თამთა ჩაჩანიძე
30.10.2022

რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება დატოვა, ოფიციალურ მიზეზად კი ოკუპირებული სევასტოპოლის ყურეში განლაგებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე თავდასხმა დაასახელა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს მხოლოდ საბაბია, რადგან მოსკოვი რამდენიმე კვირაა ღიად იმუქრებოდა შეთახმების ჩაშლით. რეალური მიზეზი კი მსოფლიოში ახალი კრიზისის შექმნისა და შანტაჟის სურვილია.

მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები დასავლეთში. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს. გაერო აცხადებს, რომ ორგანიზაციის ოფიციალური პირები კონტაქტზე არიან რუსეთის ხელისუფლებასთან. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრეს-სპიკერი სტეფან დუჟარიკმა, შეთანხმების გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა. მისივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება კრიტიკულ ჰუმანიტარულ ძალისხმევას წარმოადგენს, რომელიც აშკარად დადებით გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანისთვის საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. კიევში კი აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო „დიდი ოცეულისა" და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდებიან.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანის თქმით, მომხდარზე რეაგირება პირველ რიგში შეთანხმების ხელმომწერებმა უნდა მოახდინონ: „უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან არანაირ „მარცვლეულის შეთანხმებისთვის" ხელი არ მოუწერია. ხელის მომწერები არიან რუსეთი, თურქეთი და გაერო. ხოლო უკრაინას რუსეთთან არანაირ შეთანხმებებზე არ მოუწერია ხელი, რადგან ესმის, რომ ის თითქმის არასდროს არ ასრულებს მასზე აღებულ ვალდებულებებს".

შეგახსენებთ, რომ შეთანხმება 22 ივლისს სტამბულში დაიდო, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე - ოდესაზე, ჩორნომორსკსა და იუჟნიზე ბლოკადა მოიხსნა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგროკულტურული პროდუქტების ექსპორტი დაიწყო.

საბაბი და რეალური მიზეზი

რუსებმა შეთანხმების ჩაშლის ოფიციალურ მიზეზად 29 ოქტომბერს დილით ოკუპირებული სევასტოპოლის ყურეში განლაგებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 4 სამხედრო ხომალდზე იერიში დაასახელეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა ცხრა უპილოტო საფრენი აპარატითა და შვიდი საზღვაო უპილოტო აპარატით. შედეგად „უმნიშვნელო დაზიანებები" მხოლოდ ნაღმოსანმა ხომალდმა „ივან გოლუბეცმა" მიიღო და სერიოზული დაზიანებები არ არის.

რუსული მხარე ამას ტერორისტულ აქტად აფასებს. მათივე ცნობით, საბრძოლო ხომალდები, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა, შავ ზღვაში აცილებდნენ და იცავდნენ უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს. აქედან გამომდინარე რუსები აცხადებენ, რომ სევასტოპოლში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ვეღარ უზრუნველყოფენ უსაფრთხო ნაოსნობას შავ ზღვაში და შესაბამისად, შეთანხმებიდან გადიან.

დასავლეთი მიიჩნევს რომ ეს უბრალოდ საბაბია, რადგან რუსეთმა ხორბლის შეთანხმებიდან გასვლაზე საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. 17 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთსა და გაერო-ს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები იმით დასრულდა, რომ რუსები შეთანხმების ჩაშლით იმუქრებოდნენ, მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ უკრაინიდან ხორბლის გატანაზე თანხმობის სანაცვლოდ, უნდა მიეღოთ უფლება, რომ მსოფლიო ბაზარზე რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქცია და სასუქები შეუფერხებლად გაეტანათ.

ამის პარალელურად ოფიციალური რუსული მედია შეთანხმების შესაძლო ჩაშლაზე წერდა. „რია ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთმა დასავლეთს 300 000 ტონა სასუქის უფასოდ დარიგება შესთავაზა ყველაზე ღარიბ ქვეყნებისთვის, ევროპის სხვადასხვა პორტებში, თუმცა სასუქის წაღება ჯერ არავის სურს".

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის თანავე სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიმიტრი პატრუშევმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე უკრაინა მთლიანად ჩაანაცვლოს და თავისი ხორბალი ხელმისაწვდომ ფასად გაიტანოს ექსპორტზე.

