ელზა პაპოშვილი
01.11.2022

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციაში გადაჯგუფება და საარჩევნო ბრძოლის სხვადასხვა ფრომატებზე მუშაობა უკვე დაიწყო. სამშაბათს სამმა პარტიამ გააჟღერა ინიციატივა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანი პროპორციული სიით გავიდეს არჩევნებზე. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს არის შედარებით წვრილი პარტიების ერთგვარი მცდელობა, რომ მსხვილი პარტიის ხარჯზე მოხვდნენ პარლამენტში. ერთიანი სიით მმართველი პარტიის დამარცხება კი, მათი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა.

ერთიანი სიის იდეა „სტრატეგია აღმაშენებელს", „გირჩი - მეტი თავისუფლებასა“ და „დროას“ ეკუთვნით. მათ სურთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია გავიდეს ერთიანი პროპორციული სიით და ამ სიაში რიგითობა განისაზღვროს შიდა პრაიმერისით. 

ეს იდეა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე დაიწუნა, რადგან  პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მაინც ვერ დაამარცხებენ და პირიქით, პატარა პარტიები დაზარალდებიან, რადგან პრაიმერსის ჩატარების შემთხვევაში სიას პრაქტიკულად მთლიანად ენმ შეავსებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომლის აზრითაც პრაიმერსი ოპოზიციას ჩიხში შეიყვანს.

ეს მოსაზრება თავის მხრივ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრაიმერსზე უარის თქმა კულუარულ გარიგებებს ნიშნავს.

ანალიტიკოსებს ენმ-ს უარი ლოგიკურად მიაჩნიათ. მათი შეფასებით, ერთის მხრივ, „ნაცმოძრაობას“ აღარ სურს 2020 წლის მსგავსად „თავის ხარჯზე“ შეიყვანოს პარლამენტში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები. მეორეს მხრივ კი აცნობიერებენ, რომ ერთიანი სია ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იმუშავებს და ისევ მმართველი პარტიისკენ უბიძგებს იმ ამომრჩევლებს, რომლებისთვისაც მიუღებელია როგორ „ქართული ოცნება“, ისე „ცანიონალური მოძრაობა. ეს კი საკმაოდ დიდი ელექტორატია.

„ნაცების“ უარი და ვაშაძის უკმაყოფილება 

„ყველა, ვინც პრაიმერისის იდეას ეწინააღმდეგება, არის კულუარების მომხრე - მომხრე იმისა, ვიღაცა ვიღაცასთან წავიდეს, ჩააწყოს და ვიღაცასთან დალაგდეს. ჩვენ ეს არ გვინდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანი სია და პრაიმერსი პარტიების გარეთ წამოყენებული ინიციატივაა და არა მათი პარტიის შეთავაზება, რომელსაც ასევე დადებითად აფასებს „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის შეფასებით, პრაიმერისი ერთიანობის გარანტორი იქნება, რაც პროევროპულ ძალებს გამარჯვებას მოუტანს. მისივე თქმით, პირველი ნაბიჯები ასეთი გაერთიანებისკენ უკვე გადადგმულია. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით კი, თუ ოპოზიციურ პარტიებს შორის პრაიმერისი ჩატარდება, ყველა ნომინირებულ პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს. 

მისივე თქმით, მსგავსი გეგმის განხორციელება ჩიხში ოპოზიციას შეიყვანს და არა ხელისუფლებას. როგორც მელია ამბობს, ახლა დროა პარტიებმა კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ითანამშრომლონ.

ამასთან, მისივე თქმით, პრაიმერის ჩატარებით, „ივანიშვილის ოლიგარქიული წყვდიადი არ გაიფანტება“.

„რაც შეეხება კონკრეტულ პრაიმერისს, თუ კი დღეს ვინმეს აწყობს პრაიმერისი, თუ კი ვინმეს დღეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის” უცხო ნამდვილად არ არის, მერწმუნეთ, თავმდაბლობის გარეშე გეუბნებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, პრაქტიკულად ყველა ტიპის კონკურენციაში, ის გაიმარჯვებს მარტივი მიზეზების გამო და ახლა ამ მიზეზებს არ ჩამოვთვლი. მოემსახურება ეს საერთო მიზანს? ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული სვლა? - ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ივანიშვილის ოლიგარქიული წყვდიადი არ გაიფანტება“,-ამბობს მელია. 

შეძლებს თუ არა ოპოზიცია ერთიანი სიით „ოცნების“ დამარცხებას 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციას ერთიანი სია აბსოლუტურად არაფერს მისცემს, რადგან დღემდე ოპოზიციამ ვერ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების შედეგები გაანალიზება. მისივე შეფასებით, ოპოზიცია დღემდე ვერ ხვდება, რომ ოპოზიციურად განწყობილია ამომრჩეველთა 2/3 და მათი უმრავლესობისათვის „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ოცნებაც“ მიუღებელია. შესაბამისად, ერთიანი სიის არსებობის შემთხვევაში, ამომრჩევლების ეს კატეგორია გადაწყვეტილებას ისევ „ოცნების“ სასარგებლოდ მიიღებს.

