თამთა ჩაჩანიძე
27.10.2022

ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რიტორიკა იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინასთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის დაინტერესებული არაა და ომის გაგრძელება სურს. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, პუტინი ჩიხშია შესული, ყველა ფსონი უკრაინაზე დადო და სანამ რესურსი ექნება, ომს არ შეწყვეტს.

ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ პუტინის განცხადებაზე, რომლითაც მან 26 ოქტომბერს მიმართა დსთ-ს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებს მიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინამ „სუვერენიტეტი დაკარგა" და აშშ მას იყენებს „ტარანად" რუსეთის, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს, ბელარუსის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და დსთ-ს წინააღმდეგ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტთა შეფასებით, პუტინის ნარატივი გააძლიერა დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელმაც განაცხადა, რომ „უკრაინამ დაკარგა სახელმწიფოდ არსებობის უნარი", „ნატოს მიერ ოკუპირებულია" და „აშშ-ის კოლონიად იქცა".

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, მსგავსი ფორმულირებები შეუთავსებელია ცეცხლის შეწყვეტის მიზნით თანასწორუფლებიან მოლაპარაკებასთან და მით უმეტეს, რუსეთის მიერ დაწყებული კონფლიქტის გადაწყვეტასთან, და პირიქით, იმაზე მეტყველებს, რომ კრემლი ისევ მიისწრაფვის უკრაინასთან ომში გამარჯვებისა და ხელისუფლების შეცვლისკენ, რაც, მისი ჩანაფიქრით, უკრაინას დასავლეთიდან რუსეთისკენ მიაბრუნებს.

ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ პუტინი ახლა დილემის წინაშეა.

„აქ უკვე პუტინის მმართველობის და პოლიტიკური ვერტიკალის შენარჩუნებაზეა საუბარი. მისთვის უკრაინის ომი უკვე პირადი უსაფრთხიების დილემაა, ომში თავი უნდა დაიძვრინოს, ან თავის გაგებით „ღირსეულად" დაამთავროს, ან ის ძალაუფლებას დაკარგავს.

„როგორც ჩანს, პუტინმა ყველა ფსონი უკრაინის ომზე დადო, იგი 2014 წლის ყირიმის იოლმა ანექსიამ დაარწმუნა და უკრაინის სახელმწიფოსა და შეიარაღებულ ძალებზე არასწორი შეხედულება შეუქმნა, მას ეგონა, რომ დაშლილი და მონგრეული იყო. ასევე თავის სპეცსამსახურის თანამშრომლებმაც დააჯერეს, რომ ახლაც შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო.

„დაახლოებით იგივე ვარიანტია, რაც ჰიტლერს საბჭოთა კავშირის მიმართ ჰქონდა. ფიქრობდა, რომ საბჭოთა არმიას უკვე თავი მოცლილი აქვსო. ასეთი წარმოდგენა ჰქონდა პუტინს 24 თებერვლამდე უკრაინაზეც და ფიქრობდა, რომ იოლი ბლიცკრიგით აიღებდა, მაგრამ ყველა გეგმა ჩაეშალა.

„რუსეთი ახლა ყველანაირად ცდილობს, რომ დასავლეთი დააშანტაჟოს, პუტინმა სტრატეგიული ბირთვული წვრთნების ჩატარება დაიწყო, სტრატეგიული ტრიადა იქნა ამოქმედებული - სტრატეგიული ბომბდამშენები, წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური მიწისქვეშა სარაკეტო კომპლექსები. მას სანამ რესურსი ექნება, ომს არ შეწყვეტს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

მან ფრონტზე არსებულ სიტუიაციაზეც ისაუბრა.

„ვამბობდი, რომ უახლოესი 2-3 კვირა იყო კრიტიკული, მერე ცუდი ამინდები დაიწყებოდა და ფრონტზე უკრაინას შედარებით გაუჭირდებოდა. სამწუხაროდ სამხრეთით ამინდი გაუარესდა. რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია და თუ ზაპოროჟიეს მხარეს უკრაინამ დაიწყო შეტევა და რუსებს საფრთხე დაემუქრებათ, პუტინი იმაზეც წავა, რომ ატომური ელექტროსადგური ააფეთქოს და როგორც ჩანს ამის წინაპირობასაც ამზადებს.

„თუ რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის აფეთქებას გარისკავენ, არაა გამორიცხული, რომ ამან 2 ათასი კილომეტრის რადიუსი მოიცვას, რაც ტერიტორიას დააბინძურებს და სვლას შეაფერხებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×