თამთა ჩაჩანიძე
04.11.2022

ევროინტეგრაციის დაჩქარება, მშვიდობა კავკასიასა და რეგიონში, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები - ესენი იყო მთავარი თემები პრემიერ  ირაკლი ღარიბაშვილის საშემოდგომო ვიზიტების და უმაღლეს დონეზე პოლიტიკური შეხვედრებისა.  ანალიტიკოსთა შეფასებით, სტაბილურობა  და მშვიდობა გარანტიაა იმისა, რომ ქვეყანა მიმზიდველი გახდეს როგორც ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების, ისე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების პერსპექტივის თვალსაზრისით.

უახლოესი სამუშაო ვიზიტი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართა, პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის შეხვდა და სხვადასხვა სფეროში არსებული  ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონესაც, გამოითქვა  არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა. აქ მოლაპარაკების მთავარი თემა ამ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება და საქართველოში არაბული ინვესტიციების მოზიდვა იყო. აღინიშნა, რომ 2022 წლის 9 თვეში მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 84%-ით გაიზარდა და 190 მილიონი  დოლარი შეადგინა.

მანამდე უნგრეთში ოფიციალური ვიზიტისას ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა შეხვედრაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭება, ტერიტორიული მთლიანობა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს შავი ზღვის კავშირის გაძლიერებასა და რეგიონული უსაფრთხოების თემებზე.

24 ოქტომბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს ეწვია და  ღარიბაშვილს პირისპირ შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი. ასევე განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის გამყარება, ენერგორესურსების ექსპორტის ზრდა და სამმხრივი - საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის კონსულტაციების პერსპექტივა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენასამბლეაზე კი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, სადაც კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მანამდე, 8 სექტემბერს, სომხეთის პრემიერი თბილისს ეწვია.

20 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. საუბარი შეეხო ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია რეგიონის  სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის.

მანამდე ღარიბაშვილი ბერლინში ვიზიტისას გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერაზე მკაფიოდ და არაორაზროვნად ისაუბრა, რაც გარკვეულწილად მოულოდნელობა იყო, რადგან მანამდე გერმანია ამ მხრივ ერთგვარ სკეფსისს ავლენდა.

6 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერმა  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო  ყველაფერს აკეთებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მათ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ  სფეროებში ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზეც ისაუბრეს. შავ ზღვაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ევროკავშირის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ.

შედგა სხვა მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრებიც როგორც ცალკეულ პოლიტიკოსებთან, ისე ბიზნესის წარმომადგენლებთან.

კავკასიის უსაფრთხოება და შუამავლის ფუნქცია

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ მოვლენები ისე განვითარდა, კავკასიაში საქართველოს სამშვიდობო და შუამავლის როლი და აუცილებლობა გამოკვეთა.

„საქართველომ თავის თავზე აიღო სამშვიდობო პროცესის ინიციატორის როლი, რაც იმ კონცეფციაში ჯდება, რასაც „საქართველო - კავკასიის ცენტრი“ ჰქვია. ჩვენი პოლიტიკური ლიდერები საუბრობდნენ, რომ საქართველო ენერგეტიკული, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული ჰაბი უნდა ყოფილიყო და ზუსტად ჰუმანიტარული ჰაბის ნაწილია ეს სამშვიდობო პროცესი.

„კავკასიელებს გენეტიკური მეხსიერების დონეზე აქვთ, რომ რეგიონის ცენტრი საქართველოა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ თბილისის როლი. როგორც ჩანს, სიტყვებს საქმე მოჰყვა და გარემოებამ განპირობა, რომ ამ პროცესის წარმართვა საქართველოში გადაწყდა,“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი აზრით, შუამავლის როლი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ ვითარებაში საქართველოს აუცილებლობა გამოიკვეთა.

„როგორც კი ეს (საქართველოს შუამავლობა - რედ.) გაჟღერდა, მოსკოვმა იმ წუთში პროცესის დაწყება თავის ტერიტორიაზე მოინდომა და ორივე მხარე სოჭში მიიწვია, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო იყო,“ - აღნიშნა არეშიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ სტაბილური და მშვიდობიანი სამხრეთი კავკასია ყველას ინტერესშია და არაა გამორიცხული, რომ ისტორიული მომენტის მომსწრენი გავხდეთ -  სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთი-აზერბაიჯანმა თბილისში გააფორმონ.

„რუსეთზე სანქციების გამოცხადების შემდეგ ტრანსკასპიური დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა როგორც აღმოსავლეთის, ისე ევროპის არაერთი ქვეყნისთვის. ახლახან სოჭში პრეზიდენტი ალიევი და პრემიერი ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ უფრო დიდ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რათა საბოლოოდ მთიან ყარაბაღში მშვიდობამ დაისადგუროს. არ გამოვრიცხოთ და ფრთხილი მოლოდინი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი სამშვიდობო დოკუმენტი შეიძლება თბილისში გაფორმდეს. საქართველოს უნიკალური მშვიდობიანი პოზიცია, რასაკვირველია, მისაღებია ბაქოსთვის, ერევნისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც მშვიდობას ესწრაფვიან, გარდა ოკუპანტი რუსეთისა,“ - განაცხადა  აბაშიძემ „რეზონანსთან“.

