ელზა პაპოშვილი
02.11.2022

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება - რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას ამ დრომდე არ წყვეტს. ომის 252-ე დღეს ოკუპანტებმა 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით. რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს რეგიონის 6 დასახლებას. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ენერგოსისტემა.

ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული პოლტავას ოლქში. რუსული ჯარები უპილოტო საფრენი აპარატებით ქალაქ კრემენჩუკს დაესხნენ თავს. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. აფეთქებების ხმა ისმოდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნიპროშიც. ელექტროენერგია არ მიეწოდება უკრაინის 9 ოლქს. დაბომბვების შედეგად განადგურებულია ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%.    

ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს. ღამის განმავლობაში ქალაქის მისამართით, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 150 000 შეადგენს, 14 რაკეტა ისროლეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განადგურებულია მხოლოდ სამოქალაქო ობიექტები. მათ შორის 4 საცხოვრებელი კორპუსი, 3 მოსაცდელი, ბავშვთა გასართობი მოედანი. აგრესორის ღამის იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დრონებით შეუტიეს პოლტავის ოლქსაც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მეოთხე კი სამიზნეს მაინც მოხვდა. ძლიერი აფეთქების ხმა საოლქო ცენტრში გაისმა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

1 დაღუპულია ნიკოლაევში. შუა ხნის ქალმა რუსული იერიშის დროს თავშესაფარში ჩასვლა ვერ მოასწრო. განადგურებულია 2 საცხოვრებელი სახლი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ს-300 ტიპის რაკეტები გამოიყენეს.

თითქმის ერთკვირიანი კონტრშეტევა ლუჰანსკის ოლქში, უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. ოკუპანტებისგან 9 დასახლებაა გათავისუფლებული. ამ დროისთვის, ინტენსიური შეტაკებებია ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებით. ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 650 რუსი სამხედრო.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გამოცდის ჩაბარება, სავარაუდოდ კიდევ არაერთხელ მოუწევთ. "სი-ენ-ენ-ის" ინფორმაციით, ირანი რუსეთს დამატებით, 1000 ბალისტიკურ რაკეტას და უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს. ამის შესახებ ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიას დასავლური ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა უამბეს, რომლებიც ირანის შეიარაღებას მონიტორინგს უწევენ.   

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის დარწმუნებულია, უკრაინა ზამთარს გადალახავს და რუსებს, რომლებსაც ზამთრის იმედი აქვთ, იმედი არ გაუმართლდებათ.

"ბრძოლის ველზე ისინი უიმედოები არიან. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ეს უკვე დაადასტურეს, მაგრამ დრო, ძალისხმევა, მოთმინება სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ რუსი ტერორისტების ზამთრის იმედი არ გამართლდება. დარწმუნებული ვარ, ამასაც გადავლახავთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთს უკრაინაზე მხოლოდ ერთი თავდასხმა 2 300 000 რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავლის ეკვივალენტი დაუჯდა.

„მათ არ აინტერესებთ ენერგეტიკული ტერორის ფასი. მხოლოდ გუშინდელი თავდასხმის ღირებულებას თუ გადავხედავთ, რაკეტების და თვითმფრინავების გამოყენება რუსეთს, 2 300 000-ზე მეტი რუსული ხანდაზმულის საშუალო პენსიის ეკვივალენტი დაუჯდა და ეს არის ერთი შეტევა! 2 300 000 რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავალი. იმის ნაცვლად, რომ დაძლიონ სიღარიბე თავის ქვეყანაში, რუსეთის ხელმძღვანელობა ხარჯავს ყველაფერს, რათა არ აღიაროს ისტორიული შეცდომა, რომელიც დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსების ფსონი ზამთრისთვის ყველასთვის გასაგებია და ეს გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.

„ტერორისტების ფსონი ზამთრისთვის სრულიად გამჭვირვალეა ყველასთვის და ეს გამოწვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოწვევა მთელი ევროპისთვის. მოსკოვი ზამთრის ნებისმიერ სირთულეს თავის პროპაგანდაში წარმოაჩენს, როგორც ერთიანი ევროპის წარუმატებლობის მტკიცებულებას. ამიტომ, ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, რომ "მარცხი" არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.    

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლაშა ბერიძე აცახდებს, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია  ამ ეტაპზე რადიკაურად შეცვლილი არ არის. ბერიძე „რეზონანსთან“  მიიჩნევს, რომე ეს ომი გამოფიტვაზეა. ამიტომ რუსეთი ცდილობს, რომ ტაქტიკური მანევრირებით შეავსოს ის დანაკლისი, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით აკლია და აქამდე ვერაფრით მიაღწია. რეალურად რუსეთს არა აქვს ის შემადგენლობა, რომლითაც მას არა თუ ამ ომის მოგება, არამედ დაკავებული ტერიტორიები გააკონტროლოს.  

„ენერგოსადგურების განადგურება თუ სხვა ინფრასტრუქტურის დაზიანება, ეს რუსეთის ახალი ტაქტიკის ნაწილია, რათა მოსახლეობის დაშინება და დაშანტაჟება შეძლოს. სხვაგვარად მას გრძელვადიან შედეგს ვერ მოუტანს. 

„რა თქამ უნდა, სრულიად ვიზიარებ და ვეთანხმები იმას, რომ პუტინის რეჟიმი ომის შეჩერებას არ აპირებს და ყველა რესურსის გამოყენებას შეეცდება, რომ დროში გაწელოს.  რუსეთის ჯარში ძალიან აღრეულია ტაქტიკური, სტრატეგიული და პოლიტიკური  სიტუაცია. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დნიპროს მარჯვენა მხარე, ქალაქი ხერსონი დაეტოვებინათ და მარცხენა სანაპიროეზე გადმოსულიყვნენ. 

„ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება არსებობდა, მაგრამ გადაიფიქრეს. ეს მართალია დიდად არაფერს შეცლიდა, მაგრამ საოკუპაციო ძალებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა. რუსეთში პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ სამხედრო გადაწყვეტილება გადაძალა და დნიპროს მარჯვენა სანაპირო არ დატოვეს. 

„პირიქით, დანაყოფები შეიყვანეს და ბრძოლას აგრძელებენ. თუმცა, უკრაინისთვის ამ მიმართულებაზე ბრძოლის გაგრძელება უფრო მომგებიანია. უკრაინა რუსების სწრაფ დამარცხებაზე არ მუშაობს, აქ პრიორიტეტი რუსების გამოფიტვას ენიჭება. ამიტომ ხერსონი რუსებისთვის ყველაზე სუსტი წერტილია. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ამ მიმართულებაზე რუსული წინააღმდეგობა, გრძელვადიან პერსპექტივაში კარგია“,-აცახდებს ბერიძე.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×