თამთა ჩაჩანიძე
31.10.2022

რუსეთმა უკრაინაში ენერგოობიექტების დაბომბვებს მოუხშირა, შედეგად მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი - ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ ავიაიერიში ქვეყნის ათ რეგიონში განხორციელდა, შედეგად დაზიანებულია 18 ობიექტი, უმეტესობა ენერგეტიკული ობიექტია.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პუტინს ახალი გეგმა აქვს და ენერგოობიექტების განადგურება კი ამ გეგმის ნაწილია. მათი შეფასებით, ამით კრემლის ლიდერი იმის კომპენსირებას ახდენს, რომ ფრონტის ხაზზე რუსებს რთული მდგომარეობა აქვთ.

ამასთან ამბობენ, რომ დასავლეთის დახმარებით უკრაინამ საჰაერო თავდაცვა გააძლიერა და გაშვებული რაკეტების 90%-მდე განეიტრალება მოახერხა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ტელეგრამზე" დაწერა, რომ უკრაინის მასიური დაბომბვის დროს, რუსმა დამპყრობლებმა 18 ობიექტი დააზიანეს, რომელთა უმეტესობა ენერგეტიკული ობიექტებია.

„რაკეტებმა და უპილოტო თვითმფრინავებმა 10 რეგიონში დაარტყეს, სადაც დაზიანდა 18 ობიექტი, რომელთა უმეტესობა ენერგეტიკული ობიექტები იყო. შედეგები შეიძლება ბევრად უარესი იყოს. მადლობა მებრძოლებს, რომლებიც იცავენ ჩვენს ცას. ასევე, მადლობა ენერგეტიკოსებს, რომლებიც ამ წუთებში აცილებენ რუსული თავდასხმების შედეგებს. სარემონტო ჯგუფები მუშაობენ სრული დატვირთვით," - წერს შმიგალი სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერში" წერს, რომ რაკეტები მათ შორის კიევის მიმართულებითაც ისროლეს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთადერთი მიზანი არის სიკვდილი და განადგურება.

„რუსეთი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით და არც გლობალური სასურსათო უსაფრთხოებით", - წერს ნიკოლენკო.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დღეს დილით რუსეთის მიერ გაშვებული ორმოცდაათზე მეტი რაკეტიდან 44 ჩამოაგდეს, აქედან, 18 - საჰაერო სარდლობის „ცენტრის" პასუხისმგებლობის ზონებში, 12 - საჰაერო სარდლობა „სამხრეთის" პასუხისმგებლობის ზონებში, 9 - საჰაერო სარდლობა „აღმოსავლეთის", 5 კი - „დასავლეთის".

„31 ოქტომბერს დილით, 07:00 საათზე რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშის რამდენიმე ტალღა განახორციელეს. 50-ზე მეტი X-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტა კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან და ვოლგოდონსკის რაიონიდან (როსტოვის ოლქი) გამოისროლეს", - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, ახლა უკრაინის საჰაერო სისტემა გაცილებით კარგად მუშაობს, რაც ნიშნავს, იმას, რომ რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტების მხოლოდ 10-12%-ის განეიტრალება ვერ მოხერხდა.

„ახლა უკრაინის საჰაერო სისტემა გაცილებით უკეთესად მუშაობს, ანუ უფრო მეტი რაკეტის ლიკვიდაცია მოხერხდა. პროცენტულად რომ ვიანგარიშოთ, უკრაინამ ენერგოინფრასტრუქტურის მიმართულებით გაშვებული რაკეტების 88%-ის განეიტრალება მოახერხა. ვიცით, რომ გერმანიამ უკრაინას „ნასამსის" სისტემები გადასცა და ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა.

„მაგრამ, ბუნებრივია პრობლემა არსებობს, რომ ენერგეტიკა თითოეული ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია. მითუმეტეს, უკრაინის ტერიტორიაზე ძალიან ბევრია, როგორც თბოელექტროსადგურები, ასევე ჰიდროელექტროსადგურები და ატომური ელექტროსადგურები",-განაცხადა მან.

მისივე შეფასებით, ესეც პუტინის მორიგი გეგმის ნაწილია, რითაც მორიგჯერ ცილობს რომ უკრაინა მოლაპარაკებებისკენ წაიყვანოს.

„პუტინი ამით ცდილობს, რომ უკრაინა როგორმე მოლაპარაკებებზე და დათმობაზე წავიდეს. გვახსოვს მედვედევმა განაცხადა, რომ ენერგოობიექტებზე ისეთი ინტენსიური შეტევა არ იქნება თუ უკრაინა მოლაპარაკებაზე წავაო.

„რუსებს ფრონტის ხაზზე უკან დახევა უწევთ, მათ შორის ხერსონის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. ენერგოობიექტებზე იერიშითკი ამის კომპენსირებას ახდენს. ლუგანსკის და დონეცკის ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთი 2014 წლიდან აკონტროლებს, ახლა კი უკრაინამ ასეთი რამდენიმე პუნქტი გაათავისუფლა.

„რუსებს სახმელეთო ოპერაციების განხორციელება უჭირთ, ძირითადად უკან იხევენ. თუ ომის პირველ ფაზაში ძირითადად შეტევით ოპერაციებს ახორციელებდა, მათ შორის კიევის მიმართულებითაც კი, დღეს ვითარება განსხავებულია, პუტინი სახმელეთო ოპერაციებს აგებს და ამის ნაცვლად საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ეს კი მისთვის პრობლემაა, რადგან სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთს თუნდაც დღევანდელი სარაკეტო დაბომბვა დაახლოებით 300 მილიონი დოლარი დაუჯდა, თან ამის პარალელურად სარაკეტო მარაგი ეწურება.

„უკრაინაზე ენერგოობიექტებზე იერიში პუტინის გეგმის ნაწილია, ერთის მხრივ უკრაინას ურტყამს, ცალკე ის უნდა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციოს.პუტინი ახლა ყველაფერზე წამსვლელია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×