ელზა პაპოშვილი
03.10.2022

უკრაინაში ფრონტის  ხაზზე ყოველწუთიერად სიტუაცია რუსებისთვის დრამატულად ვითარდება. უკრაინული ძალები პრაქტიკულად ფეხდაფეხ მისდევენ მოწინააღმდეგეს, რომელიც ქალაქ ლიმანთან განცდილი მარცხის შემდეგ დემორალიზებულია. რუსებს ყველგან უჭირთ - ხარკოვის მიმართულებით მათი ფრონტი ჩამოშლის ზღვარზე. ასევე უკრაინელებმა გაარღვიეს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დაცვის ხაზი და ბრძოლა უკვე ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ქალაქი ხერსონია, რომლის მიმართულებითაც უკრაინულმა ნაწილებმა ჩრდილოეთიდან 30 კილომეტრით წაიწიეს წინ და მნიშვნელოვნად მიუახლოვდნენ ქალაქს.

ფრონტის ერთადერთი მონაკვეთი, სადაც მცირე უპირატესობა რუსების მხარესაა, დონეცკის ოლქი და ბახმუტის მიმართულებაა, ისიც იმიტომ, რომ, როგორც ანალიტიკოსების „რეზონანსთან“ აცხადებენ, უკრაინელებმა ძალების ნაწილი აქედან ფრონტის სხვა ნაწილებზე გადაისროლეს შეტევითი პოტენციალის გასაზრდელად.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ახლა ფრონტის ხაზზე ოპერატიული ინიციატივა უკრაინელების ხელშია. უკრაინელები ჩქარობენ, რომ პუტინმა მობილიზაციის შედეგად შეგროვებული დანაყოფების ფრონტის ხაზზე მიშველება ვერ მოასწროს და სწრაფი შეტევით ტერიტორიები ოკუპანტებისგან გაასუფთავოს. მათი ინფორმაციით, ხერსონში უკრაინელებმა 25 000-მდე ჯარისკაცი ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს. ანალიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა ხერსონი შესაძლოა ახალი სტალინგრადი გახდეს და რუსეთის არმიას იგივე დაემართოს, რაც მეორე მსოფლიო ომში სტალინგრადის დაცემის შედეგად დაემართა ნაცისტური გერმანიის არმიას.

როგორ ვითარდება უკრაინელების შეტევა 

უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანთან მდებარე სოფელ ტორსკოეზე, რომელიც ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინასკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ამის შესახებ 2 ოქტომბერს, ღამით, „ეროვნული ტელემარათონისას“ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა სერგი ჩერევატიმ. მისი ინფორმაციით, სოფლის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელი სამხედროები არტილერიის გამოყენებით უტევენ მოწინააღმდეგეს, რომელიც კრემინაში პოზიციების გამყარებას და თავდაცვის ხაზის შექმნას ცდილობს.

ჩერევატის თანახმად, კრემინას გათავისუფლების შემთხვევაში, უკრაინის თავდაცვის ძალები გავლენ ქალაქებზე სვიატოვოსა და რუბეჟონოეზე და ლუგანსკის ოლქის შემდგომ დეოკუპაციას შეძლებენ. როგორც სერგი ჩერევატიმ განაცხადა, იქ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკია, რომელთა აღებით რუსები ზაფხულში ასე ტრაბახობდნენ.

აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა ილაპარაკა ქალაქ ლიმანის გათავისუფლებაზეც. ჩერევატის ინფორმაციით, ლიმანში მყოფი რუსი სამხედროების ნაწილი განადგურებულია, ნაწილი - დატყვევებული, დანარჩენებმა კი შეძლეს ქალაქიდან გასვლა და ამჟამად კრემინაში იმყოფებიან.   

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი დაადასტურა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ხერსონის ოლქის დაბა არხანგელსკის და სოფელ მიროლუბოვკის გათავისუფლება. 2 ოქტომბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ ამ დასახლებული პუნქტების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა მისი მშობლიური კრივოი-როგის 129-ე ბრიგადის სამხედროებს. საოკუპაციო ძალებისგან არხანგელსკის და მიროლუბოვკის გათავისუფლების შესახებ იუწყება ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩიც. 