„ერთიანი სია მომგებიანი „ოცნებისთვის“ უფროა, ვიდრე ოპოზიციისთვის. არ ვამბობ იმას, რომ ოპოზიცია გამოვიდეს და ჩემსავით ილაპარაკოს, უბრალოდ რეალური ანალიზი ხომ უნდა გააკეთონ. იქ ხომ არ უნდა ილაპარაკო, რომ ივანიშვილმა საქართველო იყიდა - არ უყიდია, რადგან, ოპოზიციური ამომრჩეველი 2/3-ია, რომელსაც ოპოზიცია ვერ ითვისებს. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაძლიერდება 2024 წლის არჩევნებისთვის. ახლა სრულიად პროპორციული არჩევნებია. 

„2020 წელს ჯამურად ოპოზიციამ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე „ოცნებამ“ პროპორციულში. თუმცა, იქ მოახერხეს და ყველა მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციამ წააგო. 

„თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2020 წელს დაბალი ბარიერი იყო. ახლა ბარიერი 5%-ია და მისი გადალახვა მხოლოდ „ნაცებს“ და „ოცნებას“ აქვს გარანტირებული. ამ ხსენებულ სამ პარტიას თამაში ამ ფორმით ახლავე წაგებული აქვთ. ასე თუ გააგრძელებენ, 2024 წლისთვისაც იგივე დღეში იქნებიან. ამიტომ ცდილობენ რაღაცა ახალი მოიფიქრონ. 

„თუ ამ რეალობას შევხედავთ, მაშინ ერთიანი სიები ზოგადად ოპოზიციისთვის  წამგებიანია, მაგრამ შესაძლოა  ვიღაც თვლიდეს, რომ პიროვნულად მისთვის მომგებიანია - ცნობადი სახე რომაა, პრაიმერსს  რომ ჩაატარებ, დიდი შანსი აქვს, რომ გამსვლელ სიაში მოხვდეს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, 2024 წლისთვის ბლოკებია აკრძალული, ამიტომ ერთიანი სიის ეს გეგმა  მოიფიქრეს. ძაბიარძე ამბობს, რომ თუ იქნება 3 ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც 5%-იანი ბარიერის გადალახვას შეძლებს, მაშინ მმართველ პარტიას ეს არჩევნები წაგებული აქვს. 

რაც შეეხება „ნაციონლურ მოძრაობას“ და მათ უარს, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ენმ-ისთვის  ეს შეთავაზება მიუღებელია, რადგან გვერდიდან ჩანს, რომ ერთიანი სია არის მცდელობა, რათა წვრილი პარტიები „ნაციონალების“ სიაში მოხვდნენ. 

„ენმ მიიჩნევს, რომ პატარა პარტიებს, რომელთაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, მათი დახმარებით სურთ პარლამენტში მოხვედრა, როგორც ეს 2020 წელს მოხდა. ეს ხალხი „ნაციონალების“ ხარჯზე შევიდა პარლამენტში, მაგრამ პარტიას მათმა ყოფნამ არანაირი დამატებით ხმები არ მოუტანა. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სულაც არ უნდა თავისი მანდატები ვინმეს კიდევ დაურიგოს. 

„ვფიქრობ ენმ-ში სიტუაციას სწორად აფასებენ, რადგან მეც ვფიქრობ, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება არავის არაფერს მისცემს, პირიქით, პატარა პარტიებს კიდევ უფრო დააზიანებს. უბრალოდ მათ სურვილი აქვთ, რომ დიდი პარტიის ხარჯზე ისევ მანდატები მოიპოვონ და როგორმე პარლამენტში შევიდნენ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩისა“ და „დროას“ ეს მცდელობა და აქტიურობა ღიმილის მომგვრელია, რადგან მათ ჯამურადაც კი არც ისე მაღალი რეიტინგი აქვთ და მათთან გაერთიანება არავის არაფერს მისცემს.

„წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო - ასეა ამ სამი პარტიის საქმე. გიორგი ვაშაძის მოწოდებები საზოგადოებაში უკვე ძალიან სახუმარო თემად იქცეა. არ შეიძლება, რომ ამ ურეიტინგო ადამიანებმა შექმნან რაღაც კოალიცია, ვიღაც შეიერთონ და ვიღაც - არა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ პრაგმატული გზავნილები მესმის, რომ მათ არ შეუერთდებიან. ენმ კარაგდ ხედავს, ვაშაძის ე.წ. გუნდის წარმომადგენლები როგორი წყალწაღებულები არიან. ამიტომაც, სერიოზულად ვერასოდეს ვერ აღვიქვამ, რომ ეს ადამიანები „მესამე ძალას“ წარმოადგენენ. 

„ამიტომ აქ ხელისუფლების დამარცხებაზე არავინ ფიქრობს, რადგან კარგად იციან ეს არ გამოუვათ. „ნაციონალებს“ კი მათი აკიდება არც არაფერში სჭირდებათ. სამ პარტიას ერთად აღებულს რომ არანაირი პოლიტიკური ღირებულება არ აქვს, მასთან გაერთიანება ვინმეს რატომ უნდა მოუნდეს?! ან რაღაცა პოლიტიკური დანიშნულება მათთან გაერთიანებას ხომ უნდა ჰქონდეს? ხელისუფლებას 2024 წელს ეს ხალხი ვერც  გაერთიანებული და  ვერც ცალ-ცალკე ვერ დაამარცხებენ. ხელისუფლებასთან შესაძლოა მოსახლეობას პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ ოპოზიციის საერთოდ მიუღებლობა აქვთ“, -ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×