თამთა ჩაჩანიძე
02.11.2022

ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინისთვის ზამთარი რაც შეიძლება გაუსაძლისი იყოს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურებზე ავიაიერიშები ზუსტად ამის მანიშნებელია. ოფიციალური კიევი მოსახლეობას მოუწოდებს რთული ზამთრისთვის მოემაზდონ, თუმცა, აცხადებს, რომ რუსებს იმედი გაუცრუვდებათ, რადგან უკრაინა ამასაც გადალახავს.

როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, ზამთრის დადგომის წინ, უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში მხარეების ძალთა თანაფარდობა თითქმის თანაბარია, უკრაინელების მხარეს ხარისხობრივი და ტექნოლოგიური, ხოლო რუსებს რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ.

რაც შეეხება იმას, თუ დათბობამდე უშუალოდ ომში რა გამოწვევები იქნება, როგორც „რეზონანსთან" გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, შემტევი მხარისთვის გამოწვევა გარემო პირობები, რელიეფია. ღია ტერიტორიებზე გადაადგილება ძნელდება, ტყეებში ფოთოლი არაა, შესაბამისად, შენიღბვის პრობლემებია.

რაც შეხება დაცვის მხარეს, გენერალი ამბობს, რომ პრობლემა ლოჯისტიკური უზრუნველოყოფის შესაძლებლობებია. ასევე, მისი თქმით, ამინდის გაუარესება ორივე მხარისთვის იწვევს იმას, რომ ცუდი ხილვადობისა და ღრუბლიანობის გამო, საჰაერო თვალთვალი ძნელდება.

„უკრაინელები უნდა მოემზადონ რთული ზამთრისთვის"

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიდარწმუნებულია, რომ უკრაინა ზამთარს გადალახავს და რუსებს იმედი არ გაუმართლდებათ.მისი თქმით, რუსეთს უკრაინაზე მხოლოდ ერთი თავდასხმა 2 300 000 რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავლის ეკვივალენტი დაუჯდა.

"ბრძოლის ველზე ისინი უიმედოები არიან. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ეს უკვე დაადასტურეს, მაგრამ დრო, ძალისხმევა, მოთმინება სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ რუსი ტერორისტების ზამთრის იმედი არ გამართლდება. დარწმუნებული ვარ, ამასაც გადავლახავთ.

„მათ არ აინტერესებთ ენერგეტიკული ტერორის ფასი. მხოლოდ გუშინდელი თავდასხმის ღირებულებას თუ გადავხედავთ, რაკეტების და თვითმფრინავების გამოყენება რუსეთს, 2 300 000-ზე მეტი რუსული ხანდაზმულის საშუალო პენსიის ეკვივალენტი დაუჯდა და ეს არის ერთი შეტევა! 2 300 000 რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავალი.

„იმის ნაცვლად, რომ დაძლიონ სიღარიბე თავის ქვეყანაში, რუსეთის ხელმძღვანელობა ხარჯავს ყველაფერს, რათა არ აღიაროს ისტორიული შეცდომა, რომელიც დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომით", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსების ფსონი ზამთრისთვის ყველასთვის გასაგებია და ეს გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.

„ტერორისტების ფსონი ზამთრისთვის სრულიად გამჭვირვალეა ყველასთვის და ეს გამოწვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოწვევა მთელი ევროპისთვის. მოსკოვი ზამთრის ნებისმიერ სირთულეს თავის პროპაგანდაში წარმოაჩენს, როგორც ერთიანი ევროპის წარუმატებლობის მტკიცებულებას.

„ამიტომ, ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, რომ "მარცხი" არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ",- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინელებს მოუწოდა, რთული ზამთრისთვის მზადება დაიწყონ და საჭირო ნივთები ახლავე მოიმარაგონ.

„სახელმწიფო ემზადება და დამატებით აღჭურვილობას იძენს, უკრაინელები კი უნდა მოემზადონ რთული ზამთრისთვის და საჭირო ნივთების მარაგი ჰქონდეთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებს მოკავშირეებთან ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდების გაზრდაზე.

რას გეგმავენ რუსები

როგორც ჩანს რუსეთი ომის დასრულებას უახლოეს პერიოდში არ აპირებს - ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ და მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვებაა მსოფლიო კონფლიქტის აცილების გარანტია".

„მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს უბიძგებენ გლობალური ომისკენ. მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვება არის გარანტი მსოფლიო კონფლიქტის წინააღმდეგ.