დონეცკის ოლქში უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცრაზმმა რუსეთის ელიტური ქვედანაყოფი გაანადგურა - ამ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.

რა შეიძლება მოხდეს, სანამ რუსები მობილიზებულ რეზერვს ბრძოლაში ჩართავენ

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. ორშაბათს უკრაინული ნაწილები უკვე ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე შევიდნენ. ხარკოვის ოლქის გაწმენდა ოკუპანტებისგან პრაქტიკულად სრულად მოხდა. ახლა კი უკრაინელები ხერსონისკენ ჩრდილოეთიდან ქალაქის მიმართულებით 30 კილომეტრით წაიწიეს წინ. რამდენად  ეყოფათ უკრაინელებს ოპერატიული რესურსი, რომ იქ ფეხი  მოიკიდონ, ბევრი რამ ამაზეც იქნება დამოკიდებული.  

„ლიმანის აღების დროს უკრაინელებს საკმაოდ ბევრი დანაკარგი აქვთ, რეზერვი დონეცკის თავდაცვითი რესურსებიდან აიღეს. ამიტომ დონბასის მიმართულებით უკრაინელებს ცოტა პრობლემები აქვთ და რუსებიც ამ მიმართულებით შტურმს აგრძელებენ, მაგრამ უკრანელები მაინც მედგრად უწევენ წინააღმდეგობას. 

„უკრაინელები ახლა იმაზე მუშაობენ, რომ რუსეთის სარდლობა გონს მოეგება, რუსეთის შეიარაღებულ ჯარში პანიკა დათესონ. ჩქარობს უკრაინა, რომ მობილზიაციის შედეგად მოგროვებული რეზერვის მიშველება რუსებმა ვერ მოასწრონ. ამიტომაც უკვე დაღლილს და დასუსტებულ რუსულ დანაყოფებს სწრაფად უტევენ. 

„პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული ხელმძღვანელობა შეცვალა, მაგრამ სანამ ისინი გადაწყობას და ჯარის გადაჯგუფებას მოასწრებენ, უკრაინელები ამ დროით სარგებლობენ. უკრაინელებიც ცდილობენ მათ მიერ მოპოვებული ოპერატიული ინიციატივა მაქსიმალურად გამოიყენონ და რუსებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცენ.  

„უკრაინული შეიარაღებული ძალები ძალიან ახლოს დგანან იმ მიზანთან, რომ მთელი ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინონ. არსებობს იმის შანსი, რომ ლუგანსკის და დონეცკის მთლიანი ოლქების დეოკუპაცია მოხდეს. უფრო მეტიც,  ჩნდება შანსი, რომ უკრაინელები ყირიმის ნახევარკუნძულამდე გავლენ. ახლა ყელაფერი იმაზეა დამოკიდებული, რუსები თავდაცვით ზღუდეებს რამდენად სწრაფად შექმნიან. რუსეთი სტრატეგიულ თავდაცვაშია გადასული და პუტინი დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობს“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან.

მისივე თქმით, თუ უკრაინელებმა შეძლეს და რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი ზღუდეები სრულად მოარღვიეს, ამას უკვე პოლიტიკურ შედეგებიც ექნება. 

„პუტინს რეფერენდუმები და უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის მცდელობა წყალში უვარდება. ხელმოწერილი „შეთანხმება“ ფედერალურ საბჭოს უნდა დაემტკიცებინა 5-დან 10 ოქტომბრამდე, თუმცა პუტინმა ეს 3 ოქტომბერს გადმოიტანა. მან დაინახა ფრონტის ხაზზე რა სიტუაციაც არის და მისი დამტკიცება ეჩქარება. საბჭომ ეს 4 რეგიონი რუსეთის ფედერაციის განუყოფელ ტერიტორიად  უნდა დაამტკიცოს. ამიტომ უკრაინელებიც ჩქარობენ და ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების შანსიც კი გაჩნდა. 