ენერგოუსაფრთხოება და საქართველოს სატრანზიტო როლი 

როგორც ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ აღნიშნა, ევროპა დაინტერესებულია, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ენერგორესურსები მიიღოს.

„ევროპაც დაინტერესებულია, რომ ენერგიის ალტერნატიული რესურსები მიიღოს. საქართველოში ალიევის რამდენიმესაათიანი ვიზიტი შემთხვევითი არ იყო, რასაც ღარიბაშვილის ბუდაპეშტში ვიზიტი დაემთხვა. პრემიერმა ორბანმა თქვა, რომ მას საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ელექტროენერგიის მიღება უნდა, რაც, უწინარესად, ქვეყნის სტაბილურობისა და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობა წაახალისოს და ესეც ეკონომიკისთვის დიდი სტიმულია,“ - აღნიშნა მან.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე კი ამბობს, რომ დაინტერესება საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისადმი აქამდე შედარებით ნაკლები იყო, რადგან ციმბირული დერეფანი მუშაობდა, ახლა კი ბუნებრივად გაჩნდა მის მიმართ ინტერესი.

„დღეს, როდესაც საერთაშორისო სანქციების გამო ციმბირული დერეფანი, ფაქტობრივად, ჩაკეტილია, ერთიათად არის გაზრდილი ალტერნატიული მარშრუტებისადმი ყურადღება და ერთ-ერთი სწორედ შუა დერეფანია, სადაც საქართველო მთავარი გამტარია. საუბარია  არა მარტო ჩინურ ტვირთზე, არამედ პერსპექტივაში, შესაძლოა, ინდურ ტვირთზეც. პირველ რიგში კი, ბუნებრვია, რომ საუბარია ცენტრალურ აზიაზე - ყაზახეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

„მათი დაინტერესება არ არის შემთხვევითი. ბოლო სამიტზე, ამ ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ზუსტად ტრანსპორტირების, ენერგომატარებლების მიმართულება, რომელიც აზერბაიჯანის გავლით გადის საქართველოზე და თურქეთიდან შევა ევროპაში. ფაქტობრივად, ცენტრალური აზია ებმება დერეფანში, სადაც ერთ-ერთი განამაწილებელია თურქეთი, გამტარი კი - საქართველო. ეს არ არის პატარა ამბავი, ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია ენერგოდერეფნის პერსპექტივაც. შუა აზიის ქვეყნები დაინტერესებულნი არიან, საქართველოზე გამოატარონ მათი  ნავთობი და გაზი. ყაზახეთი და თურქმენეთი უკვე დგამენ ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს, რაც საქართველოსთვის დამატებითი პერსპექტივაა ინვესტიციების მოსაზიდად. ენერგოდერეფნის სრულფასოვნად გამოყენების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება,“ - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

ევროინტეგრაცია

„საქართველოს ევროინტეგრაციის თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და არც მოიხსნება, როგორც ამას „ოცნების“ რადიკალური ოპონენტები ამბობენ. პირიქით, ეს პროცესი უფრო ფორსირებული გახდა, რაც არა მხოლოდ ბუდაპეშტში ღარიბაშვილის ვიზიტისას გამოჩნდა, არამედ უფრო ადრე, როცა პრემიერი ბერლინში იმყოფებოდა,“ - ამბობს გია აბაშიძე.

„კანცლერ შოლცის ძალიან დამაიმედებელი განცხადებები გვახსოვს იმ ფონზე, როდესაც გერმანია ერთ-ერთ სკეპტიკოს ქვეყნად მიიჩნეოდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. ყველაფერი შეიცვალა, შესაძლებლობათა ფანჯარა უფრო მეტად გაიხსნა და ამას საქართველო ოსტატურად, დიპლომატიურად და პოლიტიკურად იყენებს. ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა არა მხოლოდ საქართველოს, თავად გაერთიანების ინტერესებშიცაა. არ დაგვავიწყდეს, რომ, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, საქართველო დაწინაურებულია როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ისე მთლიანად რეგიონში. ეს მოქმედი ხელისუფლების დიდი პლუსია, რომელმაც გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე შეძლო ორნიშნა რიცხვებით ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა,“ - გვითხრა აბაშიძემ.

მამუკა არეშიძე კი ამბობს, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებით საქართველოს როლი ევროპასა და რეგიონში კიდევ უფრო  გაიზრდება, დასავლეთიდან კი შესაბამისი რეაგირება იქნება.

„ამ ბოლო დროს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან გააქტიურდა. მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიკვეთა - ევროპის ენერგორესურსების მომარაგების საქმეში საქართველომ აქტიური მონაწილეობა დაიწყო. ამ ქაოტურ ვითარებაში ნებისმიერი აქტიური ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებითაა გადადგმული, დასავლეთისგან შესაბამის რეაგირებას აუცილებლად მიიღებს.

