ია აბულაშვილი
28.10.2022

„ქართული ოცნება" ბარიერს თუ არ დაწევს, პარტიებს მოუწევთ ერთ პოლიტიკურ ძალად გაერთიანება და ამიტომ დღეს რომ აცხადებენ, არ გავერთიანდებითო, არაფერს ნიშნავს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს.

პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ერთობაზე საუბარი ნაადრევია. „ლელოს" ლიდერები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ან სხვა პარტიასთან გაერთიანება დიდი შეცდომა იქნება. სალომე სამადაშვილის აზრით, საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს „ნაციონალური მოძრაობის" ერთპარტიულად ხელისუფლებაში დაბრუნება და ალტერნატიულ შეთავაზებას ელოდება.

„საზოგადოების უმრავლესობა ელოდება შეთავაზებას, რომელიც იქნება ალტერნატივა და არა „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო შექმნილი რაიმე გაერთიანება," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

„გაერთიანება ცუდი არ არის. როდესაც ოპოზიცია ერთი პლატფორმის გარშემო ერთიანდება, კარგია. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" არ აპირებს 5%-იანი ბარიერის დაწევას, პარტიებმა კი არ იციან, რა მოხდება, ამიტომ ელოდებიან. თუ დაწევს, მაშინ არ გაერთიანდებიან, თუ არ დაწევს, მოუწევთ ერთ პარტიად ჩამოყალიბება, რადგან არჩევნებში ბლოკებად ვერ გავლენ.

დაელოდონ „ოცნების" გადაწყვეტილებას, მაგრამ აქედანვე დაიწყონ ფიქრი, თანამშრომლობის გამოცდილება მაინც ექნებათ; ეცოდინებათ, რაში ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან ერთმანეთს. საზოგადოებას უნდა ალტერნატიული შეთავაზებაო. კი ბატონო, ხალხს ისე უნდა მესამე ძალა, რომ დიდ კრიტიკას არ დაიწყებს, ვინ გაერთიანდება მესამე ცენტრში. მეეჭვება, რომ ეს მოხდეს, მაგრამ რატომ არ შეიძლება „ლელომ" და გახარიამ მოახერხონ გაერთიანება ისე, როგორც ეს სამი პარტია ჯგუფდება - „სტრატეგია აღმაშენებელი", „დროა" და „გირჩი-მეტი თავისუფლება"?! დიდი ალბათობით, „ოცნებამ" ბარიერი თუ არ დაწია, პარტიებს დასჭირდებათ გაიხედ-გამოიხედონ და იპოვონ შესაბამისი ძალა. ასე რომ, განცხადებები - არ გავერთიანდებით არაფერს ნიშნავს," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×