თეონა ვეშაგური
02.11.2022

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული გადაჯგუფებები უკვე დაიწყო. წინასწარი შეფასებით კი ჯერჯერობით 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ ენმ-სა და „ოცნებას" აქვს.

„ლელო" გეგმავს, რომ ე.წ „მესამე ძალა" გახდეს. „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი" და „დროა" ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია"საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია კი ხანგრძლივი ჩრდილში ყოფნის შემდეგ მწვავე განცხადებებით გამოჩნდა და აშშ-ში სამუშაო შეხვედრაც გამართა. „ნაცმოძრაობა" არავისთან გაერთიანებას აღარ აპირებს.

„სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი" და „დროა" ერთიანი სიის საკითხზე საუბრობს, რომელიც ამომრჩევლის ნების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, კერძოდ, სიაში ადამიანების რიგითობა, შესაძლოა, პრაიმერის გზით განისაზღვროს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, სიის ფორმირების საკითხი განიხილება. ხოლო, მათი მთავარი ამოცანაა საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად გარშემო ადამიანები შემოიკრიბონ.

„პრაიმერის მექანიზმი იქნება, სანდო სოციოლოგია,თუ შიდა კენჭისყრა, ეს იქნება დემოკრატიულ მექანიზმზე აწყობილი. საუბარია ყველაზე დემოკრატიულ მექანიზმზე, რომ ევროპაში და ამერიკაში აპრობირებული მეთოდის შესაბამისად, ჩატარდეს შიდა არჩევნები მხარდამჭერებში და არჩევნებმა განსაზღვროს სიაში ადამიანების რიგითობა.

„ერთ-ერთ მეთოდად განვიხილავთ ამ მექანიზმს, მაგრამ სია არ არის პრიორიტეტი, ეს არის ბოლო საკითხი. სახელისუფლებო მედია აქტიურად მეკითხება ამაზე, რომ ხალხში გაჩნდეს განცდა, თითქოს, ჩვენ არ გვაინტერესებს ევროპაში ინტეგრაცია და მთავარი საკითხია სია. არ არის სიის განაწილების მექანიზმი ჩვენთვის პრიორიტეტი. მთავარი საკითხი არის გაერთიანება იდეების, პრინციპების და საერთო გადაწყვეტილებების გარშემო," - განაცხადა მანჯგალაძემ.

"ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამომრჩეველი ელოდება ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნება" და არც „ნაციონალური მოძრაობა" და საზოგადოებისთვის სწორედ ასეთი ალტერნატივის შესთავაზებას გეგმავს.

„ლელოს" დღის წესრიგია პარტიული გაძლიერება და მხარდამჭერების გაზრდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ალტერნატივას ელოდება დღეს დიდი რაოდენობით ჩვენი თანამოქალაქე, იმ ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა". „ლელო" გეგმავს, რომ მსგავსი ალტერნატივა შესთავაზოს ამომრჩეველს", - განაცხადა სამადაშვილმა.

თავის მხრივ, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარიამ შეხვედრები გამართა, როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის გამოწვევებს და საგარეო საფრთხეებს.

გახარიამ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა რამდენიმე მწვავე პოსტი, სადაც ოლიგარქიაზე იყო საუბარი, რამაც საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიქვია როგორც მმართველ გუნდში ისე მთელს პოლიტიკურ სპექტრში.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსს" ეუბნება, რომ მიუხედავად ბოლო დროს მიმდინარე პროცესებისა 2024 წლის არჩევნების პროგნოზი რთულია, რადგან საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მოვლენები კი შესაძლოა ყოველ წუთს შეიცვალოს.

„2024 წლამდე საკმაოდ დიდი დროა, ამიტომ ჯერ ძნელია იმის პროგნოზი იმ დროისთვის კონფიგურაცია როგორი იქნება. რაღაც პროცესი დაწყებულია, მთლად პროცესიც არა, უფრო რაღაც პროცესისმაგვარი. ჯერ კიდევ გასარკვევია პოლიტიკური სპექტრი საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება. ეს ყველაფერი მხოლოდ განცხადებების დონეზე ხდება, საჭიროა არა განცხადებები, არამედ რეალური მოქმედებები.

„უნდა დავიცადოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით 5%-ანი ბარიერის დაძლევის გარანტირებული შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას" და „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს". - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×