„ახლა ბევრი რამე ევროპის ნებისყოფაზე იქნება დამოკიდებული. უკრაინელები აჩვენებენ, რომ ისინი მათ მიერ მიღებულ იარაღს ეფექტურად იყენებენ და ბრძოლას აზრი აქვს. ამიტომაც ზამთრის მოსვლამდე ამ ერთ თვეში კიდევ დიდი შედეგი თუ აჩვენეს, დასავლეთის მხარდაჭერაც გაიზრდება“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.  

გახდება თუ არა ხერსონი ახალი სტალინგრადი 

თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინამ აღებული ინიციატივით უფრო მეტი ტერიტორიების  გათავისუფლება შეძლო. ლიმანის აღების შემდეგ უკრაინელები უკვე ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისკენ წარმატებით ავითარებენ იერიშს. ბარბაქაძე ამბობს, რომ წარმატებები ხერსონის  მიმართულებითაც არის და უკრაინული ნაწილები უშუალოდ ქალაქ ხერსონს მნიშვნელოვნად მიუახლოვდნენ.

„დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე უკრაინელები მაგრდებიან, რაც ტაქტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ფაქტობრივად, უკრაინა, როგორც ბატონ-პატრონი, ხერსონისკენ ისე მიიწევს. რუსებს კავშირგაბმულობა გაუთიშეს და ქვეით ნაწილებს არტილერიასთან და ავიაციასთან კომუნიკაცის საშუალება აღარ აქვთ. 

„უკრაინის შეიარაღებული ძალები რეალურ რეჟიმში სადაზვერვო ინფორმაციას სრული სიზუსტით ფლობენ. სად ვინ როგორ დგას, სად გადაადგილდებიან უკრაინელებმა ზუსტად იციან და ლოჯისტიკურ კავშირგაბმულობით ცენტრებზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით საშუალებებზე ნადირობენ. მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკით ამ ტერიტორიებზე სწრაფად იჭრებიან და ანადგურებენ რუსებს. ფლანგებიდან უტევენ და რუსები გადაწყობას ვეღარ ახერხებენ. ისინი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებული, მაგრამ სანამ ბრძანება მოუვათ, ჯარისკაცები არაორგანიზებულად გარბიან. შემდეგ ფრონტის გასწორებას ვეღარ ახერხებენ და უკრაინელები მათ მიერ მიტოვებულ ადგილებს სწრაფად იკავებენ. 

„უკრაინელებმა გარდა ლენდ-ლიზისა, რომელიც უკვე 1 ოქტომბერს ამოქმედდა, რუსების მიტოვებული ძალიან ბევრი ტექნიკა ხელთ ჩაიგდეს. ხერსონში წარმატება რამოდენიმე საათების თუ არა, დღის ამბავია. უკრაინელები ბევრ ინფორმაციას მიზანმიმართულად კეტავენ  და ეს ძალიან სწორი ტაქტიკაა“, - ამბობს ბარბაქაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, თუკი უკრაინულმა არმიამ ხერსონი აიღო, ეს როგორც სამხედრო, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სერიოზული დარტყმა იქნება რუსებისათვის, რადგან რუსების 25-ათასიანი დაჯგუფება, რომელიც ხერსონშია ჩარჩენილი და მდინარის მეორე მხარეს ვერ გადადის, შესაძლოა მთლიანად განადგურდეს.

„ხერსონი არის მეორე სტალინგრადი. პუტინს იგივე მოუვა, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერს, როცა ამხელა შენაერთით ჩავარდა. აი, ასე მოუვა პუტინსაც და ეს რუსების გატეხვის საბოლოო მიზეზი იქნება. აღმოჩნდება, რომ რუსეთს თავდაცვის თავიც აღარ აქვს. პრობლემები აქვს მობილიზაციაში და ფრონტის ხაზების გამაგრებას ვერ ასწრებს. სამეშელონიან დაცვის აწყობას ვერ ასწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული არმია ნადგურდება“, - ამბობს ბარბაქაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×