შეუძლია მიმართოს აშშ-ს," - განაცხადა თეთრი სახლის პრესპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა.

მიიღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას, რასაც ასე მოითხოვს ოპოზიცია, უცნობია; ცნობისთვის, 21 სექტმებერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-რუსეთის საზღვარს, ზემო ლარსს ათასობით ადამიანი მოაწყდა. შსს განცხადებით, რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა 40-45%-ით მოიმატა, თუმცა ძალოვანი უწყების მიერ ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარების გასაკონტროლებლად.

ოპოზიციური სპექტრისთვის საქართველოში შემოსვლაზე შეუზღუდავი რეჟიმი მიუღებელია და მოითხოვენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს სავიზო რეჟიმის გამკაცრებაში ხედავს.

„რუსეთიდან მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება, მიგრაცია, მთელ რიგ რისკებთან არის დაკაშირებული, მათ შორის დემოგარფიულ და კრიმინოგენულ პრობლემებთან. პირველი ნაკადი, რომელიც უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ შემოვიდა, შეძლებული ხალხი იყო, ძირითადად ბიზნესმენები, რომლებიც სანქციებს გამოექცნენ და, რამდენადაც ვიცი, საქართველოში 2000-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა. მეორე ნაკადი კი ჯარში გაწვევის თავის არიდების მიზნით შემოვიდა, უფრო ხელმოკლე ფენა. ეს ხალხი აუცილებლად რამდენიმე ხანში დაიწყებს სამუშაოს ძებნას და ადგილობრივი მუშახელის კონკურენტები გახდებიან. თუ სამუშაო ვერ იშვეს, არ არის გამორიცხული, რომ კრიმინოგენული სიტუაცია გიზარდოს. რაც შეეხება დემოგრაფიულ პრობლემას, აქ შეიძლება კრემლს მზაკვრული მიზანი ჰქონდეს. როგორც ვხედავთ, რუსეთის ხელისუფლება თავის საზღვარს არ კეტავს, არ ეწინააღმდეგება თავისი მოქალაქეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას. ასეთ რამეს აკეთებდნენ კომუნისტები, მაგალითად 1934 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვის შედეგები ძალიან განსხვავდებოდა 1920 წელს ჩატარებულ აღწერასთან, საქართველოში ჩასახლებული რუსი მოსახლეობის რიცხვი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. მასიურად რუსების ჩასახლება საქართველოში დემოგრაფიულ სურათს შეცვლის, რუსეთის სასარგებლოდ; ხელისუფლება საზღვარს ვერ ან არ ჩაკეტავს, ამიტომ, ჩემი აზრით, საჭიროა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი, თუნდაც დაწესდეს შეზღუდვები ვადებში. საქართველოში ყოფნის ვადა 30 დღემდე შემცირდეს," - გაანცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×