2-3 წელიწადში მშპ 50-დან 80 მილიარდამდე, 60%-ით გავზარდეთ - ირაკლი ღარიბაშვილი
ლაშა გელოვანი
02.10.2022

გასულ კვირას მთავრობამ მომოვალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები გამოაქვეყნა, რომელიც მნიშვნელობან ზრდას ითვალისწინებს. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 24 მილიარ 300 მილიონი ლარი იქნება, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს, გაზარდოს ხელფასები და პენსიები, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და დევნილთათვის ააშენოს ახალი ბინები.

წლეულს საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდაა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით აგვისტოთ თვეში 10.5% იყო, ხოლო 8 თვის ზრდამ ასევე ორნიშნა რიცხვი, 10.3% შეადგინა. დღეისათვის არსებული კონსერვატიული პროგნოზით, წლიური ზრდა 8.5%-ია მოსალოდნელი, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი 72 მილიარდ ლარს მიაღწევს. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხდა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა არსებული ტემპი შენარჩუნდეს და შესაძლებელია, წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს.

ამის იმედს 2022 წლის თავიდან ჩადებული პარამეტრების ზრდა იძლევა: წლის დასაწყისში მშპ-ს პროგნოზი მხოლოდ 64.8 მილიარდი იყო, დეფიციტის მაჩვენებელი კი მაღალი იყო და 4.4%-ის დონეზე იყო განსაზღვრული. დღეისათვისკი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირებულია მშპ-ის 3,2%-მდე. მთავრობის ვალი კი, მშპ-ის 40%-მდე..

პრემიერმა ხაზი გაუსვა პანდემიის უარყოფით გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე, როცა ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა და გაიზარდა მთავრობის ვალი: „მაშინდელმა მთავრობამ აიღო საკმაოდ დიდი ვალი, რომელმაც მშპ-თან მიმართებით 60 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, მაშინ იყო 9.3 %. ეკონომიკური რეცესია გახსოვთ, რომ გაგრძელდა შარშან პირველ კვარტალშიც და რეალური ეკონომიკა 4.1 %-ით".

თუმცა, შარშან ორნიშნა ეკონომოკური ზრდა მივიღეთ: „2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ შეადგინა 10.4%, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევძელით 2020 წელს მიღებული დანაკარგის სრული აღდგენა, არამედ, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკის დონის 2.9%-ით გაზრდაც შევძელით. ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა მშპ-ის 6.1%-მდე, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოსცდა მშპ-ის 50%-იან ნიშნულს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2023 წლის ბიუჯეტი

პრემიერ-მინისტრი ინფორმაციით, 2023-ში ბიუჯერი საკმაოდ კონსერვატიულად არის დაგეგმილი: რეალური ეკონომიკური ზრდა ჩადებულია 5 %-ის ფარგლებში, ხოლო მშპ-ის პროგნოზი 80 მლრდ ლარია, ამასთან 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 აშშ დოლარს გაუტოლდება. ამასთან, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მილიარდი ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის მხოლოდ 2.8 პროცენტს.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, თუ რა მოცულობა იყო და მშპ რამდენს შეადგენდა 2020 წელს - მაშინ იყო 50 მლრდ ლარი მშპ და 2021-ში იყო 60 მლრდ. ანუ, ჩვენ სულ რაღაც 2-3 წელიწადში 30 მლრდ ლარით გავზარდეთ მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს არის დაახლოებით 10 მლრდ დოლარით ზრდა მთლიანი ეკონომიკის. ეს არის რეალური სურათი და, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი მშპ გამოდის თითქმის 7 500 აშშ დოლარი, 4 800 აშშ დოლარი იყო მანამდე. ეს არის რეალურად ჩვენი და ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგი სულ რაღაც 2 წლის, არც კი, განმავლობაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ხელფასების ზრდა

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექის თანახმად, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით, ხოლო საჯარა მოხელეების 10%-ით, მაშინ როცა მათ წელს ასევე გაეზარდათ იგივე 10 პროცენტით.

„თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით - ეს ჯამურად. მათ შორის პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით და ამ მიზნით გათვალისწინებული არის 290 მილიონი ლარი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები 10 პროცენტით. 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის 10 პროცენტით ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც", - განაცხადა პრემიერმა.

პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც.

„ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. ჯარის ქალაქი სრულდება რამდენიმე თვეში და გავხსნით, და გადავცემთ 1000 -ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელ ბინებს და ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც. ახლა რამდენიმე კვირაში დავიწყებთ პოლიციელების ქალაქის მშენებლობას. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს საცხოვრებელ ბინებს და, რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა", - აღნიშნა პრემიერმა.

ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები, პენსიების ზრდა

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ ლარით,

„70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, თითქმის 440 ლარი იქნება, სხვაგან - 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი," - დაანანისა პენსიების ზრდა ირაკლი რარიბაშვილმა.

„ასევე, გარდა პენსიისა, მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე - იყო 50 ლარი და ახლა არის 150. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარამდე და ესეც გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმის მიუხედავად, თუ როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023-ში და როგორი შემოსავლები, გვინდა, რომ კიდევ გავზარდოთ, და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. დევნილთა სახლების მშენებლობას ვიწყებთ, მოგეხსენებათ. 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება, ტენდერები ჩატარებულია და დასრულდება ძალიან მალე. ამისთვის 250 მლნ ლარია გამოყოფილი 2023 წელს,"- განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც.

„რაც შეეხება განათლებას, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი - განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე, მანდატურების ხელფასები გაიზრდება, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება 10%-ით. ეს 10%-იანი ზრდა შეეხება ყველა საჯარო მოხელეს. ჩვენ ასევე გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას, ბატონო მიხეილ. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გეგმა. 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი, დაახლოებით, მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში, და ამ მიზნით 2023 წელს 300 მილიონი ლარი არის გათვალიწინებული ბიუჯეტში. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან.

მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც. ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×