მედვედევმა მოიყვანა დასავლური ქვეყნების თეზისი: „რუსეთს არ უნდა მივცეთ ომის მოგების საშუალება" და დაინტერესდა, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. „მიჰყევით მარტივ ფორმალურ ლოგიკას. თუ რუსეთი არ იმარჯვებს, მაშინ, როგორც ჩანს, უკრაინა იმარჯვებს. ომში უკრაინის მიზანი კიევის რეჟიმმა უკვე დაასახელა - ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც ადრე მას ეკუთვნოდა. ანუ მათი უარყოფა რუსეთის მხრიდან. ეს არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის და დღევანდელი რუსეთის დაშლა. ეს კი ნიშნავს პირდაპირ მიზეზს რუსეთის ფედერაციის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის გამოყენების შესახებ, ბირთვული შეკავების სფეროში.

„ნება მომეცით, გავიგო, მაშ, ვინ გეგმავს ბირთვულ კონფლიქტს? რა არის ეს, თუ არა მსოფლიო ომის პირდაპირი პროვოკაცია ბირთვული იარაღის გამოყენებით?" , - განაცხადა მედვედევმა.

ზამთრის გამოწვევები რუსეთ-უკრაინის ომში

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში უპირატესობა უკრაინის მხარეს არის ტექნოლოგიური და ხარისხობრივი, ხოლო რუსეთის მხარეს რაოდენობრივი.

„ზოგადად, ორივე მხარემ გარკვეულ თანაფარდობას მიაღწიეს. რაც შეეხება უშუალოდ შეიარაღებულ ძალებს, უკრაინელების მხარესააა ტექნოლოგიური და ხარისობრივი უპირატესობა, რუსეთის მხარეს კი რაოდენობრივი უპირატესობა.

„რუსები გარკვეულ ლოკალური მიმართულებებზე გარკვეულ შეტევებს ახორციელებენ, ძირითადად ეს მაინც ბახმუტი, ვუგლედარია. ხოლო უკრაინელები კი ისევ ცდილობენ ლუგასკის მიმართულებით წინ წაიწიონ, ხერსონის მიმართულებაზე ახლა უკრაინელების მხრიდან შეტევების ტემპი გარკვეულწილად შენელებულია, რუსები დაცვისათვის კაპიტალურად ემზადებიან, ბეტონის ბუნკერები და ტოტები უკვე ჩაიტანეს და ხაზს ამაგრებენ.

„ჩემი აზრით, სანამ ამინდები საშუალებას კიდევ იძლევა, ორივე მხარე შეეცდება, რომ გარკვეული პოზიციები კიდევ დაიკავონ, რათა ზამთრის კამპანიისთვის მოემზადონ.

„ორივე მხარე შეეცდება, რომ ზამთრის პერიოდი მოსამზადებლად რეზერვების დაგროვებისთვის გამოიყენოს და ჩემი აზრით ეს გაზაფხულისთვის პოზიციურ დაპირისპირებაში გადავა.

„შტაბებში არ ვზივარ და ვერ ვიტყვი ზუსტად რა არის ჩაფიქრებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ორივე მხარე გაზაფხულისთვის მოემზადება. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რაღაც ცალკეულ მიმართულებაზე მცირემასშტაბიანი შეტევები იყოს" -განაცხადა გენერალმა.

კითხვაზე, რა არის ზამთარში მთავარი გამოწვევები და რა სიძნელეებს ხვდებიან მხარეები, კაპანაძემ განაცხადა:

„ზოგადად შემტევი მხარისთვის გამოწვევა გარემო პირობები და რელიეფია, გადაადგილება ძნელდება. მითუმეტეს ისეთ ღია ტერიტორიაზე, როგორიც უკრაინაა, ასეთი ფარული გადაადგილება რთულდება, ტყეებში ფოთოლი არაა, შესაბამისად მასკირება-შენიღბვის პრობლემებია.

„რაც შეხება დაცვის მხარეს, პრობლემა ხდება ლოჯისტიკური უზრუნველოყოფის შესაძლებლობები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უფრო შემტევი მხარისთვისაა პრობლემატური, ვიდრე დაცვის მხარისთვის.

„ასევე ამინდების გაფუჭება იწვევს იმას, რომ ცუდი ხილვადობისა და ღრუბლიანობის გამო, საჰაერო თვალთვალი ძნელდება და ა. შ.", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×