ელზა პაპოშვილი
31.10.2022

რუსების მხრიდან უკრაინის ქალაქების დაბომბვა ამ დრომდე გრძელდება.  ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. კრემლი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას არ წყვეტს. 

ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 13-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. რუსულმა ძალებმა კიევი და სხვა  ქალაქები ისევ დაბომბეს. მათი მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტს დაარტყეს.   

ამის პარალელურად კი უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში 24 დასახლების გასათავისუფლებლად იბრძვიან, მტერი აქტიურ წინააღმდეგობას უწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები აქტიურად იბრძვიან ჩვენი ტერიტორიების გასათავისუფლებლად. საშუალოდ 24 დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ ოკუპაციის ქვეშ რჩება. რატომ ვამბობ "საშუალოდ", რადგან ფრონტზე ვითარება ნამდვილად იცვლება. თუმცა, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, სრულად გათავისუფლდეს ოლქი“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ და უკან დახევას არ აპირებენ. სინეგუბოვის ინფორმაციით, ფრონტის ხაზი შეიცვალა, ამიტომ პოზიციების გაძლიერებაზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ, მოწინააღმდეგეც აძლიერებს საკუთარ პოზიციებს.

"შენდება საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობები. შეგახსენებთ, ჩვენ გვაქვს 315 კილომეტრიანი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან. რუსები ასევე ამაგრებენ თავიანთ პოზიციებს", - აღნიშნა სინეგუბოვმა.  

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება გააგრძელოს საომარი მოქმედებები, რათა შეინარჩუნოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, დაიკავოს ახალი ტერიტორიები და შექმნას პირობები დასავლეთისთვის, რომ შეწყვიტოს კიევის მხარდაჭერა, რაც მისი მოლოდინით, ამ ზამთარს მოხდება, - ამის შესახებ ამერიკის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი სურდეს, თუმცა, ის სავარაუდოდ, გააგრძელებს მინიშნებას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ნატო-ზე თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ, იმ მიზნით, რომ შეარყიოს დასავლეთის ნება, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„პირველი, ის, რომ პუტინი წამოაყენებს პირობებს, რათა გააგრძელოს ცუდად მომზადებული რუსული ჯარების უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გადასროლა იმის ნაცვლად, რომ შეაჩეროს ოპერაციები ეფექტური სამხედრო ძალების აღსადგენად. მეორე, რომ პუტინის გამარჯვების თეორია ეყრდნობა მკაცრი ზამთრის გამოყენებას ევროპის ნების შესარყევად“, - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.

მათივე შეფასებით, თუ პუტინი აპირებს 4-6 წვრთნის შემდეგ რუსი ახალწვეულების უკრაინაში გაგზავნას, შესაძლოა, რუსეთის ძალებს შეუქმნას პირობები, რათა განაახლონ შეტევითი ოპერაციები გაზაფხულის დათბობის დასრულების შემდეგ.

„რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზება მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი აპირებს გააგრძელოს ბრძოლა 2023 წელს და არ მოელის რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას”, - აღნიშნულია ანგარიშში. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი  და გენერალ -მაიორი ვახტანგ კაპანაძე  „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე ჯერჯერობით უკრაინის მხრიდან კონტრშეტევები შეჩერებულია და გარკვეული პაუზა აქვთ აღებული. გენერალი ამბობს, რომ ეს ომი იქნება ხანგრძლივი და ორივე მხარე გამოფიტვაზეა. ამიტომ მსგავსი ტაქტიკური პაუზა ორივეს მხრიდან მოსალოდნელი იყო. 

„ის რომ კონტრშეტევის ტემპი შეჩერდა, გასაგებია, ვინაიდან ის მასა, რომელიც რუსეთმა მაინც მოახერხა და მობილიზაციის გამოცხადების შედეგად კვალიფიკაციის მიუხედავად შეაგროვა, თავის გარკვეულ როლს თამაშობს. თუმცა, ვერ ვიტყვით რომ სრულად შეჩერებულია. 

„ხარკოვის მიმართულებაზე გარკველი წინსვლა შეინიშნება. ნელი, მაგრამ წინსვლა მაინც არის. კი ბატონო, ხერსონის მიმართუელბაზე რამდენიმე პოზიციაზე  უკრაინელებმა უკანაც კი დაიხიეს და უკეთესი პოზიციები შეარჩიეს. 

„რუსებმა მაქსიამლურად ბევრი ხალხი სამხრეთის მიმართულებაზე გადაისროლა. რუსებმა ჯარების რაოდენობის გაზრდით შეძლეს, რომ თავდაცვაში ღრიჭოები შეევსო. გადაჭიმულ ფრონტზე მას ჰქონდა ღიად დარჩენილი ადგილები, რომელსაც უკრაინა კარგად იყენებდა. ახლა ეს დაპირისპირება კიდევ უფრო პოზიციურ სახეს მიიღებს. მესმის უკრაინელები ცდილობენ ზამთრის დადგომამდე გარკვეული პოზიტივით გავიდნენ. თუმცა, ეს ყველაფერი რთულდება, რადგან ყველაფერი მაინც დასავლეთის მხადაჭერაზე იქნება დამოკიდებული“,-ამბობს კაპანაძე. 

გენერლის თქმით, რუსებმა ახლა უკრაინის თავდაცვაში სუსტი წერტილი იპოვეს, რაც  გამოიხატება იმაში, რომ თუკი წინა ხაზზე დანაყოფი მზად არის მსგავსი შეტევებისგან თავი დაიცვას, ქვეყნის სიღრმეში უკრაინა არ იყო მზად მსგავსი საფრთხის მოსაგერიებლად. ზუსტად ეს ნიშა გამოიყენეს რუსებმა.  

„უკრაინა ძალიან დიდი ქვეყნაა და ამხელა ტერიტორიების ეფექტიანად დაცვა, რა თქმა უნდა, ძალიან ჭირს. ამ დროს რუსეთისთვის კი ყველა ეს ობიექტი რბილი სამიზნეა. ამიტომ ამ შანსს იყენებს და ეს გასაკვირიც არ არის. მისი მიზანია, რომ მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფოს. 

„ამით კი უნდათ, რომ მოსახლეობამ უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახიდნოს, რათა პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან  ზელენსკი დაუჯდეს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის დასავლეთი უკრაინას ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად რამდენად სწრაფად დაეხმარება. ასევე აქ მნიშვნელოვანია ისრაელის პოზიცია, რადგანაც ირანული დრონების  წინააღმდეგ ბრძოლის ძალიან დიდი  გამოცდილება აქვთ. 

„ერთი, რომ ეს დრონები არ არიან მაღალტექნოლოგიების და მეორე ზუსტად მსგავსი ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენება. გუმბათი, რომელიც იერუსალიმს და სხვა დიდ ქალაქებს იცავს, სწორედ ამ ირანული დრონების გაუვნებელყოფას ახდენს. 

„ისრაელი უკრაინას დაპირდა, რომ ამ დრონების საწინააღმდეგოდ გადასცემს მოწყობილობებს, რომელიც უკრაინელებს გააფრთხილებს და დრონების აღმოჩენაში დაეხმარება. ასევე ნუ დაგვავიწყდება ის, რომ სირიაში ისრაელმა ამ დრონების წარმოების ქარხანას დაარტყა და გაანადგურა. ასევეб ნუ დაგვავიწყდება ირანის და ისრაელის დამოკიდებულება. ამიტომაც, თუკი ირანი რუსეთისთვის დახმარებას გააგრძელებს, არ არის გამორიცხული ისრაელმა უკრაინის დახმარება გააძლიეროს“,-ამბობს გენერალი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×