თამთა ჩაჩანიძე
27.10.2022

12 ევრორეკომენდაციის შესრულება უკრაინაში მიმდინარე ომზეა დამოკიდებული. თუ ნათლად გამოჩნდება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დასასრულს უახლოვდება და რუსეთი მარცხდება, „ქართულმა ოცნებამ" მშვენივრად იცის ის 12 პუნქტი როგორ უნდა გააკეთოს - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიოსი ვახტანგ ძაბირაძე.

„რეკომენდაციების შესრულების პროცესი რომ 2023 წლამდე გაიწელოს, ეს „ოცნებასაც", ევროპასაც და ზოგადად ყველას აწყობს. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ექვს თვეში რეკომენდაციების შესრულოება ვერ მოხერხდებოდა, თანაც ეს ქვეყნის შიგნით საკმაოდ მძიმე ვითარებას შექმნიდა. პირველ რიგში ევროპელებმა შეხედეს რა ვითარებაც იყო და დრო გაახანგრძლივეს. თუ რეკომენდაციებს დროზე შევასრულებთ და ისეთ პროექტს ჩავაბარებთ, რომელიც ევროპისთვის მისაღები იქნება, ამას რა სჯობს, მაგრამ ვფიქრობ ეს თემა ცოტა გაჭირდება - „ქართული ოცნება" თორმეტივე პუნქტს სანამ შეიმუშავებს და ევროპაში გადააგზავნის, პროცესი გაიჭიმება.

„პროცესის გაჭიანურება ხელს აძლევს დასავლეთსაც და „ქართულ ოცნებასაც", ეს კი პირდაპირ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. მომავალი წლის ბოლოსთვის ალბათ მეტ-ნაკლებად გამოჩნდება უკრაინულ-რუსული დაპირისპირების ფინალი როგორი იქნება. შედეგი კი გასაგებია რაც იქნება - დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოვა, მაგრამ იმ ვითარებაში რა ვითარება თუნდაც დღესაა, იგივე საკითხი ბირთვულ იარაღზე და ა.შ. ალბათ ყველას უნდა, რომ ეს დროში გაიწელოს და უბრალოდ რუსეთის გამოფიტვის პროცესი დადგეს და არა უკრაინის.

„ჩვენი შიდა პროცესი ევრორეკომენდაციების შესრულებაზეც ამას მოებმება და რეალურად გამოჩნდება ევროპელების დამოკიდებულება ამ 12 პუნქტის მიმართ. ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება იდო, როცა პროცესი მომავალი წლის ბოლოსთვის გადაიტანეს. თუ ნათლად გამოჩნდება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დასასრულს უახლოვდება და რუსეთი მარცხდება, „ქართულმა ოცნებამ" მშვენივრად იცის ის 12 პუნქტი როგორ უნდა გააკეთოს.

„თუ პუნქტების შესრულების პროცესი ასე დარჩება, როგორც დღესაა, თუნდაც ლაპარაკი რომაა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონის მიღებაზე, ამას დასავლეთი რა თქმა უნდა არ მიიღებს, მაგრამ „ოცნებას" იქამდე დრო აქვს და დრო აქვს დასავლეთსაც. თუ დაინახავენ, რომ უკრაინაში ომი სრულდება და სრულდება უკრაინის გამარჯვებით, „ქართული ოცნება" ამ 12-ივე პუნქტს მშვენივრად შეასწორებს და იმას გააკეთებს, რაც ევროპისთვისაც მისაღები იქნება", - განაცხადა ძაბირაძემ.

მან ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა.

„ზოგადად გაერთიანება ცუდი არაა, მაგრამ ყველაფერი იმის შესაბამისად უნდა გაკეთდეს, თუ ქვეყანაში რა რეალობა გვაქვს. თუ დიდ გაერთიანებაზეა საუბარი, ჩემი აზრით, ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ოპოზიციური პარტიების დიდი გაერთიანება დღეს ოპოზიციურ ელექტორატს ვერ აერთიანებს, პრობლემაც ესაა.

„ოპოზიციას დღეს ეს პრობლემა აქვს, რომ მან ოპოზიციური ამომრჩეველი სრულად უნდა აითვისოს. დიდი გაერთიანების შემთხვევაში, იმ ოპოზიციურ ელექტორატს ვერ აითვისებს, რაც დღესაა, აქედან უნდა ამოვიდნენ და უფრო რეალური და ისეთი გაერთიანებების შექმნა დაიწყონ, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნება. ამისთვის ერთი წელი დრო აქვთ, რომ ამ თემაზე სერიოზულად იფიქრონ და იმუშავონ. ოპოზიცია მოეშვას ლაპარაკს იმაზე, რომ ხვალ და ზეგ რიგგარეშე არჩევნებს აუცილებლად მივაღწევთ და ა.შ. მოეშვას ლაპარაკს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" პრორუსულია, ყველამ ყველაფერი უკვე იცის. ერთიდაიგივეს ლაპარაკს შედეგი არ მოაქვს.

„ის ამომრჩეველი, რომელიც „ოცნებას" ჩამოშორდა, უკვე ჩამოშორდა და ვინც დარჩა, მას რაც არ უნდა უთხრა, მაინც „ოცნების" მხარდამჭერი იქნება, ისევე როგორც ენმ-ს. აქედან უნდა ამოვიდნენ. თუ ამას ვერ აანალიზებენ, მაშინ სამეულის თუ სხვათა გაერთიანება ბლეფია.

„ოპოზიციამ თუ რაიმე დისკუსია უნდა დაიწყოს, ამაზე უნდა დაიწყოს, მიზანი კი მარტივი უნდა იყოს. ოპოზიციის ელექტორატი ამომრჩევლის ორი მესამედია და ეს ხმები არ უნდა დაკარგოს, ბარიერს მიღმა არ უნდა დატოვოს, დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია. თუ ოპოზიცია ამას გააკეთებს, 2024 წელს იქნება თუ უფრო ადრე, არჩევნებს მოიგებს, თუ ვერ გააკეთებს, მაშინ „ოცნება" ისევ უმრავლესობას მიიღებს, ძალიან მარტივი რეალობაა", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×