პატრუშევმა რუსულ მედიასთან არნიშნა, რომ რუსეთში წლევანდელი მოსავალი 150 მილიონი ტონაა, საექსპორტო პოტენციალი 50 მილიონ ტონაზე მეტია შეფასებული. ამასთან დასძინა, რომ „რუსეთი მზადაა მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში უღარიბეს ქვეყნებს 500 000 ტონა მარცვლეული უსასყიდლოდ მიაწოდოს".

როგორ იმუქრებოდა რუსეთი შეთანხმების ჩაშლით

26 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მაქსიმ ივანოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა შეთანხმების პირობები არ შეასრულა და „გარიგების გაგრძელების მიზეზიც არ არსებობს". მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს გაახანგრძლივოს გაეროს მარცვლეულის შეთანხმება თურქეთთან და „უზრუნველყოს უწყვეტი საკვების მიწოდება მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება".

24 ოქტომბერს გაკეთებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით კი, „მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებამდე მასზე მოსკოვის ყველა სამართლებრივი საკითხი უნდა გადაწყდეს".

16 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები გაეროს წარმომადგენლებთან მარცვლეულის შეთანხმებაზე. რუსეთმა კი კონსულტაციების დროს პაკეტის მეორე ნაწილის განხორციელების აუცილებლობაზე განაცხადა.

14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მარცვლეულის დერეფანს დახურავდა თუ „დადასტურდებოდა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბრის ტერაქტის დროს ასაფეთქებელი ნივთიერებები, ოდესიდან ყირიმის ხიდზე მარცვლეულის სატვირთო მანქანით გადაიტანეს".

13 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა სასურსათო შეთანხმების მეორე ნაწილის შეუსრულებლობაზე მიუთითა. ამავე დღეს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ევგენი ნიფანტიევმა „იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მარცვლეულის შეთანხმებიდან შესაძლო გასვლა უარყოფითად იმოქმედებს მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების ცხოვრებაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ სტამბულის შეთანხმებიდან მეორე დღეს 23 ივლისს რუსეთმა ოდესის პორტს ოთხი რაკეტა ესროლა, ორი უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, ორმა კი მიზნამდე მიაღწია და მაშინვე გაჩნდა დასავლეთში ეჭვები, რომ ეს იყო შეთანხმების ჩაშლის მცდელობა.

რა პასუხი ექნება დასავლეთს მოსკოვის ახალ შანტაჟზე

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რუსეთი ცდილობს თავისი გაიტანოს, რომ მსოფლიოში გამწვავებული მდგომარეობა გამოჩნდეს და ამით დასავლეთი დააშანტაჟოს. დასავლეთის პასუხი კი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებით უნდა გამოიხატოს.

„რუსეთი შანტაჟით ყველა მიმართულებით ცდილობს, რომ რაღაც საკითხში მაინც თავისი გაიტანოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩათვალეს, რომ სევასტოპოლზე შეტევას მსოფლიო მიიღებდა, როგორც მიზეზს უკირაინული ხორბლის ექსპორტის შეწყვეტისა.

„უკრაინა ხორბლის უზარმაზარი მწარმოებელია, ბაზარზე მისი წილი ისეთია, რომ როგორც კი საომარი მოქმედებების გამო ექსპორტი შეწყვიტა, ფასი მაშინვე ისე გაიზარდა და მსოფლიოში საკვების კრიზისზე დაიწყეს ლაპარაკი. ამის გამო პროცესში პირადად გაეროს გენერალური მდივანი ჩაერთო, თურქეთი, ნატოს სხვა ქვეყნები და ბოლოს და ბოლოს შეთანხმებას მიაღწიეს.

„როგორც კი გატანა დაიწყეს, მსოფლიოში ხორბალზე ფასი მაშინვე დაეცა. თავისთავად ეს კარგი იყო, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის აზიასა და აფრიკაში, სადაც შიმშილი ჩვულებრივი ამბავია. რუსეთი მზადაა გადაადგას იმისკენ ნაბიჯი, რომ საერთო შეთანხმებით მიღწეული კეთილი საქმე როგორმე შეწყვიტოს და კვლავ კრიზისი გამოიწვიოს. მაგრამ არ მგონია რუსეთს ეს გაუვიდეს.

