ელზა პაპოშვილი
01.10.2022

აქვს თუ არა უკრაინას ნატოში დაჩქარებულად გაწევრიანებსი შანსი და რატომ გააკეთა ასეთი განაცხადი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ? დასავლური მედიის ცნობით, ეს თავად ნატოსთვის და ზოგადად, დასავლეთისთვის მოულოდნელი ნაბიჯი იყო. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იყო პასუხი რუსების ე.წ. რეფერენდუმებსა და უკრაინის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შეყვანაზე. მათივე თქმით, დასავლეთის თავშეკავებული რეაქცია კიევის განაცხადზე ლიგიკურიცაა, რადგან მათი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ომში რუსეთის დამარცხებაა და არა ნატოს გაფართოება.

ქართველ ანალიტიკოსთა შეფასებით, ზელენსკის ეს მოულოდნელი ნაბიჯი იყო პასუხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ პარასკევს უკრაინის ოთხი ოლქის რუსეთთან მიერთების შეთანხმების ხელმოწერაზე. მოსკოვში აცხადებენ, რომ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები უკვე რუსეთის ნაწილია. შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმად განიხილება და მოსკოვსაც უფლება აქვს ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს „თავისი ტერიტორიის“ დასაცავად, მათ შორის ბირთვული იარაღიც.

მოსკოვის გადაწყვეტილება კიდევ უფრო ცინიკური ჩანს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ხერსონის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინული არმია აკონტროლებს. 

ანალიტიკოსთა შეფასებით, ამის საპასუხოდ ზელენსკის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების მოთხოვნა ლოგიკურ გადაწყვეტილებაა მიუხედავად იმისა, რომ თავად კიევშიც აცნობიერებენ ნატოში სწრაფად გაწევრიანების უპერსპექტივობას. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კიევის მხრიდან ეს პოლიტიკური აქტი და პიარზე გათვლილი ნაბიჯი იყო, რომელმაც მნიშნელოვნად გააფერმკრთალა პარასკევს მოსკოვში „ახალი ტერიტორიების მიერთების: აღსანიშნავად გამართული ზეიმი. გარდა ამისა, მათივე აზრით, ეს განაცხადი ოფიციალურ კიევს დამატებით ბერკეტს აძლევს დასავლეთზე და კონკრეტულად ნატოს წევრ სახელმწიფოებზე ზეწოლისათვის, რათა უფრო მეტი დახმარება მიიღოს.

დასავლეთი უკრაინის განაცხადს სწრაფადვე გამოეხმაურა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეახსენა, რომ ალიანსში გაწევრიანებას მის წევრთა სრული კონსენსუსი სჭირდება. 

„ნატო კონფლიქტის მხარე არაა და ახლა ის უკრაინის სამხედრო დახმარებაზეა მობილიზებული“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელისგან კიევმა დღეს მხოლოდ ერთი პირობა მიიღო - ომის დასრულებამდე სამხედრო დახმარების მიღება.

სტოლტენბერგის განცხადებამდე უკვე კეთდებოდა მსგავსი პროგნოზები. დასავლური მედია წერდა, რომ უკრაინის ნატოში მიღებას უფრო მეტი უთანხმოება მოჰყვება, ვიდრე ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში იყო, მთავარი მიზეზი კი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომია.

კიევში კი აცხადებენ, რომ უკრაინის დღევანდელი განაცხადით ალიანსს საშუალება ეძლევა, 2008 წელს დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეოროს. 

აშშ-ის პასუხიც მოზომილი იყო.

„ჩვენი პოზიცია ნათელია და იგივეა, რაც აქამდე - ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. მხარს ვუჭერთ იმ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებსაც ეს სურთ და ამას შეუძლია ნატოს შესაძლებლობები შემატოს. ამისათვის კი არის პროცესი, რომელსაც ქვეყნები კვლავაც გაჰყვებიან,“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი კი ამბობს, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა პრაქტიკული დახმარებაა.

„აშშ ათწლეულებია მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. ნატოს წევრობის შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ნატოს 30 წევრი და ალიანსში გაწევრების მსურველი ქვეყნები იღებენ. ჩვენი აზრით, ახლა უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა პრაქტიკული დახმარებაა, ბრიუსელში პროცესით კი სხვა დროს უნდა დავკავდეთ,“ - ამბობს ჯეიკ სალივანი.

