თეონა ვეშაგური
29.10.2022

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია ოფიციალურად დასრულდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის შერგეი შოიგუს თქმით, დასახული ამოცანა, რომ გაწვეულიყო 300 ათასი რეზერვისტი, შესრულებულია. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ნაწილობრივი მობილიზაცისს დასრულების ფაქტი სიცრუეა და მეტიც, ის უკვე საყოველთაო მობილიზაციის ფაზაში გადადის.

რუსეთის ხელისუფლებამ ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, რასაც ქვეყნიდან გასაწვევი ასაკის მამაკაცთა მსაობრივი გაქცევა მოჰყვა. უპრეცედენტო აჟიოტაჟი და დიდი რიგი იყო საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ათასმა რუსეთის მოქალაქემ სწორედ საქართველოს შეაფარა თავი.

თავად რუსეთში კი მობილიზაცია სერიოზული პროტესტისა და სკანდალების ფონზე მომდინარეობდა. გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში ჯარში იწვევდნენ ისეთ მოქალაქეებს, რომელთაც კანონით გაწვევა არ უნდა შეხებოდათ. რამდენიმე ათეული გაწვეული დისლოკაციის ადგილას გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. იყო ახალწვეულებსა და სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტებიც, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

განსაკუთრებულ უკმაყოფილებას და გაუგებრობას იწვევდა ის გარემოება, რომ თავდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა მობილიზებულების სრულყოფილად აღჭურვა. ხშირ შემთხვევაში გაწვევას დაქვემდებარებულ პირებს ავალდებულებდნენ საკუთარი სახსრებით შეეძინათ ჯავშანჟილეტები, თბილი ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის ამუნიცია.

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციის დასრულების შესახებ პირადად უპატაკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მისი ინფორმაციით, 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია და მათი საშუალო ასაკი 35 წელია.

შოიგუს თქმით, 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადიან. უკრაინაში გაგზავნილთა ნახევარი - 41 000, შოიგუს თქმით, უკვე მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში.

„მოქალაქეთა შეტყობინება დასრულდა. ჩვენს მიერ დასახული 300 ათასი კაცის გაწვევის ამოცანა შესრულებულია. არანაირი დამატებითი ამოცანები არ იგეგმება", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულებას უკრაინის პრეზიდებტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. როგორც მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რუსი მობილიზებული სამხედროები ისე ცუდად არიან მომზადებული, რომ მალე რუსებს მობილიზაციის ახალი ტალღა დასჭირდებათ.

„რუსეთი კი ცდილობს ჩვენს პოზიციებზე ზეწოლის გაძლიერებას მობილიზებულების გამოყენებით, მაგრამ ისინი ისე ცუდად არიან მომზადებული და ეკიპირებული, ისე უხეშად გამოიყენებიან ხელმძღვანელობის მიერ, რომ ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ: უკვე მალე რუსეთს შეიძლება ომში ხალხის ახალი ტალღის გაგზავნა დასჭირდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ რეალურად რუსეთში მობილიზაცია არ დასრულებულა და აღნიშნული განცხადებები მხოლოდ ფსიქოლოგიური ომის ნაწილია.

„ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების ფაქტი არის სიცრუე, არ დასრულებულა. ის განცხადება და ანგარიში, რაც შოიგუმ გააკეთა და თავის მთავარსარდალს ჩააბარა, გაკეთებულია ფსიქოლოგიური ომის კონტექსტში. ნაწილობრივი მობილიზაცია არ დასრულებულა და მეტიც, ის საყოველთაო მობილიზაციის დონეზე გადავიდა.

„ამასთან, საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში გადაისროლეს 41 ათასი რეზერვისტი, ამ ფონზე კი უკრაინელებს ხერსონის მიმართულებით საკმაოდ სერიოზული დარტყმის ცენტრი აქვთ შექმნილი და ალნათ ამ დღეებში აიღებენ კიდეც, ზაპოროჟიეს მიმართულებითაც წარმატებული შეტევები აქვთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ცხადად ვხედავთ, რომ რუსეთისთვის მობილიზაცია არაეფექტური აღმოჩნდა.

„აქედან გამომდინარე , რეალურია ზელენსკის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ რუსებს მალე ახალი მობილიზაცია დასჭირდებათ. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფრონტზე ჯერ არ არის მობილიზებულთა სრული შემადგენლობა. რუსეთისთვის ჯერჯერობით ჭირს მობილიზებულთა გაწვრთნა", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×