„ღარიბაშვილის ცენტრალურ აზიური ტურნეები, როგორც ჩანს, ბრიუსელთან შეთანხმებული და ერთობლივი პროექტი იყო. დასავლეთში ძალიან უნდათ, რომ ამ საქმეში იაფი ენერგიის მომწოდებელი რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იყოს ჩართული. ეს ფაქტია და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სწორი ინიციატივაა.

„პლუს თბილისმა ევროპას ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისითაც ძალიან კარგი წინადადება შესთავაზა, რომელიც საქართველოს მიერ ევროპისკენ შავ ზღვაზე ელექტროკაბელის გატარებას და დენით რუმინეთისა და უნგრეთის მომარაგებას გულისხმობს. ორბანი ტრიბუნაზე გახარებული მაგიტომაც იდგა და თან ევროკავშირს კიცხავდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმიცემის გამო. რამდენადაც ვხვდები, დიდწილად ეს ქართული ინიციატივაა.

„ორბანთან შეხვედრის მერე მთავრობის სხდომა გაიმართა და იდეის პრეზენტაცია მოხდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ენერგოსიმძლავრეების შექმნას ითვალისწინებს, 1500 მეგავატი გამოიმუშაოს. თან არ იგულისხმებოდა, რომ აქცენტი მაინცდამაინც დიდ ჰესებზე იყო. სხვადასხვა ტიპის წყაროები იგულისხმებოდა, მათ შორის მწვანე ენერგიის განვითარება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ექსპორტზე ძალიან სერიოზული განაცხადი გავაკეთოთ, მით უმეტეს, თუ ამ პროექტის რეალიზაცია ჩვენს ხელში იქნება.

„საქართველოს სატრანზიტო როლი თუ გაიზრდება და ევროპა ამის გაკეთებას უკვე ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და აზერბაიჯანისგანაც დაჟინებით მოითხოვს, მაშინ საქართველოს მნიშვნელობა გაიზრდება. ამ ნაბიჯებით ხელისუფლებამ ევროპის წამყვანი ქვეყნები დაარწმუნა, რომ სტაბილური საქართველო და სამხრეთი კავკასია სჯობს რუსეთთან დაპირისპირების ახალ კერას,“ - განაცხადა არეშიძემ.

ეკონომიკური ზრდა და უცხოური ინვესტიციები

„პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოქტომბერში ბუდაპეშტში ვიზიტისას აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დროს ქვეყნები რთული გამოწვევების წინაშე დგანან, ამ ფონზე კი საქართველოს ორნიშნა (10.2%) ეკონომიკური ზრდა აქვს. მისი ცნობით: „საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს.“

ეკონომიკური კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ღარიბაშვილის შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან, სადაც განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიმდინარე ორმხრივი და სამომავლო თანამშრომლობის, ასევე ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები.

არაბეთის ქვეყნები ინვესტირებისა და ფულის დაბანდებისთვის ახალ-ახალ ბაზრებს ეძებენ და წლებია, მათთვის საკმაოდ მიმზიდველი და სტაბილური ქვეყანაა საქართველო. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ საამიროებს, არამედ სპარსეთის ყურის რიგ ქვეყნებსაც უჩნდებათ იდეა, რომ კაპიტალი აქ დააბანდონ," ამბობს აბაშიძე.

„ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ინდოელი მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები ხშირად სტუმრობენ, რომლებიც ასევე ინვესტიციებით არიან დაინტერესებული. ინდოეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, სადაც ძალიან ბევრი მილიარდერია, ისინი სტაბილურ და სანდო საგარეო ბაზრებს ეძებენ, ბუნებრივია, საქართველო ასეთი ქვეყანაა და სხვადასხვა ინვესტიციას უნდა ველოდოთ. ჩვენს ქვეყანას უნიკალური შესაძლებლობები ეძლევა, მთავარია, სტაბილურობა და მშვიდობა იყოს, რასაც არაერთი მსხვილი ინვესტორი მოჰყვება, რომლებიც ეკონომიკაში ფულს დააბანდებენ, რაც ხალხის კეთიდღეობაზეც აისახება,“ - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან“.

აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ არაბულ ინვესტიციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯები ძალიან კარგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათი ზრდის უფრო დიდი პოტენციალია.

„კაპიტალდაბანდება შეიძლება მრავალმხრივი იყოს - ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის მიმართულებით. ასე რომ, ინვესტიციები, რისი შესაძლებლობა მათ ნამდვილად აქვთ, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში იქნება გამოყენებული და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია.

ბუნებრივია, ისინი ბევრი მიმართულებით არიან დაინტერესებულნი. ინვესტიციებთან ერთად, შეგვიძლია, ვიფიქროთ მათგან ენერგეტიკული რესურსების გამოყენებაზე, მათ ამის საშუალება ნამდვილად აქვთ. სხვა დანარჩენი უკვე ურთიერთობის გაღრმავებას მოჰყვება, რაც საქართველოსთვის ძალიან კარგი და მისაღებია. პრემიერის ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა განმტკიცდეს,“ - ამბობს ავთო სილაგაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×