ზელენსკის  პასუხი პუტინს   

საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში გიგი გიგიაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პუტინის მუქარის შემდეგ, რომელიც დასავლეთს და ნატოს აფრთხილებს, რომ თუკი ე.წ. რუსეთის ტერიტორიაზე რაიმე სახის თავდასხმა მოხდება, ის დასავლეთს საკადრის პასუხს გასცემს, სწორედ ამის საპასუხოდ ვოლოდიმერ ზელენსკიმ, დემონსტრაციულად ნატოში დაჩქარებული წესით  გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. მისივე თქმით, ამაზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიდან ასეთი პასუხიც მოსალოდნელი იყო და არავის აქვს ილუზია, რომ ომში მყოფ უკრაინას ნატოში გაწევრიანებას ვინმე ხვალვე დათანხმდება.  

„ნატოს გენერალური მდივნის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და სხვათა პაუსუხები უკრაინის მოთხოვნასთან დაკავშირებით გასაკვირი არ ყოფილა. აქ მხოლო ერთი და ორი ქვეყანა არ იღებს გადაწყვეტილებას. ეს უნდა მოხდეს 30 ქვეყნის საერთო კონსენსუსი შედეგად და უკრაინამ უნდა გაიაროს ის პროცედურები და დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, რაც ალიანსში გასაწევრიანებლად არის საჭირო.’

„ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ ხვალ უკრაინა უკვე ნატოს წვერი იქნება. უბრალოდ, ეს დამატებით სასჯელი იქნება პუტინისთვის, რომელიც მიისწრაფვოდა იმისკენ, რომ ნატო არ გაფართოვებულიყო. სამაგიეროდ კი მიიღო უფრო გაზრდილი და ძლიერი ნატო, რომელიც აქამდე ჯერ არ ყოფილა. 

„პუტინი მუდმივად იმას ცდილობდა და ცდილობს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოსთან არ დაახლოვებულიყო. უკრაინის ნატოში გაწევრიანება ასეთი მარტივი არ იქნება. ვიცით, რომ ომის დაწყებამდე მის ნატოში გაწევრიანებასთან დკავშირებით ქვეყნებს შორის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. პროცესი იქნება რთული, მაგრამ ადრე თუ გვიან უკრაინასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - ამბობს გიგიაძე „რეზონანსთან“.

საერთაშორისო საკითხების ანალიტკოსი გიორგი რუხაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება პუტინისთვის სილის გაწნას უფრო ჰგავდა და ამას იმხელა ეფექტი ჰქონდა, რომ გარკვეული თვალსაზრისით გადაფარა კიდეც პარასკევს მოსკოვში გამართული ზეიმი.

გარდა ამისა, რუხაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური აქტია, რომელიც მომავალშ კიევმა შესაძლოა მეტი დახმარების მისაღებად ნატოს წევრ ქვეყნებზე ზეწოლისათვის გამოიყენოს.

„არ უნდა გვეგონოს, რომ დღეს ან  ხვალ ალიანსის წევრი ქვეყნები გამოვარდებიან და იტყვიან - რა კარგია უკრაინამ განაცხადი რომ გააკეთა, მოდი, სასწრაფოდ მივიღოთო. სიტუაცია ასე მარტივად არ იქნება. ამის ილუზია და მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ სტოლტენბერგმა მაშინვე ბრიფინიგი დანიშნა და პირველ რიგში აქცენტი რუსეთის მხრიდან აღიარებებზე გააკეთა და სამი მთავრი ფიგურანტი უკრაინის სურვილს გამოეხმაურა. ნატოს გენერალური მდივანმა, აშშ-ის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დაახლოებით ერთი და იგივე გზავნილი გააკეთეს - რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილების გამო დაისჯება და ამას სანქციები მოყვება. პლუს ამას უკრაინისთვის მეტი დახმარება იქნება გამოყოფილი.

„რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თავის შეკავებას და  პასუხებს, ეს მოსალოდნელი იყო. ამის ილუზია არც ზელენსკის აქვს. თავის დროზე როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ნატოს წევრობაზე განაცხადი გაკეთებული აქვთ. ეს იყო უკრაინის მხრიდან განაცხადის განახლება, ახალი ფორმით მიწოდება, რომ უკრაინა ზოგადად წევრობას კი არა, დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს. მაგალითად კი შვედეთის და ფინეთის შემთხვევა მოიყვანა. 

„ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის ნატოში მიღების საკითხი სწრაფად განიხილონ. მაინც ნელა წავა ეს პროცესი, რადგან გასაწევრიანებლად 30 ქვეყნის თანხმობაა საჭირო“, - ამბობს რუხაძე „რეზონანსთან“.

დამატებითი ბერკეტი დასავლეთზე ზეწოლისათვის

მისივე თქმით, სტოტელბერგმაც მკაფიოდა განაცხადა, რომ ნატოს მთავარი მიზანი ახლა უკრაინის დახმარებაა, რათა ამ ომში გაიმარჯვოს. ამიტომ გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანებაზე სწრაფად უკრაინას ომი უნდა მოაგებინონ.

„ზელენსკის მხრიდან ამ განაცხადის გაკეთება პოლიტიკური აქტია. ეს იქნება ბერკეტი თუნდაც ნატოს წევრ ქვეყნებზე ზემოქმედებისათვის, რომ მეტი დახმარება მიიღოს. არ ველოდები, რომ ნატო ამ ომში ჩაერთვება თავისი საჯარისო ნაწილებით, მიუხედავად პუტინის  პროვოკაციული ნაბიჯებისა. ამას ნატო მეტი სანქციებით და დახმარებით უპასუხებს. თუმცა, თუ რუსეთი ბირთვული იარაღით შანტაჟს გააგრძელებს, მაშინ უკვე, დიდი  ალბათობით, ნატო სამხედრო ოპერაციებში ჩაერთვება. 

„შესაძლოა უკრაინის ნატოში დაწვერიანების გადაწყვეტილება ომის მიწურულს მიიღონ, რაც ომის ბედს საბოლოოდ განსაზღვრავს“, - ამბობს რუხაძე „რეზონანსთან“. 

რას ცვლის უკრაინელთა განაცხადი საქართველოსთვის

რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რუხაძე ამბობს, რომ თუ ჩვენ არ ვიაქტიურეთ და ჩვენი ხელისუფლების განცხადებები არ იქნება გასაგები და ჩამოყალიბებული, გაწევრიანებისთვის ხვეწნას ჩვენ არავინ დაგვიწყებს. თუმცა უკრაინის სიტუაცია შეგვიძლია საჩვენოდაც გამოვიყენოთ და ჩვენც განვაცხადოთ, რომ ამ ქვეყანასთან ერთად გაწევრიანების პერსპეტქივას ვიმსახურებთ.

გიგი გიგიაძის თქმით კი, ამ ყველაფერში საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ჩვენი ქვეყნა სწორედ რუსეთის პირველი მსხვერპლი იყო. ამიტომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული დაპირება, რომ საქართველოც და უკრაინაც ნატოს წევრი აუცილებლად უნდა გახდნენ, უნდა შევახსენოთ და ამ პროცესებს არ უნდა ჩამოვრჩეთ. მისი აზრით, თუკი უკრაინის მიმართ ეს პროცესები დაიძრა, მაშინ საქართველომაც უნდა იაქტიუროს.  

„საქართველოს ახლა ძალიან კარგი შანსი ეძლევა, რომ უკრაინასთან ერთად იმ კალათში მოხვდეს, რასაც ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და დახმარება ჰქვია. რუსეთის სამეზობლო განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის და ეს საფრთხე ჩვენს მიმართაც ძალიან დიდია. თუ ეს პროცესი უკრაინის მიმართ დაჩქარებული გზით დაიწყება, აქ აუცილებლად საქართველოც უნდა იყოს მიბმული. 

„ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენც ამ დისკუსიის  ნაწილი ვიყოთ და შორიდან არ დავწიყოთ ყურება. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია საქართველოს პერსპექტივაზე ვისაუბროთ, როცა ევროკავშირის მიერ გახსნილ კარს ჯერჯერობით შორიდან ვუყურებთ და არაფერს ვაკეთებთ, რომ შეგვიშვან. ალიანსმა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან უნდა დაინახოს, რომ უსაფრთხოება სჭირდება როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და ჩვენც არანაკლები საფრთხის წინაშე ვართ. ჩვენ  თუ არ ვიაქტიურეთ, ჩვენს ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს“, - ამბობს ყოფილი ელჩი „რეზონანსთან“.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×