„კოვიდ-19“ გაზაფხულზე დასრულებულად გამოცხადდება, თუმცა, ვირუსი არსად წავა და გვექნება პერიოდული აფეთქებები“
თეონა ვეშაგური
02.11.2022

„კოვიდ-19-ის" პანდემია დიდი ალბათობით გაზაფხულზე გამოცხადდება დასრულებულად - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ვირუსი არსად არ წავა და გვექნება პერიოდული აფეთქებები, ასევე, იქნება აუცილებელი ვაქცინაციაც, ისევე, როგორც გრიპის შემთხვევაში.

„ვიცით, რომ ბოლო, დაახლოებით, ერთი თვის დინამიკა არის მკვეთრად დადებითი, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ავტორიტეტული სამედიცინო ინსტიტუტებისგანაც აღინიშნა. მიმდინარე პროცესები იმაზე მიგვანიშნებს, რომ სულ მალე პანდემია დასრულებულად გამოცხადდება, ეს ოთხ თვეში მოხდება, თუ მეტი დრო დასჭირდება, არ ვიცით, მაგრამ, ჩემი პირადი მოსაზრებით „კოვიდ-19" გაზაფხულზე დასრულებულად გამოცხადდება.

„მიუხედავად ამისა, ვირუსი არსად არ წავა და გვექნება პერიოდული აფეთქებები. მეცნიერები კვლავ აქტიურად მუშაობენ ყველა შტამზე მორგებული ვაქცინის შესაქმნელად. ასე რომ, ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ისევე გვექნება, როგორც, მაგალითად, გრიპის საწინააღმდეგო" - განაცხადა გოგინავამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მიიჩნევს, რომ „კოვიდ"-19-ის პანდემია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სნნ" ავრცელებს.

„პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს „კოვიდ"-ის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ ამ მიმართულებით, თუმცა პანდემია დასრულდა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გასულ თვეში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში „კოვიდ"-19-ის პანდემიის დასასრულებლად, როგორც ახლა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებს მოუწოდა, გააგრძელონ ძალისხმევა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც ექვს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ჯერ იქ არ ვართ, თუმცა დასასრული ჩანს", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×