თამთა ჩაჩანიძე
01.11.2022

უკრაინელები შეტევას ლუგანსკის რაიონში ავითარებენ - ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ათამდე დასახლებაა გათავისუფლებული. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბოლო პერიოდში ქალაქ ხერსონზე აქცენტირება უკრაინული სარდლობის მხრიდან მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა და მთავარი დარტყმაც სწორედ ლუგანსკის ოლქში მზადდება. პარალელურად კი ოკუპანტები მასიური სარაკეტო დარტყმებით ქვეყნის კრიტიტიკულ ინფრასტრუქტუირას ანადგურებენ, ყოველდღიურად იზრდება ისეთი დასახლებული პუნქტების რაოდენობა, სადაც მოსახლეობას წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ შემთხვევაში რუსები რაიმე ჩამოყალიბებული სტრატეგიის გარეშე მოქმედებენ. ისინი უბრალოდ ცილობენ მაქსიმალური პრობლემები შეუქმნან უკრაინელებს.

უკრაინელებს ფრონტის ხაზზე წინსვლა ლუგანსკის რაიონში აქვთ. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინელი დამცველები ყოველ კვირას გაზრდიან ამ მაჩვენებელს. გაიდაის თქმით, ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას ტერიტორიები ფრონტის ხაზზე ცხელ ზონებად რჩება.

რატომ გააკეთეს უკრაინელებმა აქცენტი ხერსონზე

როგორც სამხედრო ექეპერტტი ვახტანგ მსიაია „რეზონანსთან" აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ ეს უკრაინელების მხრიდან დამაბნეველი მანევრიც ყოფილიყო.

„სავსებით შესაძლებელია, რომ ხერსონზე აქცენტის გადატანა და ხშირი საუბრები უკრაინის დამაბნეველი მანევრიც ყოფილიყო. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ომი დინამიურად მიდის და უკრაინას თავისი მიდგომები აქვს.

„ლუგანსკის ოლქში უკრაინელებმა ერთ-ერთი გზატკეცილი დაიკავეს, რომელიც ქალაქ სვატოვოს მიმართუილებით მიდის. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ ოკუპირებული ლუგანსკის მიმართულებით პლაცდარმი გააფართოვონ და როგორც ჩანს, ამ პლაცდარმიდან ისინი შეტევას განახორციელებენ უკვე ოლქის შიდა ტერიტორიაზე.

„ხერსონში ისეთი არაფერი ხდება. ამინდის თუ რიგი მიზეზების გამო შეტევა შენელებულია. თუმცა პოზიციური ბრძოლები მაინც მიდის. უკრაინელები ახალ ძალთა მობილიზაციას ახორციელებენ, რომ ხერსონის მიმართულებითაც შეტევა განაახლონ. სავარაუდოდ, ხერსონიც უახლოეს მომავალში ცხელი წერტილი იქნება.

„სხვა აქტიური ლოკაცია ჯერჯერობით არაა. დონეცკში რუსები არიან შეტევაზე და ცდილობენ, რომ ბახმუტის მიმართულება გაარღვიონ", - განაცხადა მაისაიამ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ხერსონზე მთლიანი აქცენტის გადატანა კარგი აზრი არაა, რადგან მდინარე დნეპრის გადალახვა ორივე მხარისთვის ძნელია. უკრაინელებმა კი, მისი აზრით, ჯერ სხვა ტერიტორიები უნდა გაათვაისუფლონ და ბოლოს ხერსონი.

„ზუსტად ძნელი სათქმელია, მუდმივად ხერსონზე ლაპარაკი და აქცენტის გაკეთება მანევრი იყო თუ არა, ან ჩანაფიქრი რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინელებს ხერსონთან დნეპრის მეორე ნაპირზე გადასვლა უჭირთ. მხოლოდ ერთი ნაპირის გათავისუფლებით, რუსები მეორე ნაპირზე გამაგრდებიან და სამხრეთის მიმართულება ძალიან დიდხანს გაიწელება.

„ზოგადად, უკრაინელების მხრიდან მთლიანად ხერსონზე კონცენტრირებაც არაა კარგი აზრი. მდინარე დნეპრი დიდი დაბრკოლებაა, რომლის გადალახვაც თითქმის შეუძლებელია. ამიტომ უკრაინელები ამ მიმართულებაზე შეტევას ვერ გააგრძელებენ. უკრაინელები მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმს არ შექმნიან. რუსებისთვის კი ხერსონი წამგებიანია, ძალიან შორია და ბრძოლის წარმოება და მომარაგება ძალიან რთულია. უკრაინელების ადგილზე რომ ვიყო, გავათავისუფლებდი ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს და მერე ბოლოს ხერსონს.

„ეს ბრძოლები რუსეთის დაღლა-გამოფიტვაზეა. უკრაინელები წინ ფაქტიურად იმის ხარჯზე მიდიან, რომ რუსებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის ადგილი დაიცვან. ამ ომში ელვისებურ შეტევებს არ უნდა ველოდოთ, ამიტომ დიდხანს გაგრძელდება", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

რატომ ურტყამენ მასირებულად რუსები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას

„რუსებმა კარგა ხანია უკვე ეს ტაქტიკა შემოიღეს - სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ, განსაკუთრებით ენეგრო ობიექტებს. მთელი ყურადღება იმაზე აქვთ გადატანილი, რომ ეს ზამთარი უკრაინელი დამცველებისთვის რაც შეიძლება ცივი და რთული იყოს.

„რუსების მოქმედებებში რაიმე სტრატეგია არ იგრძნობა. ისინი უბრალოდ ცდილობენ, რომ უკრაინელები გაამწარონ, ან ამ განზრახვაზე ხელი ააღებინონ. ჩემი აზრით, უკრანელების ამ განზრახვაზე ხელის აღების შესაძლებლობა უკვე აღარ აქვთ, თავიანთი ტერიტორიები ბოლომდე უნდა გაათავისუფლონ. ახლა კონფლიქტის ნებისმიერი გაყინვა-გაჩერება შემდეგ უფრო მძიმე კონფლიტს გამოიწვევს, ეს ჩვენს გამოცდილებით ვნახეთ", - განაცხადა პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ რუსები უკრაინულ მედია ობიექტებსაც ურტყამენ.

„კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა ერთგავარად რუსების ასიმეტრიული მეთოდია, რომ მათი მწობრიდან გამოყვანით მოსახლეობაზე ზეწოლა მოახდინონ და როგორმე კაპიტულაციის ვარიანტი მიიღონ.

„ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ტელევიზიის სადგურიც დაიბომბა და როგორც შემატყობინეს, ლვოვი საკმაოდ ცხელი წერტილია, ქალაქი დილიდან იბომბებოდა. უკრაინელ ჟურნალისტებს ჩემი პირდაპირი ჩართვა უნდოდათ და ვერ მოახერხეს, რადგან დაბომბვების ქვეშ არიან და გამოსვლას ვერ ახერხებენ.

„უკრაინელი ხალხი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი, თუმცა ზელენსკის საკმაოდ კარგად აქვს მოწყობილი ის, რომ ომის პარალელურად კომუნალურმა სამსახურებმა ეფექტურად იმუშავონ. ცდილობენ, რომ დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა მალე მოხდეს. თუმცა იერიშები იმდენად ინტენსაიურია, რომ ძნელია შესაბამისი სამსახურები ამას დაეწიოს, პუტინის მიზანია, რომ უკრაინელი ხალხი სიცივეში დატოვოს", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×