„რუსეთისთვის უარი არც არავისთვის არ უთქვამს და რუსეთის ხორბლის ექსპორტიც პარალელურად ხორციელდება. უბრალოდ ის შანტაჟს ეწევა, რომ მსოფლიოში კვლავ გამწვავებული მდგომარეობა გამოჩნდეს. ამ შეთანხმებით ძალიან კეთილი საქმე გაკეთდა, მსოფლიო სასურსათო ბაზარზე ბალანსის აღდგენა დაიწყო, მათ შორის გადიოდა სასუქები უკრაინულიც და რუსულიც და ახლა რუსეთს კვლავ ამის შემობრუნება უნდა.

„ხორბლის ჩაკეტვა გამოიწვევს იმას, რომ ის კრიზისი გამწვავდება, რომლის დაძლევაც ამ შეთანხმებით დაიწყო. ეს სურსათის ნაკლებობას გამოიწვევს, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე და შესაბამისად იქნება ადამიანების ტანჯვა და შიმშილი. მაგრამ რუსეთისთვის მსგავსი ჰუმანისტური მოსაზრებები ბევრს არაფერს ნიშნავს, მას პოლიტიკური მიზნები აქვს და ამისთვის, როგორც ვხედავთ, ყველაფერზე მიდის.

„დასავლეთის პასუხი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება იქნება და ბოლოს და ბოლოს უნდა აიძულონ, რომ გონს მოეგოს. ამ კრიზისის ჰუანიტარული ასპექტი მოგვარებული უნდა იქნას და უხეში ჩარევის ნება არავის არ უნდა მიეცეს," - განახადა მენაღარიშჭვილმა.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახლა დასავლეთს შეთანხმებაში დაბრუნებისთვის რუსეთზე ზეგავლენის ბერკეტი არც ისე ბევრი აქვს.

„ეს მოსალოდნელი იყო. თავის დროზე ამ შეთახმების მიღწევა დიდი ზეწოლის ქვეშ მოხდა. განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშეს იმ ქვეყნებმა აზიიდან და აფრიკიდან, რომლებიც უკრაინულ მარცვლეულზე არიან დამოკიდებულები. ფასებიც მაღლა ავარდა. შემდეგ კი გაერო და სხვა ორგანიზაციები ჩაერთნენ.

„რუსეთის მიზანი სწორედ ისაა, რომ უკრაინა პოლიტიკურ-ეკონომიკურად მოგუდოს. ნახეს, რომ მარცვლეულის ექსპორტი ეკონომიკის გაძლიერებაში ეხმარება. ბუნებრივია, რუსეთი ამაში მოწადინებული არ იქნება.

„რუსეთს არცერთი ომის დროს წესების დაცვა არ სჩვევია, საერთაშორისო სამართალსა და სხვა ხელშეკრულებებს მხოლოდ პროპაგანდის დონეზე იყენებს, მის შესრულებაზე რეალურრად არასდროს ფიქრობს. როცა დიპლომატიაში ქვეყანა წესების გარეშე თამაშობს, ბუნებრივია, რომ მისი ნდობა შეუძლებელია. საერთაშორისო საზოგადოებას ალბათ ხელახლა მცდელობა ექნება, მაგრამ დღეს რუსეთზე ზეგავლენის ბევრი ბერკეტი არ რჩება", - განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე, რამდენად გაუვა რუსეთს მსოფლიოს მორიგი დაშანტაჟება, კაკაჩია პასუხობს:

„ერთ-ერთი სერიუოზული პრობლემა ისაა, რომ ამ საერთაშორისო სანქციებს განვითარებადი ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილი არ უერეთდება. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მათთვის უკრაინის ომი ისეთი მნიშვნელობის არაა, როგორც განვითარებული ქვეყნებისთვის და დასავლეთისთვის. ამიტომაცაა, რომ აზია-აფრიკის ქვეყნები რუსეთთან დღემდე ვაჭრობენ და ომში ჩარევა არ უნდათ. ეს კი პრობლემაა. რუსეთი ახლა ეცდება, რომ თავისი პროდუქცია ზუსტად ამ ბაზარზე გაიტანოს და არა დასავლურზე, რომელიც მისთვის ისედაც ჩაკეტილია.

„უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ჩაკეტვა გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანას მარცვლეული გაუფუჭდება და მილიონობით შემოსავალს დაკარგავს, მით უმეტეს ომის დროს ქვეყანა დასავლეთის დახამრებაზეა და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ამის პარალელურად მსოფლიოში ხორბალზე მოთხოვნაა და ხალხი შიმშილობს. აქ ლოგიკა არაა - მარცვლეული ფუჭდებოდეს და განვითარებად ქვეყნებში ხალხი შიმშილობდეს", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×