თეონა ვეშაგური
04.11.2022

აქამდეც იყო საქართველოში პრაიმერიზის შემოტანის მცდელობა, მაგრამ შედეგიანი არ აღმოჩნდა, ახლა მითუმეტეს არ იქნება - ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გაჩენილ იდეაზე.

„იმიტომ არ იქნება, რადგან საზოგადოება და პარტიები ოფიციალურად ჩატარებულ არჩევნებსაც კი არ ენდობიან. ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ ხალხმა პრაიმერიზს ნდობა გამოუცხადოს და ვერსია არ გაჩნდეს, რომ რომელიმე ჯგუფმა უკანონო ქმედებებს მიმართა.

„ამასთან, მე ვეთანხმები „ნაცმოძრაობაში" გაჟღერებულ განცხადებებს, რომ ისინი გავლენ პირველ ადგილას. ეს პარტია მაინც სააკაშვილის სახელთანაა დაკავშირებული და ვისაც მის მიმართ კიდევ შემორჩა სიმპატიები, ყველა „ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერს მხარს," -განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა" განაცხადა, საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაიშალოს, თავისი ნომერი წაშალოს და შეიქმნას ერთი პარტია, მერე კი რაღაცნაირად მოხდეს საპარლამენტო სიის არჩევა პრაიმერიზებით და ლიდერები გამოიკვეთოს, რაც მისთვის გაუგებარია, თუ ვის სჭირდება ეს.

„ერთიანობის მნიშვნელობა საქმით უნდა დაამტკიცოს ოპოზიციამ. მე არ მესმის მხოლოდ სადღეგრძელოები და პოპულისტური განცხადებები. იმიტომ, რომ ამით დაიღალნენ ჩვენი მოქალაქეები. ისინი უბრალოდ, დაიღალნენ ამ ელიტისტურ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრით. მათ ძალიან ბევრი სხვა პრობლემა აქვთ. მეორე, მაგალითად, პრაიმერიზის ჩატარება სხვადასხვა პარტიით როგორ უნდა მოხერხდეს ერთ პარტიაში, მე უბრალოდ, არ მესმის. იმიტომ, რომ მაგალითად, ჩვენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ პრაიმერიზი ჩავატაროთ ყველასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი ამომრჩეველი გაიმარჯვებს, ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ და აქ სად დარჩება სხვა ლიდერების ადგილი, უბრალოდ არ ვიცი. მესამე, 2024-ზე ვსაუბრობთ თუ რაზე? ჩვენ ვთქვით, რომ ვადამდელ არჩევნებს უნდა მივაღწიოთ და ამაზე იყო სკეპტიციზმი", - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, პატარა პარტიების მიერ საკუთარი იდენტობის გამოკვეთა გაცილებით უფრო ძლიერად იქნებოდა წარმატების ფორმულა.

„კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განაცხადებით, დასავლური პარტიების გაერთიანების მომხრეა, თუმცა არ მოსწონს პრაიმერიზის იდეა.

„დასავლური პარტიების გაერთიანების მომხრე ვარ, ოღონდ არა პრაიმერიზით. ერთიან საარჩევნო სიაზე არაა თანახმა არც „ნაციონალური მოძრაობა". თავის სიმართლე „ნაცმოძრაობასაც" აქვს, რადგან მუდმივად პატარა პარტიებმა მოსთხოვონ, მოდი, შენი ელექტორატი გამოგვაყენებინე, მიშა არ ვახსენოთო, ასე არ ხდება ურთიერთობა. ხალხს არანაირი პრაიმერიზი არ აინტერესებს. ხალხს აინტერესებს 12 პუნქტის, დასავლური ღირებულებების გამო გაერთიანება და ეს დაამტკიცეს, როდესაც 160 000 კაცი გამოვიდა ქუჩაში. ვინ რა თანამდებობებზე იქნება, ჩრდილოვანი კაბინეტი ერქმევა, თუ ჩრდილოეთის კაბინეტი, მოგვადგა უკვე რუსეთის სახით და რა დროს ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი, ეს ხალხს არ აინტერესებს. ამიტომ, ვთვლი რომ ძალიან უდროო იყო პრაიმერიზზე საუბარი. მივესალმები, რომ დასავლური ვექტორი გაერთიანდეს, მაგრამ პრაიმერიზით არა, დიდი სისულელე და პოლიტიკური ამბიციები მგონია", - განაცხადა ჩარკვიანმა.

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ნაცმოძრაობა" შიგნიდან იშლება და ახლა წავიდა რადიკალურ ოპოზიციაში ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად.

„ნაცმოძრაობა შიგნიდან როგორ იშლება და ჭამენ ერთმანეთს, ამას ვხედავთ. ახლა წავიდა რადიკალურ ოპოზიციაში ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად. ეს რას ნიშნავს - ნაცმოძრაობა იმიტომ არ ეთანხმება, რომ შეიძლება ვიღაცამ, მაგალითად ვაშაძემ, არ გაუჭირდება, აჯობოს რადიკალიზმში, უფრო ცუდ სიტყვას არ გამოვიყენებ. შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოს დაზიანების მცდელობის ხარისხში ასევე აჯობონ. ამიტომ არ აწყობს ნაცმოძრაობას, იმიტომ რომ მათზე უარესებიც კი, თვითონ ასე მიაჩნიათ, შეიძლება აღმოჩნდნენ და რადიკალური ფრთის ნიშა უფრო დაიკაონ. მეორე მხრივ, რადიკალური ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი, გარდა ნაცმოძრაობისა ცდილობს, რომ მათი კანდიდატი ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შეატყუოს და ახლა ამ ნიშის დაკავებაზე მიდის ბრძოლა.

„რეალურად, მათი ნიშა არის ქვეყნის და სახელმწიფოს დაზიანება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ჩვენ გავდივართ გადაჭარბების გარეშე ბეწვის ხიდზე, ამ დროს სახელმწიფოს იმგვარად ჯანჯღარი, რასაც ისინი კადრულობენ, არის არა რომელიმე გუნდისთვის და პარტიისთვის, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი, თუმცა, სამწუხაროდ ისინი ამას არ უფრთხილდებიან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×